ფეხბურთი

2:37 | 12.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა იტალიას დაემშვიდობა

 

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალების პირველ განმეორებით მატჩებში მოულოდნელი არაფერი მომხდარა – გუნდები, რომლებმაც პირველ თამაშებში დიდი უპირატესობა მოიპოვეს, 1/4-ფინალში იოლად გავიდნენ.

მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალური ეტაპი შემოიღეს, მეოთხედ მოხდა, რომ ამ ეტაპამდე ვერცერთმა იტალიურმა გუნდმა ვერ მიაღწია. იტალიის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე შემორჩენილი იყო, “მილანია”, მაგრამ კლარენს ზეედორფის გუნდი მადრიდში განადგურდა და წააგო რა ორრაუნდიანი დაპირისპირება ანგარიშით 1:5, “როსონერიმ” გზა “ატლეტიკოს” დაუთმო.

ესპანეთის დედაქალაქში გამართული თამაში მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და მე-3 წუთზე, კოკეს ჩაწოდების შემდეგ, ნახტომში დარტყმით, დიეგო კოსტამ ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა. ეს იყო ჩემპიონთა ლიგაზე “ატლეტიკოს” მიერ გატანილი და “მილანის” მიერ გაშვებული ყველაზე სწრაფი გოლი.

პირველი ტაიმის შუაში უპირატესობა ხელთ სტუმრებმა იგდეს, რასაც ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა. მარჯვენა ფლანგიდან პოლის ჩაწოდებას ზუსტი თავური კაკამ მოაყოლა. ეს უკანასკნელი პირველი ბრაზილიელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 30 გოლის გატანა მოახერხა.

კაკას გოლის შემდეგ, “მილანს” მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ერთი გოლი ჭირდებოდა, ოღონდ სტუმრებს თავად არ უნდა გაეშვათ. მე-2 პირობა მილანელებმა ვერ შეასრულეს და საკუთარ კარში ბურთი პირველივე ტაიმში მიიღეს. მე-40 წუთზე, რაულ გარსიამ არდა თურანს ბურთი მკერდით დაუგდო, თურქმა შემტევმა საჯარიმოს გარედან დაარტყა და ისარგებლა რა რიკოშეტით, ბურთს ადგილი აბიატისგან მარცხენა კუთხეში მიუჩინა.

მე-2 ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მადრიდელებმა მეტოქეს კიდევ 2 გოლი გაუტანეს. 70-ე წუთზე, გაბის გადაცემას ზუსტი თავური რაულ გარსიამ მოაყოლა, ხოლო 15 წუთში, შეცვლაზე შესულ სოსას გარჯა დიეგო კოსტამ დაუფასა, რომელმაც დუბლი გაიფორმა.

დღის მე-2 მატჩში, “ბაიერნმა” “არსენალის” ძლევა ვერ მოახერხა, მაგრამ მიუნხენელები თამაშს აკონტროლებდნენ და იგრძნობოდა, რომ მათ პირველ შეხვედრაში მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობის შენარჩუნება არ გაუჭირდებოდათ.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 55-ე წუთზე გაიხსნა. მასპინძელთა შეტევის მარცხენა ფლანგზე მოთამაშე რიბერის მცველებმა ვერაფერი მოუხერხეს. ფრანგის გადაცემის შემდეგ, საჯარიმოში შესული შვაინშტაიგერი უმეთვალყურეოდ აღმოჩნდა და მას ახლო მანძილიდან საგოლედ დარტყმა არ გასჭირვებია.

“არსენალმა” მალევე გაათანაბრა. პოდოლსკიმ ლამს ბურთი აართვა და მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შესულმა გერმანელმა, ახლო კუთხეში ძლიერად დარტყმით, თავის ყოფილ გუნდს გაუტანა.

დრო გადიოდა და ცხადი ხდებოდა, რომ “არსენალი” 1/4-ფინალისთვის ვეღარ იბრძოლებდა. მე-2 დამატებულ წუთზე, “ბაიერნს” თამაშის მოგების ძალიან კარგი შანსი მიეცა, მაგრამ მიულერმა რობენის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. შეგახსენებთ, რომ “ბაიერნსა” და “არსენალს” შორის 3 კვირის წინათ გამართულ დაპირისპირებაში გუნდებმა თითო თერთმეტმეტრიანი გააფუჭეს.

 

ბაიერნი-არსენალი 1:1 (ორი მატჩის ჯამში 3:1)

მიუნხენი, “ალიანც არენა”

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი, ლამი, მარტინესი, დანტე, ალაბა, შვაინშტაიგერი, ტიაგო, რობენი, გიოტცე (კროოსი 59), რიბერი (მიულერი 85), მანჯუკიჩი

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

არსენალი (4-2-3-1): ფაბიანსკი, სანია, მერტეზაკერი, კოსელნი, ვერმაელენი, არტეტა (გნაბრი 77), ჩემბერლენი (ფლამინი 84), კასორლა, იოზილი (როსიცკი 46), პოდოლსკი, ჟირუ

მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლები: 1:0 შვაინშტაიგერი (55), 1:1 პოდოლსკი (57)

გაფრთხილებები: დანტე 8, მარტინესი 79 – პოდოლსკი 26, არტეტა 29, ვერმაელენი 83

გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: მიულერი 90+2

მსაჯი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია)

ბურთის ფლობა: 64%-36%, დარტყმა: 14 (9)-8 (5), კუთხური: 6-5, თამაშგარე: 4-3, სეივი: 4-8, ჯარიმა: 14-14.

 

ატლეტიკო-მილანი 4:1 (ორი მატჩის ჯამში 5:1)

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ატლეტიკო (4-4-1-1): კურტუა, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე, თურანი (როდრიგესი 78), გაბი, სუარესი, კოკე (დიეგო 81), გარსია (სოსა 72), კოსტა

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

მილანი (4-2-3-1): აბიატი, აბატე, რამი, ბონერა, ემანუელსონი, დე იონგი (მუნტარი 78), ესიენი (პაცინი 69), ტაარაბტი (რობინიო 46), პოლი, კაკა, ბალოტელი

მწვრთნელი: კლარენს ზეედორფი

გოლები: 1:0 კოსტა (3), 1:1 კაკა (27), 2:1 თურანი (40), 3:1 გარსია (70), 4:1 კოსტა (85)

გაფრთხილებები: გარსია 5 – რამი 7, ბალოტელი 45+2, ბონერა 70, რობინიო 74

მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)

ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 13 (7)-11 (5), კუთხური: 3-3, თამაშგარე: 1-1, სეივი: 4-3, ჯარიმა: 10-17.

0.138815