ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების გათამაშება სტარტს დღეს აიღებს. პირველი 16 გუნდი ერთმანეთს 8 ქალაქში გასამართ მატჩებში დაუპირისპირდება. დღევანდელი თამაშებიდან ყველაზე მეტად გამოსარჩევი დორტმუნდში, ადგილობრივი გუნდისა და ლონდონის “არსენალის” მორიგი დაპირისპირებაა.
A ჯგუფი
იუვენტუსი-მალმიო
იტალიის მოქმედი ჩემპიონი და მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტს, “მალმიოს” უმასპინძლებს, რომელიც, თავის მხრივ, შვედეთის პირველობას დამაჯერებლად ლიდერობს. ამ მატჩში გამარჯვებულის გამოცნობა რთული არაა. გასაკვირი იქნება, თუ ტურინელები გათამაშებას 3 ქულით ვერ დაიწყებენ.
“იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის სტარტს დანაკლისით ხვდება. არტურო ვიდალს, ჯორჯო კიელინისა და ანდრეა პირლოს ტრავმები აქვთ, ხოლო რობერტო პერეირა დისკვალიფიცირებულია. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ანდრეა ბარძალის თამაშიც. სრული შემადგენლობით არც “მალმიო” ითამაშებს. შვედებს ტრავმირებული სიმონთერნი და პიოტრ იოჰანსონი არ ეყოლებათ.
- “მალმიო” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველად თამაშობს;
- შვედური გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 2000 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს;
- “იუვენტუსმა”, ევროტურნირის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი ბოლოს 2008 წელს მოიგო. მას შემდეგ, ტურინელებმა 4-ჯერ ფრედ ითამაშეს;
- კარლოს ტევესს ევროტურნირებზე გოლი ბოლო 14 თამაშში არ გაუტანია;
- “მალმიოს” შემტევმა, მარკუს როზენბერგმა, ბოლო 11 თამაშში 10 გოლი გაიტანა.
სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი, კასერესი, ბონუჩი, ოგბონა, ლიხტშტაინერი, პადოინი, მარკიზიო, პოგბა, ევრა, ტევესი, ლიორენტე.
მალმიო (4-3-3): ოლსენი, კონჩა, ჰელანდერი, კონატე, ტინერჰოლმი, ფორსბერგი, ადუ, ჰალსტი, ერიკსონი, როზენბერგი, ტელინი.
მსაჯი: სზიმონ მარსინიაკი (პოლონეთი).
ოლიმპიაკოსი-ატლეტიკო
ჯგუფის მე-2 შეხვედრისგან განსხვავებით, “ოლიმპიაკოსსა” და “ატლეტიკოს” შორის გასამართ მატჩში ბრძოლაა მოსალოდნელი. ესპანეთის ჩემპიონები საბერძნეთს ძალიან კარგი განწყობით ეწვივნენ და სიმეონეს გუნდი ფავორიტადაც ითვლება, მაგრამ “ოლიმპიაკოსი” საკუთარ კედლებში იოლად არაფერს დათმობს.
გუნდები ერთმანეთს პირველად არ ხვდებიან. 1993 წელს, თასების მფლობელთა თასის გათამაშების 1/4-ფინალში, “ატლეტიკომ” 2 მატჩის ჯამში 4:2 იმარჯვა. საბერძნეთში გამართული შეხვედრა 1:1 დასრულდა, ხოლო მადრიდში მასპინძლებმა 3:1 მოიგეს.
სეზონის სტარტი გუნდებს ერთმანეთის მსგავსი აქვთ. შიდა ჩემპიონატების 3-3 ტურის შემდეგ, “ოლიმპიაკოსსაც” და “ატლეტიკოსაც” 7-7 ქულა აქვთ.
გასულ უქმეებზე ორივე გუნდმა მოიგო, მაგრამ “ატლეტიკოს” მიღწევა გაცილებით დიდია. დიეგო სიმეონეს გუნდმა თანაქალაქელი “რეალი” დაამარცხა, თან “სანტიაგო ბერნაბეუზე”.
“ოლიმპიაკოსს”, ტრავმის გამო, დიმიტრიოს სიოვასი ვერ დაეხმარებია. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მანიატისის თამაში. “ატლეტიკოს” მხრიდან მსგავს სიტუაციაში კრისტიან როდრიგესია.
