ჩოგბურთი

11:54 | 6.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხეთი ნახევარფინალშია, ფედერერი გოლუბევს აქებს

 დევისის თასის მოქმედი ჩემპიონი ჩეხეთი წლევანდელი გათამაშების ნახევარფინალში გავიდა. რადეკ შტეპანეკისა და ლუკაშ როსოლისგან შემდგარმა ჩეხთა ნაკრებმა ერთეულთა და წყვილთა თანრიგში დაჩაგრეს კეი ნიშიკორის გარეშე მოთამაშე ამომავალი მზის ქვეყნის საჩოგბურთო წარმომადგენლები. ჩეხეთის სანახევარფინალე მეტოქეს გერმანელთა და ფრანგთა დაპირისპირება გამოავლენს. ჯერჯერობით წინ გერმანელები არიან - 2:1.

როჯერ ფედერერითა და სტანისლას ვავრინკათი დაკომპლექტებული შვეიცარიის ნაკრები წყვილთა მატჩის შემდეგ ყაზახეთთან 1:2 მარცხდება. ალეკსანდრ ნედოსედოვისა და ანდრეი გოლუბევის დუეტმა 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონების როჯერ ფედერერისა და სტანისლას ვავრინკას ტანდემს 4:6, 6:7, 6:4, 6:7 მოუგო.

“ჯერჯერობით გოლუბევი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა. მან მეტად კარგად ითამაშა როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა შეხვედრაში. ანდრეი საკუთარ თავში დარწმუნებით, მშვიდად ასპარეზობს. წყვილთა დაპირისპირების ბედი დიდწილად სწორედ მან გადაწყვიტა”, - განაცხადა ფედერერმა.

შეგახსენებთ, ერთეულთა მატჩში გოლუბევმა ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონ ვავრინკას სძლია.

0.115112