კალათბურთი

12:42 | 20.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხები სატორანსკის მალავენ, ქართველები – ემზადებიან

ჩეხეთის საკალათბურთო ნაკრების ლიდერმა – ტომაშ სატორანსკიმ უნგრეთთან წინა ტურის მატჩი გამოტოვა და მისმა გუნდმაც ბეწვის ხიდზე გაიარა – მასპინძლებმა მხოლოდ 3 ქულით სძლიეს უნგრელებს.

ჩეხების მთავარი მწვრთნელი რონენ გინცბურგი იმედოვნებს, რომ სატორანსკი გუნდს დღეს, საქართველოსთან მატჩში დაეხმარება.

რატომ არ ითამაშა სატორანსკიმ? უნგრეთთან მატჩის წინა ღამეს მას რაღაც შეემთხვა და ხელზე ნაკერები დაადეს. ეს არ იყო ჩვეულებრივი ტრავმა, რომელსაც მოთამაშე ვარჯიშზე, ან თამაშისას ღებულობს. სატორანსკის გაჭრილი ჰქონდა ხელი (იდაყვთან ახლოს) და 2 ნაკერის დადება დასჭირდა.

რა შეემთხვა სატორანსკის, ჩეხები ამას არ ახმაურებენ. შესაძლოა, რეალობა ბევრმა არც იცის – ტომაშმა უნგრეთთან მატჩის წინა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა და დარბაზიც უვნებელმა დატოვა, თუმცა მეორე დღეს მას ხელზე ნაკერები ჰქონდა.

გუშინ “ბარსელონას“ ჩეხმა უკანახაზელმა ივარჯიშა, რონენ გინცბურგი კი იმედოვნებს, რომ ის მოედანზე გასვლას შეძლებს. ქართველთა ნაკრების სერბ მწვრთნელს ვინძლო უნდოდეს კიდეც, რომ სატორანსკიმ ითამაშოს. ქართველებმა ჩეხი ვარსკვლავის გაჩერება თბილისში შეძლეს (სატორანსკიმ მხოლოდ 2 ქულა დააგროვა) და მზად არიან, ის ნიმბურკშიც გაანეიტრალონ.

ქართველების გუშინდელი, გენერალური ვარჯიში სწორედ ტაქტიკას, კონკრეტული მოთამაშეებისგან ინდივიდუალურ და გუნდურ დაცვას დაეთმო. იგორ კოკოშკოვმა გუნდი თითქმის 2 საათი, ყველა იმკომპონენტში ავარჯიშა, რაც ჩეხეთთან მატჩში გამოადგებათ და მათი ზუსტად შესრულების შემთხვევაში წარმატებაც მოვა.

ჩეხეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ რონენ გინცბურგს ვარჯიშის შემდეგ კომენტარი ვთხოვეთ: “ტომაშ სატორანსკიმ დღეს ივარჯიშა და იმედი გვაქვს, ის ხვალ უკეთესად იქნება. მისი საკითხი თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გადაწყდება. რაც შეეხება თამაშს, იგი ძალიან რთული იქნება. ჩვენს ჯგუფში ყველა მატჩი რთულია, თუმცა ამ მატჩს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. გამარჯვებული ძალიან მიუახლოვდება ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას“.

აქვე საქართველოს ნაკრების წევრ ბესო ლეჟავას კომენტარიც: “სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, დღევანდელი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩეხებთან გამარჯვებით ხომ, ფაქტობრივად, ჯგუფიდან გასვლას გავინაღდებთ. ამდენად, ყველაფერს ვეცდებით, რომ დღევანდელი თამაში ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ”.

www.gbf.ge

0.179375