- “ოლიმპიაკოსმა”, ესპანურ გუნდებთან გამართული ბოლო 6 თამაშიდან 5 წააგო და 1 ფრედ დაასრულა;
- ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაში, სტუმრად ჩატარებულ 6 თამაშში “ატლეტიკოს” წაგება არ ჰქონდა;
- “ოლიმპიაკოსმა”, საბერძნეთის ჩემპიონატში გამართული ბოლო 20 საშინაო შეხვედრიდან 19 მოიგო.
სავარაუდო შემადგენლობები
ოლიმპიაკოსი (4-2-3-1): რობერტო, სალინო, ბოტია, აბიდალი, მასუაკუ, მანიატისი, ნდინგა, კასამი, დომინგესი, აფელაი, დიამანტაკოსი.
ატლეტიკო (4-4-2): მოია, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, სიკეირა, კოკე, ტიაგო, გაბი, გრიზმანი, მანჯუკიჩი, ხიმენესი.
მსაჯი: პედრო პროენსა (პორტუგალია).
B ჯგუფი
რეალი-ბაზელი
გასულ შაბათს მადრიდულ დერბიში წაგების შემდეგ, გულშემატკივრების თვალში რეაბილიტაციისთვის, “რეალს” აუცილებლად დამაჯერებელი გამარჯვება ჭირდება. კარლო ანჩელოტის გუნდს, ამისთვის, კარგი შანსი ეძლევა. “სამეფო კლუბი”, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, “ბაზელს” უმასპინძლებს და განწყობის გამოკეთებას შეეცდება.
“რეალი” და “ბაზელი” ერთმანეთს მესამედ შეხვდებიან. წინა 2 თამაში 1971 წელს, უეფას თასის პირველ ეტაპზე გაიმართა. მადრიდელებმა ორივე თამაში 2:1 მოიგეს.
მოქმედი ჩემპიონი ახალი გათამაშების დაწყებას ტრავმირებული ხესესა და სამი ხედირას გარეშე ხვდება. საეჭვოა დანი კარვახალის თამაშიც. სტუმართა რიგებში დისკვალიფიცირებულია მარსელო დიასი.
- “რეალმა”, ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაში, ექვსივე საშინაო შეხვედრა მოიგო;
- “რეალმა” ჩემპიონთა თასის/ლიგის პირველი თამაში საკუთარ კედლებში მხოლოდ 2-ჯერ ვერ მოიგო. უკანასკნელად ეს 1962 წელს მოხდა;
- “რეალმა”, შვეიცარულ გუნდებთან საკუთარ კედლებში გამართული ათივე თამაში მოიგო;
- “ბაზელს” ესპანეთში არასდროს მოუგია. შვეიცარიელებმა 2-ჯერ ფრედ ითამაშეს და 5-ჯერ წააგეს;
- “რეალმა”, მიმდინარე სეზონში ჩატარებული 6 თამაშიდან მხოლოდ 2 მოიგო, ხოლო 3 წააგო.
სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-2-3-1): ნავასი, არბელოა, რამოსი, პეპე, მარსელო, მოდრიჩი, კროოსი, ბეილი, როდრიგესი, რონალდუ, ბენზემა.
ბაზელი (4-1-4-1): ვაცლიკი, დეგენი, შარი, სუხი, საფარი, ქსაკა, გონსალესი, ზუფი, ფრაი, გაში, შტრელერი.
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია).
ლივერპული-ლუდოგორეცი
“ლივერპული” ჩემპიონთა ლიგას 4-წლიანი შესვენების შემდეგ უბრუნდება და პირველივე ტურში გათამაშების დებიუტანტს, “ლუდოგორეცს” მასპინძლობს.
მერსისაიდულმა გუნდმა სეზონი არცთუ კარგად დაიწყო. პრემიერლიგის 4 თამაშიდან როჯერსის გუნდმა 2 წააგო. მათ შორის ერთი გასულ შაბათს, “ასტონ ვილასთან”, საკუთარ კედლებში. ეს ნიშნავს, რომ ჯგუფის მე-2 ფავორიტის მსგავსად, “ლივერპულსაც” გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია მართებს.
