დევისის თასის მოქმედი მფლობელის, ჩეხეთის ნაკრების კაპიტანი იაროსლავ ნავრატილი თავის გუნდს ბელგრადში, სერბეთის ეროვნულ გუნდთან ფინალში სათამაშოდ ვერ გაჰყვება. ნავრატილი ფილტვის არტერიის ტრომბოემბოლიის დიაგნოზით ჰოსპიტალში მოხვდა და ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს.
სერბებისა და ჩეხების სადევისთასო ფინალი 15-17 ნოემბერს ჩატარდება და სტუმართა კაპიტანი ვლადიმირ შაფარიკი იქნება. შაფარიკი წარსულში მწვრთნელი გახლდათ, ამჟამად კი იმ კომპანიის ხელმძღვანელია, რომელიც დევისის თასზე ჩეხების ნაკრების გამოსვლას უზრუნველყოფს. 1992 წელს შაფარიკი ფედერაციის თასზე ჩეხთა ნაკრებს თავკაცობდა.
შეგახსენებთ, დევისის თასის ფინალში სერბების საჩოგბურთო ღირსებას ნოვაკ ჯოკოვიჩი, იანკო ტიპსარევიჩი, ილია ბოზოლიაცი და ნენად ზიმონიჩი დაიცავენ. ჩეხებმა კი არჩევანი ტომაშ ბერდიხზე, ლუკაშ როსოლზე, რადეკ შტეპანკსა და იან ჰაიეკზე გააკეთეს.