ჩეხეთის საჩოგბურთო ნაკრებმა ზედიზედ მოიგო დევისის თასი. ეს მას შემდეგ გაცხადდა, რაც ბელგრადში მიმდინარე ფინალური მატჩის დასკვნით შეხვედრაში რადეკ შტეპანეკმა სერბ დუშან ლაიოვიჩს 6:3, 6:1, 6:1 მოუგო და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 3:2 მოქმედი ჩემპიონის, ჩეხეთის სასარგებლოდ.
შეგახსენებთ, შარშანდელ ფინალში ჩეხებმა რაფა ნადალის გარეშე მოასპარეზე ესპანეთს სძლიეს, 1980 წელს დევისის თასს ჩეხთა და სლოვაკთა გაერთიანებული ნაკრები დაეუფლა, სერბებმა კი ეს მეტად პრესტიჟული სანაკრებო შეჯიბრება 2010 წელს მოიგეს.
დღის პირველ მატჩში ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტომაშ ბერდიხს 6:4, 7:6, 6:2 მოუგო და ანგარიში გააყაიმა. შეხვედრის დასრულების შემდეგ “ნოლემ” განაცხადა, ბერდიხის დამარცხება ჩემთვის არაფერს ნიშნავს, თუკი თასს ვერ მოვიგებთო. საბოლოოდ, ჩეხებმა იმარჯვეს და ძნელი წარმოსადგენია არაა, როგორ დასწყდა გული ჯოკოვიჩს – მან ხომ ერთეულთა თანრიგის ორივე შეხვედრა სეტისწაუგებლად მოიგო. ნოვაკმა ზედიზედ 24-ე მატჩი მოიგო - მას აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ შეხვედრა არ წაუგია.