ბრენდან როჯერსის გუნდი დღევანდელ შეხვედრას სტრავმირებული ფეხბურთელების დიდი სიით ხვდება. ინგლისელებს ემრე ჩანი, დანიალ სტარიჯი, ჯო ალენი, გლენ ჯონსონი და ჯონ ფლენაგანი არ ეყოლებათ. ამას ლაზარ მარკოვიჩის დისკვალიფიკაციაც ემატება. “ლუდოგორეცი” ტრავმირებული ივან კვოროვიჩსა და დისკვალიფიცირებულ ვლადისლავ სტოიანოვს მოისაკლისებს.
- “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგას 4-წლიანი შესვენების შემდეგ უბრუნდება;
- “ლუდოგორეცი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველად თამაშობს;
- თუ დღეს “ლივერპულმა” 3 ქულა აიღო, ინგლისელები ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე მე-100 თამაშს მოიგებენ;
- “ლუდოგორეცმა”, ყველა ტურნირზე გამართული ბოლო 15 თამაშიდან მხოლოდ 7 მოიგო.
სავარაუდო შემადგენლობები
ლივერპული (4-3-1-2): მინოლე, მანკილიო, ლოვრენი, საკო, მორენო, ჰენდერსონი, ჯერარდი, კოუტინიო, სტერლინგი, ლამბერტი, ბალოტელი.
ლუდოგორეცი (4-2-3-1): არგილაშკი, კაისარა, ტერზიევი, მოტი, მინევი, ესპინიო, დიაკოვი, ალექსანდროვი, მარსელინიო, მისიჯანი, ბეზიაკი.
მსაჯი: მატეი იუგი (სლოვენია).
ჩ ჯგუფი
მონაკო-ლევერკუზენი
ჩ ჯგუფში ევროპული ფეხბურთის არცერთი გრანდი არ თამაშობს, მაგრამ ოთხეული მეტნაკლებად თანაბრადაა დაკომპლექტებული და პირველი ტურის ორივე მატჩში საინტერესო ორთაბრძოლას უნდა ველოდოთ.
ბოლო წლებში, “მონაკოში” დიდძალი ფული ჩაიდო, მაგრამ გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს, ლიგა ერთში მოთამაშე გუნდი რადამელ ფალკაომ და ხამეს როდრიგესმა დატოვეს. ლიდერების წასვლა “მონაკომ” იოლად ვერ გადაიტანა, რასაც ისიც ამტკიცებს, რომ ლეონარდუ ჟარდიმის გუნდი, საფრანგეთის ჩემპიონატის 5 ტურის შემდეგ, გასავარდნ ზონაშია.
“ლევერკუზენი” ხმაურიანი ტრანსფერებით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ გერმანელები წარმატებით თამაშს მაინც ახერხებენ. როჯერ შმიდტის შეგირდებმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყეს. მათ პირველი 5 თამაში მოიგეს, ხოლო გასულ პარასკევს, “ვერდერთან” ფრედ ითამაშეს.
“მონაკო” და ლევერკუზენი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს აქამდეც შეხვედრიან. 1997 წელს, “მონაკომ” შინ 4:0 მოიგო, ხოლო გერმანიაში გამართული თამაში 2:2 დასრულდა.
მატჩს ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება. “მონაკოს” ტრავმირებული აიმენ აბდენუ, ლასინა ტრაორე და სავარაუდოდ ელდერსონი არ ეყოლება. “ლევერკუზენი”, იმავე მიზეზით, იულიან ბრანდტს, სიმონ როლფესსა და კირიაკოს პაპადოპულოსს ვერ დაიხმარს.
- “მონაკო” ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 9 წლის განამვლობაში პირველად ითამაშებს;
- “მონაკომ”, ევროტურნირებზე ჩატარებული ბოლო 18 საშინაო თამაშიდან 14 მოიგო და მხოლოდ 1 წააგო;
- “მონაკომ”, გერმანულ გუნდებთან გამართული ბოლო 3 საშინაო თამაში მოიგო, გაიტანა 9 და გაუშვა 0 გოლი;
- “მონაკოს”, საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, 5 მატჩში, მხოლოდ 1 მოგება აქვს;
- “ლევერკუზენმა”, მიმდინარე სეზონში გამართული 6 თამაშიდან 5 მოიგო და 1 ფრედ ითამაშა. გერმანელებმა 22 გოლი გაიტანეს;
- შტეფან კისლინგმა, მიმდინარე სეზონში, 6 თამაშში 9 გოლი გაიტანა.
