2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა მეტოქე ჩეხეთმა მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ამჯერად, მარცხი განიცადა. შეგახსენებთ, რომ ლიტვაში “ოთხთა ტურნირზე” მოთამაშე ჩეხებმა საწყის მატჩში მოულოდნელად რუსებს მოუგეს (74:72), მეორე შეხვედრაში კი ფინელებთან წაიფორხილეს – 89:98 (16:31, 30:25, 20:19, 23:23).
პაველ ბუდინსკის შეგირდებმა რუსეთთან მატჩის მსგავსად სუსტად დაიწყეს და მეტოქეს ისევ დიდი სხვაობით ჩამორჩნენ. შეგახსენებთ, რომ რუსებთან ჩეხებმა პირველი ტაიმი 10 ქულის სხვაობით დათმეს, თუმცა, შემდეგ ჩამორჩენის აღმოფხვრა მოახერხეს, ამჯერად კი, იგივე არ გამოუვიდათ.
ჩეხეთის ნაკრები საწყისი მეოთხედის შემდეგ ფინელებს უკვე 15 ქულის სხვაობით ჩამორჩებოდა და მართალია, მე-2 ათწუთელის მიწურულს სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა (43:45), დარჩენილ დროში უფრო ყოჩაღად ისევ ფინელები გამოიყურებოდნენ.
ბუდინსკის შეგირდთაგან საუკეთესო პუმპრლა გახლდათ 19 ქულით, იელინეკმა 14 ქულა ჩააგდო, ხოლო სატორანსკიმ – 11. “ძველმა გვარდიამ” ულიდერა ფინელებს: კოპონენის აქტივში 23 ქულა გახლდათ, მოტოლამ 17 ქულა მიითვალა, ხოლო რანიკომ – 10.
ტურნირის დასკვნით შეხვედრაში ჩეხები მასპინძელ ლიტვას გაეჯიბრებიან, რომლებსაც ორივე გასული მატჩი მოგებული აქვთ. ბალტიისპირელებმა ფინეთს დიდ ბრძოლაში სძლიეს (78:76), აი, რუსები კი აღარ დაინდეს და გასული ევრობასკეტის ბრინჯაოს პრიზიორი სამარცხვინო ანგარიშით – 82:51 დაამარცხეს.
გუშინ გამართულ კიდევ ერთ საკონტროლო მატჩში, იტალიის ნაკრებმა მარცხიანი სერია შეწყვიტა და სლოვენიის ქალაქ კოპერში ჩერნოგორიას 89:73 მოუგო.
ჩეხეთი – ფინეთი 89:98 (16:31, 30:25, 20:19, 23:23)
ჩეხეთი: პუმპრლა (19), იელინეკი (14), სატორანსკი (11), ბარტონი (9), ვესელი (9), ველში (8), ჰრუბანი (5), ი.ჰოუსკა (5), პ.ჰოუსკა (5), ბალვინი (4), სვრდლიკი.
მწვრთნელი: პაველ ბუდინსკი.