21 ნოემბერს, ვარკეთილში, თბილისის ზღვის გადასახვევთან (ატრაქციონების მიმდებარე ტერიტორია) გაიმართა “რომპეტროლის სეზონის 2010”-ის დასკვნითი ეტაპი საავტომობილო რბოლაში, რომელზეც ნაჩვენები იყო ორი კლასის რბოლა: GTCC და მონოკლასი.
GTCC კლასში პირველობა არავის დაუთმო საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ, რომელიც საქართველოს ჩემპიონი გახდა (მას “რომპეტროლისგან” 250 ლიტრი საწვავი გადაეცა), მე-2 ადგილზე გავიდა არჩილ ბიძინაშვილი (100 ლიტრი), მესამეზე კი - ზურა ბეჟაშვილი (50 ლიტრი).
მონოკლასს რაც შეეხება, იქ ლევან კვინიკაძემ იპირველა (250 ლიტრი), მე-2 ირაკლი ჩხეიძე იყო (100 ლიტრი), ხოლო მე-3 - გიორგი რეხვიაშვილი (50 ლიტრი).
ეს, მარტში დაწყებული ჩემპიონატის რიგით 36-ე რბოლა იყო.
რბოლაში მონაწილეობა მიიღო რუსთავის ავტოდრომის მფლობელმა შოთა აფხაზავამაც, რომელმაც რბოლის დაწყების წინ ავტოდრომის კეთილმოწყობაზე ისაუბრა: “რუსთავის ავტოდრომზე ასფალტის დაგებას ახალ წლამდე დავასრულებთ. ეს იქნება მსოფლიო სტანდარტების ავტოდრომი. რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ, ძალიან ბევრი მაღალი დონის შეჯიბრს ვუმასპინძლებთ”.
საკვალიფიკაციო ეტაპზე აფხაზავამ საკმაოდ კარგად იასპარეზა და მე-6 შედეგი აჩვენა, გაიარა რა 2-კილომეტრიანი მონაკვეთი ერთ წუთსა და 31,81 წამში.
საკვალიფიკაციო რბოლის გამარჯვებული გახდა ზურაბ ბეჟაშვილი, რომელმაც საუკეთესო დრო აჩვენა (1.26,01).
ფინალური ეტაპის დაწყებამდე, საქართველოს ჩემპიონმა მევლუდ მელაძემ რბოლაზე ისაუბრა: “ეს ბოლო ეტაპია, რომელიც გამარჯვებულს გამოავლენს. არვინ იცის, თუ ვინ გახდება წლის გამარჯვებული. მიჭირს ვარაუდი, რადგან მეც რბოლის მონაწილე ვარ”.
მელაძეს ყველაზე დიდი კონკურენცია გაუწია არჩილ ბიძინაშვილმა, მაგრამ ავტომანქანის გაუმართაობის გამო, იძულებული გახდა, სიჩქარე დაეგდო და მელაძემაც კონკურენციის გარეშე მოახერხა გამარჯვება.
მონოკლასში გამარჯვებული კი თავიდანვე ცნობილი იყო. კონკურენციის გარეშე პირველობდა ლევან კვინიკაძე, მაგრამ მან ბოლო ეტაპზე მაინც მიიღო მონაწილეობა და საერთო რბოლაში პირველი ადგილის დაკავებას შეეცადა.
გამარჯვების აღნიშვნის შემდეგ, კვინიკაძემ “მსოფლიო სპორტს” შემდეგი განუცხადა: “შეძლებისდაგვარად ვეცადე მანქანა მომემზადებინა. ბევრი ვივარჯიშე და ნაჩვენები შედეგით ძალიან ბედნიერი ვარ”. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ლევან კვინიკაძე მონოკლასს დატოვებს და მომავალი წლიდან, რანგით უფრო მაღალ კლასში GTCC- ში განაგრძობს ასპარეზობას.
“რომპეტროლი საქართველო” ამით არ ასრულებს საავტომობილო ტურნირებს. სავარაუდოდ, დეკემბერში ჩატარდება ჩემპიონთა რბოლა, რომელშიც მონაწილეობას მხოლოდ პროფესიონალი პილოტები მიიღებენ. ამ ეტაპის მასპინძელი ლილოს ტერმინალი იქნება. “რომპეტროლ საქართველოს” გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ალბინმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: “დღეს ყველაზე კარგი რბოლა შედგა. ბოლომდე გაურკვეველი იყო გამარჯვებულის ვინაობა. საბოლოოდ, მაინც მევლუდ მელაძემ იმარჯვა”. შ
შეგახსენებთ, რომ “რომპეტროლი” საქართველოს საავტომობილო ფედრაციის პარტნიორი 2008 წლიდანაა. თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ახალი ეტაპის დაწყების წინ კი, გალა-დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართება.
რაც შეეხება დღევანდელ რბოლას, იგი ტრადიციულად, შამპანურის ქაფით დასრულდა, რომლითაც გამარჯვებულებმა, ვარკეთილში შეკრებილი გულშემატკივარი კარგა გვარიან სიცივეში გააგრილეს.
გეგა რევაზაშვილი




