კალათბურთი

14:49 | 7.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხები შესარჩევ ციკლს დიდი დანაკლისით ხვდებიან

საბოლოოდ გაირკვა, რომე 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრების უმთავრესი მეტოქე ჩეხეთი მომავალ ტურნირს დიდი დანაკლისით ხვდება.

ჩეხების მთავარი მწვრთნელის რონენ გინზბურგის უმთავრესი საფიქრალი ნბა-ში ნათამაშები იან ვესელის არყოფნა იქნება. ამ უკანასკნელმა გასული სეზონი “ვაშინგტონ უიზარდსში” გაატარა, თუმცა, ახლა, ევროპაში დაბრუნება განიზრახა და ახალი კლუბის ძიებაში იყო, რის გამოც, ეროვნული გუნდის შეკრებაზე არ ყოფილა.

ვესელიმ სტამბულის “ფენერბაჰჩესთან” კონტრაქტი ამ დღეებში გააფორმა და ჩეხებს იმედი გაუჩნდათ, რომ იგი ნაკრების რიგებს შეუერთდებოდა, თუმცა... “თავიდანვე ასეთი შეთანხმება გვქონდა, რომ იანის საკითხი დღის წესრიგში მაშინ დადგებოდა, როდესაც ახალ გუნდს მოიძიებდა. მან სამშაბათს კონტრაქტი გააფორმა და მყის შევეხმიანეთ, თუმცა, ვესელის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ იგი ამჯერად ნაკრებს ვერ დაეხმარება, რის გამოც ბოდიშს იხდის”, - განაცხადა ჩეხეთის ეროვნული გუნდი მენეჯერმა მიხალ სობმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ ევრობასკეტზე ვესელი ჩეხების საუკეთესო კალათბურთელი გახლდათ და საშუალოდ 32.23 წუთში 17.0 ქულას და 11.2 მოხსნას აგროვებდა, საქართველოს ნაკრებთან მოგებულ შეხვედრაში კი ერთბაშად 27 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

ცხადია, რომ ამით ჩეხებს ფარქვეშ დიდი ძალა დააკლდებათ, ამას კი ისიც უნდა დავუმატოთ, რომ შესარჩევ ციკლში ვერ ითამაშებენ “ნიმბურკის” გამოცდილი მოთამაშეები – ცენტრი პეტრ ბენდა და მძიმე ფორვარდი პაველ ჰოუსკა. 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე მათაც ითამაშეს და ბენდა საშუალოდ 4.8 ქულას 3.0 მოხსნას აგროვებდა, ჰოუსკა კი – 2.6 ქულას და 3.0 მოხსნას.

გასაკვირი არ ყოფილა, რომ ამ ფონზე ჩეხებს “ფარის მოგება” სპარინგ-მატჩებშიც ძალიან გაუჭირდათ. იგივე არცთუ ძლიერ ჰოლანდიასთან შეხვედრაში, რომელიც მოსამზადებელ ციკლში გინზბურგის ბიჭებისთვის ბოლო გახლდათ, ჩეხეთი მოხსნებში მეტოქეს 32:44 (!) ჩამორჩა.

“შესარჩევ ციკლში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე დაგვაკლდება, თუმცა, ეს მათი გადაწყვეტილებაა. იმ კალათბურთელებს დავეყრდნობი, რომლებიც შეკრებაზე გამოცხადდნენ. მოსამზადებელ ციკლში არსებული კონტიგენტითაც კარგად ვითამაშეთ და ეს გარკვეულ იმედებს მისახავს”, - განაცხადა გინზბურგმა.

წამყვანი კალათბურთელების არყოფნაში გარკვეული პოზიტივის დანახვას ცდილობს გუნდის უმთავრესი ლიდერი ტომაშ სატორანსკიც, რომელიც მომავალ სეზონში ევროპული კალათბურთის ერთ-ერთ გრანდ “ბარსელონას” ღირსებას დაიცავს.

“ამ დანაკლისის ფონზე თავის გამოჩენის საშუალება იმ მოთამაშეებს მიეცემათ, რომლებიც აქამდე ჩრდილში იყვნენ. მაგალითად, ონდრეი ბალვინს მოვიყვანდი. მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ჩეხურ კალათბურთს სჭირდებიან. იგივე ვესელის პატრიკ აუდა ჩაანაცვლებს, რომელიც კარგა ხანი აშშ-ს სტუდენტურ ლიგაში თამაშობდა და მას ჩეხი ქომაგი არცთუ კარგად იცნობს”.

თითქოს აღნიშნული არ ეყოფოდაო, ბოლო დღეებში ჩეხებმა კიდევ ერთი დანაკლისი განიცადეს. საქმე ეხება იამაიკაში დაბადებულ კორი მაირჰედს, რომლისთვისაც ჩეხეთის კალათბურთის ფედერაცია პასპორტის მიცემას ცდილობდა, თუმცა, ვადებში ვერ ჩაეტია. არადა, მოსამზადებელ შეხვედრებში მაირჰედი აქტიური მონაწილეობას იღებდა და ცუდად ნამდვილად არ გამოიყურებოდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს 10 აგვისტოს სწორედ ჩეხებთან მატჩით გახსნის, საპასუხო შეხვედრა კი ნიმბურკში 20 აგვისტოს შედგება.

0.13417