სტატიები

17:16 | 3.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის უდიდესი სენსაციები: თბილისის "დინამო" 1979

საინტერესო სტატია გამოაქვეყნა ფიფას ოფიციალურმა საიტმა, სადაც მოთხრობილია ჩემპიონთა თასზე მომხდარ უდიდეს სენსაციებზე. მასში თბილისის "დინამო"-"ლივერპულის" დაუვიწყარი მატჩიცაა შეტანილი. "დინამომ" მაშინ პირველად ითამაშა ჩემპიონთა თასზე და პირველივე რაუნდში გათამაშების უმთავრესი ფავორიტი გამოთიშა... მანამდეც იყო დიდი გამარჯვება, მაგალითად, ცხონებულმა დავით ყიფიანმა "ინტერის" კაპიტან ჯაჩინტო ფაკეტის რომ მოპარა ბურთი და გადამწყვეტი გოლი გაიტანა, თუმცა ეს არ იყო ჩემპიონთა თასზე...
ისტორიაში პირველი უდიდესი სენსაცია: 1958-1959 წლების სეზონში, პირველივე რაუნდში ტურინის "იუვენტუსმა" შინ 3:1 სძლია ავსტრიულ "ვინერს" (სამივე გოლი ბრწყინვალე ომარ სივორიმ გაიტანა) და თითქოს პრობლემა არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ პრობლემაო? სტუმრად 0:7 წააგო. პოკერი შეასრულა ავსტრიელმა იოზეფ ჰამერლმა.
1962-1963 წლების გათამაშებაში ბრიუსელის "ანდერლეხტმა" პირველივე რაუნდში გამოთიშა მადრიდის "რეალი", რომელსაც იმ დროს უკვე ხუთჯერ მოეპოვებინა ეს ტიტული. ალფრედო დი სტეფანოს, ფერენც პუშკაშის, ფრანსისკო ხენტოსა და სხვა ვარსკვლავებით გადაჭედილმა "სამეფო კლუბმა" შინ 3:3 ითამაშა და ბევრს ეს შემთხვევითობა ეგონა. ვარაუდობდნენ, რომ ბრიუსელში ყველაფერი ლოგიკურად დამთავრდებოდა, მაგრამ "ანდერლეხტმა" იოზეფ ჟურონის გოლით 1:0 გაიმარჯვა და შოკში ჩააგდო გუნდი, რომელიც მთელ ევროპას შიშის ზარს სცემდა.
1973-1974 წლების გათამაშებაში ამსტერდამის "აიაქსი" სოფიის ცსკა-სთან გავარდა. თანაც, რა "აიაქსი" - ზედიზედ სამჯერ რომ მოიპოვა ევროპის უპრესტიჟულესი თასი. ჰოლანდიაში მასპინძლებმა 1:0 იმარჯვეს, თუმცა სოფიაში თამაში 2:0 დასრულდა (დამატებით დროში). 116-ე წუთზე სტეფან მიხაილოვმა გადამწყვეტი გოლი შეაგდო.
იოჰან კრუიფი უკვე გადასული იყო "ბარსელონაში", თუმცა "აიაქსს" ჰყავდა იოჰან ნეესკენსი, ჯონი რეპი, რუდ კროლი და სხვები... ასე შეწყდა დიდი გუნდის ჰეგემონია.
1979-1980 წლების სეზონი. პირველი ეტაპი, ანუ მეთექვსმეტედფინალი. "ლივერპულმა" შინ 2:1 სძლია თბილისის "დინამოს", საპასუხო შეხვედრაში კი, 3 ოქტომბერს, საქართველოს დედაქალაქში "წითლებს~ შავი დღე დაუდგათ. დავით ყიფიანის პასი და ვლადიმერ გუცაევის გოლი – 1:0, გიორგი ჭილაიას საოცარი რეიდი და რამაზ შენგელიას გოლი – 2:0, ალექსანდრე ჩივაძის გატანილი პენალტი – 3:0.
გეცოდინებათ, შემდეგ "დინამო" "ჰამბურგს" შეხვდა და ორი მატჩის ჯამში 3:6 დამარცხდა. "ჰამბურგი" ფინალში გავიდა და "ნოტინგემთან" წააგო. ისე კი, ნოდარ ახალკაცის გუნდს გვარიანად არ გაუმართლა კენჭისყრაში – ჯერ "ლივერპული", მერე - "ჰამბურგი"...
1986. სევილიის "სანჩეს პისხუანი". ჩემპიონთა თასის ფინალში "ბარსელონა" რუმინულ "სტიაუას" მასპინძლობს. ფავორიტზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო, რადგან "ბარსას" ისედაც უფრო ძლიერი ფეხბურთელები ჰყავდა, პლუს, ფაქტობრივად, შინ თამაშობდა და ყველა ელოდა, რომ კლუბი პირველად სწორედ სევილიაში მოიპოვებდა ამ სანუკვარ თასს.
არამც და არამც. ემერიხ ენეის გუნდმა პენალტებამდე მიიყვანა საქმე, იქ კი 2:0 მოიგო. "სტიაუას" მეკარე ჰელმუტ დუკადამმა ოთხიდან ოთხი პენალტი აიღო (!), მეხუთე დარტყმა კი საჭირო აღარ გახდა. თავის მხრივ, "ბარსას" გოლკიპერმა ურუტიკოეჩეამაც მოიგერია ორი თერთმეტმეტრიანი, მაგრამ ორიც გაუშვა.