სავარაუდო შემადგენლობები
მონაკო (4-3-3): სუბასიჩი, ფაბინიო, რაგი, კარვალიო, კურზავა, ტულალანი, კონდოგბია, მოუტინიო, ფერეირა-კარასკო, ბერბატოვი, ოკამპოსი.
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო, ჟედვაი, თორფაქი, სპაჰიჩი, ბოენიში, ბენდერი, კასტრო, ბელარაბი, ჩალჰანოღლუ, სონი, კისლინგი.
მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი).
ბენფიკა-ზენიტი
“ზენიტი” “ბენფიკას” ლისაბონელთა ყოფილი ფეხბურთელებით ეწვია. ამჟამად სანკტ-პეტერბურგში მოთამაშე აქსელ ვიტსელს, ეზეკიელ გარაისა და ხავი გარსიას პორტუგალიურ გუნდში უთამაშიათ. ვიტსელი და გარაი “ზენიტში” სწორედ “ბენფიკადან” გადავიდა და მათ ტრანსფერებში რუსებმა 55 მილიონი ევრო გადაიხადეს. დღევანდელი მეტოქის დასუსტებისა და თავად გაძლიერების მიუხედავად, დღეს “ზენიტი” მაინც აუტსაიდერია.
მატჩს ორივე გუნდი კარგ ხასიათზე ხვდება. “ბენფიკამ”, პორტუგალიის ჩემპიონატის გასულ ტურში 5:0 მოიგო. ჟორჟე ჟეზუსის შეგირდებს, 4 მატჩში, 3 მოგება და 1 ფრე აქვთ. კიდევ უფრო კარგად მისდის საქმეები “ზენიტს”, რომელმაც რუსეთის პრემიერლიგის სტარტზე ზედიზედ 7 თამაში მოიგო. ანდრე ვილაშ-ბოაშის გუნდის გათამაშებას უკვე 6-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც “ბენფიკა” და “ზენიტი” ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაზე უპირისპირდებიან. 2012 წელს, 1/8-ფინალში, პორტუგალიელები რუსებზე ძლიერები აღმოჩნდნენ. მათ სანკტ-პეტერბურგში 2:3 წააგეს, მაგრამ ლისაბონში 2:0 მოიგეს.
ორივე გუნდს თითო დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი დააკლდება. “ბენფიკას” ანდრე ალმეიდა არ ეყოლება, ხოლო “ზენიტს” – ვიქტორ ფაიზულინი.
- “ბენფიკამ”, სეზონის სტარტზე გამართული 5 თამაშიდან 4 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. ლისაბონელებმა მხოლოდ 1 გოლი გაუშვეს;
- “ბენფიკას”, ყველა ტურნირის გათვალისწინებით, საკუთარ მოედანზე 51-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
სავარაუდო შემადგენლობები
ბენფიკა (4-2-3-1): მორაეში, პერეირა, ლუიზაო, ჟარდელი, ელიზეუ, სამარისი, პერესი, სალვიო, ტალისკა, გაიტანი, ლიმა.
ზენიტი (4-2-3-1): ლოდიგინი, სმოლნიკოვი, გარაი, ლომბაერტსი, კრიშიტო, ვიტსელი, გარსია, ჰალკი, შატოვი, დანი, რონდონი.
მსაჯი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია).
D ჯგუფი
დორტმუნდი-არსენალი
დღის მთავარ მატჩად “დორტმუნდისა” და “არსენალის”” დაპირისპირება უნდა მივიჩნიოთ.
ეს გუნდები ერთმანეთს გასულ გათამაშებაშიც შეხვდნენ და მაშინ, “სიკვდილის ჯგუფიდან” გასვლა ორივე მათგანმა მოახერხა. D ჯგუფის ფავორიტებიც სწორედ “დორტმუნდი” და “არსენალი” არიან და დიდი შანსია, დღევანდელმა მატჩმა პირველი ადგილისთვის ბრძოლაში დიდი როლი ითამაშოს.
“დორტმუნდისა” და “ატლეტიკოს” ურთიერთშეხვედრების ისტორია 6 მატჩს ითვლის და ყველა მათგანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიმართა. 2002 წელს, “არსენალმა” შინ 2:0 მოიგო და სტუმრად 1:2 წააგო. გერმანიაში გამართულ შეხვედრაში, მასპინძელთა მხრიდან ორივე გოლი ტომაშ როსიცკიმ გაიტანა, რომელიც დღეს ლონდონურ გუნდში თამაშობს. 12 წლის წინათ, ჯგუფიდან ორივე გუნდი გავიდა.
