კალათბურთი

15:28 | 15.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხების მარცხი ავსტრიაში

ჩეხეთის საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული გუნდის უმთავრესი მეტოქე იქნება, მომავალი ბატალიებისთვის მზადების ციკლში პირველი მატჩი ჩაატარა და ავსტრიულ სენკტ პიოლტენში მასპინძლებთან 99:100 (17:22, 27:19, 26:25, 29:34) წააგო.

აღსანიშნავია, რომ ჩეხებს სამი წამყვანი კალათბურთელი (ტომაშ სატორანსკი, პაველ პუმპრლა, იან ვესელი) აკლდათ, თუმცა, მათი მწვრთნელი რონენ გინზბურგი კმაყოფილი მაინც ვერ დარჩებოდა, რადგანაც სტუმრები დაცვაში ძალიან სუსტად გამოიყურებოდნენ.

მართალია, ჩეხებმა მოხსნებში 34:27 იმარჯვეს და ერთბაშად 14 სამქულიანი ჩააგდეს, თუმცა, 28-ჯერ დაჯარიმდნენ და ვერც ავსტრიელთა გამოკვეთილი ლიდერი რაშიდ მაჰალბაშიჩი შეაჩერეს. ავსტრიელთა სლოვენიაში დაბადებულმა ცენტრმა 28 ქულის ჩაგდება მოახერხა. თავის მხრივ, ჩეხების რიგებში ყველაზე შედეგიანი “ნიმბურკის” ფორვარდი ლუკას პალიზა (21 ქულა) იყო.

ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ტურნირის დაწყებამდე ჩეხეთის ნაკრები კიდევ ექვს მატჩს ჩაატარებს. 18 და 19 ივლისს გინზბურგის ბიჭები პოლონეთში მასპინძელთა ეროვნულ გუნდს ორჯერ გაეჯიბრებიან, 23 და 24 ივლისს ჩეხები ისრაელის ტურნირზე ჯერ რუსებს, შემდეგ კი მასპინძლებს ეთამაშებიან, 2 და 3 აგვისტოს კი უკვე შინაურ ნიმბურკში ორ საკონტროლო თამაში ელით ჰოლანდიელებთან.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ევროპირველობის შესარჩევ ციკლში E ჯგუფის მატჩები 10 აგვისტოს სწორედ საქართველოს და ჩეხეთის თბილისური დაპირისპირებით გაიხსნება, საპასუხო შეხვედრა კი 20 აგვისტოს შედგება.

 

ავსტრია – ჩეხეთი 100:99 (22:17, 19:27, 25:26, 34:29)

ჩეხეთი: პალიზა (21 ქულა), ჰრუბანი (16), აუდა (15), ბარტონი (12), ველში (11), ჩიზი (7), ჩანი (6), სირინა (5), სვრდლიკი (4), ბალვინი (2).

0.131602