ეს უდიდესი სენსაცია იყო და რუმინული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა.
1990-1991 წლების მეოთხედფინალში მადრიდის "რეალი" მოსკოვის "სპარტაკს" გადაეყარა. რუსულ ყინვაში გუნდებმა გოლი ვერ გაიტანეს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" კი "სპარტაკმა" 3:1 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ "რეალი" მე-9 წუთზე ემილიო ბუტრაგენიომ დააწინაურა, თუმცა ოლეგ რომანცევის ახალგაზრდულმა გუნდმა თამაში მოატრიალა და პირველივე ტაიმში დმიტრი რადჩენკომ დუბლი მიითვალა, ხოლო მესამე გოლი ვალერი შმაროვმა გაიტანა. იმ წელს თასი "ცრვენა ზვეზდამ" აიღო. "სტიაუასგან" განსხვავებით, "ცრვენა ზვეზდას" მიერ თასის აწევა სენსაცია არ იყო – რადგან ბელგრადელებს გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავდათ.
მომდევნო დიდი იმედგაცრუება ისევ "ბარსას" უკავშირდება. 1992 წელს, ჩემპიონთა თასის მოქმედმა მფლობელმა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შესასვლელ რაუნდში მოსკოვის ცსკა-სთან წააგო. მოსკოვში შეხვედრა 1:1 დასრულდა, ბარსელონაში კი თავიდან ყველაფერი გეგმით მიდიოდა, მასპინძლები ნადალისა და ბეგირისტაინის გოლებით 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ ცსკა-მ ზედიზედ სამი ბურთი შეაგდო – 2:3.
ხრისტო სტოიჩკოვი, რონალდ კუმანი, ხოსეპ გვარდიოლა, მიქაელ ლაუდრუპი, ხოსე მარი ბაკერო, ანდონი სუბისარეტა, მიგელ ანხელ ნადალი, ხულიო სალინასი... მწვრთნელი იოჰან კრუიფი. და ეს გუნდი გავარდა გენადი კოსტილევის გაწვრთნილებთან. მოსკოველთაგან გოლები ბუშმანოვმა, მაშკარინმა და კარსაკოვმა გაიტანეს.
1996-1997 წლების გათამაშებაში, ჯგუფურ ეტაპზე "მილანი" ნორვეგიულმა "რუსენბორგმა" ჩატოვა ჯგუფში. ბოლო ტური იყო და "როსონერის" იტალიაში ფრეც ხელს აძლევდა, მაგრამ 1:2 წააგო. ანგარიში სტუმართა ჰერალდ ბრატბაკმა გახსნა, რასაც კრისტოფ დიუგარის გამთანაბრებელი გოლი მოჰყვა, 71-ე წუთზე კი ვეგარდ ჰეგემმა გადამწყვეტი ბურთი გაიტანა და მილანელები შოკში ჩააგდო. იმ დროს "რუსენბორგს" ნაკლებად იცნობდნენ, მოგვიანებით კი გუნდმა კიდევ სამი-ოთხი სეზონი ჩაატარა მაღალ დონეზე.
2000 წელს, საკვალიფიკაციო ეტაპზე "ინტერი" შვედურმა "ჰელსინგბორგმა" გამოთიშა და ჯგუფში არ შეუშვა. 1:0, 0:0 – ორ მატჩში მხოლოდ ერთი ბურთი გავიდა და ის შვედი მიკაელ ჰანსონის ანგარიშზეა.
2005 წელს სლოვაკური "არტმედია" ისტორიაში პირველად გახდა ქვეყნის ჩემპიონი, ლიგაში ორი ეტაპი გადალახა და მესამეში გლაზგოს "სელტიკს" შეხვდა. მართალია, არც "სელტიკი" იყო მძლეთამძლე, მაგრამ ყოვლად'უცნობი "არტმედიისგან" არავინ ელოდა იმას, რაც მოხდა... სლოვაკებმა შინ 5:0 გაანადგურეს მეტოქე. საინტერესოა, რომ შოტლანდიის დედაქალაქში გორდონ სტრაჩანის გუნდმა კინაღამ მოატრიალა ბედის ჩარხი – 4:0 გაიმარჯვა. საბოლოოდ, "არტმედია" გავიდა.
2009-2010 წლების სეზონში, ჯგუფურ ეტაპზეც მოხდა სენსაცია, თუმცა ეს კონკრეტულად ერთ მატჩს უკავშირდება და არა შემდეგ ეტაპზე გასვლას. "ბარსელონამ" შინ 1:2 წააგო ყაზანის "რუბინთან" და ამ შეხვედრაში ლაშა სალუქვაძემაც მაღალ დონეზე ითამაშა. მიუხედავად ამ მარცხისა, "ბარსა" ჯგუფიდან გავიდა, "რუბინი" კი, ვერა.
სენსაციები არც ლიგის მიმდინარე სეზონს აკლია კვიპროსული აპოელ-ის სახით. ამ კლუბმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალიდან ფრანგული "ლიონი" გამოთიშა. მართალია, აპოელ-ს ევროპის უპირველეს გრანდებთან არ მოუგია, მაგრამ სადამდეც გავიდა, ესეც სიურპრიზი იყო.

 

ილია ნანობაშვილი
 

0.141335