2011 წელს, “დორტმუნდი” და “არსენალი” ერთმანეთს ისევ შეხვდნენ. გერმანიაში 1:1 თამაშის შემდეგ ლონდონელებმა შინ 2:1 მოიგეს. იმ ჯგუფში “არსენალმა” პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო “დორტმუნდმა” – ბოლო.
გასულ სეზონში, ორივე თამაში სტუმარმა გუნდმა მოიგო. “დორტმუნდმა” 2:1 და “არსენალმა” 1:0.
“არსენალი” დღევანდელ მატჩს არცთუ კარგი განწყობით ხვდება. ლონდონელებმა პრემიერლიგის ბოლო ორ ტურში ქულები დაკარგეს და ისინი მე-7 ადგილს იკავებენ. “დორტმუნდი” კი, რომელმაც ბუნდესლიგის ბოლო 2 შეხვედრა მოიგო, მე-4 პოზიციაზეა.
მატჩს ორივე გუნდი ტრავმირებული ფეხბურთელების დიდი ჩამონათვალით ხვდება. ამ მიზეზით “დორტმუნდს” გიუნდოგანი, როისი, შაჰინი, კირხი და დონგ-ვონ ჯი არ ეყოლება. “არსენალს” ჟირუს, უოლკოტის, გნაბრისა და მონრეალის გარდა დისკვალიფიცირებული დებუშიც დააკლდება.
- “არსენალი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მეჩვიდმეტედ თამაშობს;
- “არსენალს”, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი 10 წელია არ წაუგია;
- ალექსის სანჩესმა “არსენალის” ბოლო 3 თამაშიდან გოლის გატანა ყველაში მოახერხა;
- “არსენალს”, ყველა ტურნირის გათვალისწინებით, 14-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
სავარაუდო შემადგენლობები
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი, პიშჩეკი, სუბოტიჩი, სოკრატისი, დურმი, ბენდერი, კელი, მხითარიანი, კაგავა, გროსკროიტცი, რამოსი.
არსენალი (4-1-4-1): შჩეზნი, შამბერსი, მერტეზაკერი, კოშელნი, გიბსი, არტეტა, სანჩესი, უილშერი, რემზი, იოზილი, უელბეკი.
მსაჯი: ოლეგარიო ბენკუერენსა (პორტუგალია).
გალათასარაი-ანდერლეხტი
თუ “არსენალსა” და “დორტმუნდს” 1/8-ფინალის საგზურში ვინმე შეეცილება, ეს, უპირველესად, “გალათასარაია”. თურქული კლუბი, პირველ ტურში, ჯგუფის აუტსაიდერად შერაცხულ “ანდერლეხტს” მასპინძლობს და ჩეზარე პრანდელის შეგირდებისთვის დამაკმაყოფილებელი შედეგი მხოლოდ მოგება იქნება.
დღევანდელი მატჩი გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორიაშია მე-3 იქნება. პირველი 2 შეხვედრა 1976 წელს, თასების მფლობელთა თასზე გაიმართა. მე-2 ეტაპზე, “ანდერლეხტმა” მეტოქე ორივე მატჩში ერთნაირი ანგარიშით, 5:1 გაანადგურა.
“გალათასარაი” თამაშს უდანაკარგოდ ხვდება, ხოლო “ანდერლეხტს” ტრავმირებული ენტონი ვანდენ ბორე, ასევე დისკვალიფიცირებული სილვიო პროტო და ფაბრის ნ’საკალა არ ეყოლება.
- “ანდერლეხტმა”, მიმდინარე სეზონში ჩატარებული 8 თამაშიდან 5 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა.
სავარაუდო შემადგენლობები
გალათასარაი (4-3-1-2): მუსლერა, სარი, კაია, შეჯუ, ბალთა, ჯემაილი, მელო, ინანი, სნეიდერი, ილმაზი, პანდევი.
ანდერლეხტი (4-4-1-1): როეფი, კოლინი, ნუიტნიკი, მანგულუ, დეშახტი, ნახარი, ტილემანი, დეფური, აშემპონი, პრაეტი, მიტროვიჩი.
მსაჯი: ისტვან ვადი (უნგრეთი).