რაგბი

16:20 | 10.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონი შეიცვლება - შანსი სამს აქვს

ექვსი ეროს ბოლო ტურის წინ ჩემპიონობი შანსს ერთბაშად სამი გუნდი ინარჩუნებს, თუმცა, ამ სამეულში არაა ბოლო ორი გათამაშების გამარჯვებული უელსის ნაკრები.

უელსმა მიმდინარე ექვსი ერი არადამაჯერებლად ჩაატარა, ინგლისი პირიქით, ახალი გუნდის შენების პროცესშიც კი, კარგ თამაშს აჩვენებს და შეიძლებოდა ეს შეხვედრა უფრო დიდი სხვაობითაც დასრულებულიყო. კონკრეტულად ამ თამაშის შედეგი სტუმართა გუნდის შერკინების, დერეფნის და ხაზის არადამაჯერებელმა თამაშმა განაპირობა და ინგლისელებმა პირველივე წუთებზე მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს.

ანგარიში მეხუთე წუთზე გაიხსნა, როდესაც მასპინძელთა 9 ნომერმა დენ კერიმ მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში ჯარიმა სწრაფად გაათამაშა და ლელოში წინააღმდეგობის გარეშე შეხტა. ოუენ ფარელის ზუსტი გარდასახვის შემდეგ, მან და ლეიგ ჰალფპენიმ ფეხჩუბინობის წარმოდგენა დაიწყეს და მასპინძელმა ორი, ხოლო სტუმარმა სამი ზუსტი დარტყმა შეასრულა. 33-ე წუთზე უელსმა 22-ში საკუთარი დერეფანი წააგო და ლითერ ბარელიმ მეორე ლელო გაიტანა, ხოლო ფარელიმ გარდასახვით ანგარიში 20:9 გახადა, მაგრამ შესვენებამდე “დრაკონებმა” ორი ჯარიმით ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანეს. მეორე ტაიმში სტუმრებმა მხოლოდ ერთი ჯარიმა გაიტანეს, თავად სამი გაუშვეს და ტიტულის შენარჩუნებაზე ფიქრს დაემშვიდობნენ.

სამაგიეროდ, ინგლისმა დიდი ბრიტანეთის გუნდებისა და ირლანდიის ნაკრების დამარცხებისთვის, 2003 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა Triple Crown-ი და ბოლო ტურის წინ ექვსი ერის მოგების კარგი შანსი აქვს. ამისათვის მათ ბოლო ტურში იტალიაში სტუმრად უნდა გაიმარჯვონ და საფრანგეთისა და ირლანდიის ნაკრებების მატჩის შედეგს დაელოდნონ. ინგლისელებს ფრანგების თუნდაც 29 ქულით გამარჯვებაც აძლევთ ხელს.

ჩემპიონობის შანსს სწორედ საფრანგეთი და ირლანდია ინარჩუნებენ, თუმცა, უკეთეს მდგომარეობაში სწორედ ირლანდიელები არიან, რომელთაც გატანილ-გაშვებული ქულების მნიშვნელოვანი მარაგი შეიქმნეს და საფრანგეთში უბრალოდ მოგებაც ყოფნით. განვლილ ტურში მათ აუტსაიდერ იტალიას უმასპინძლეს და მეტოქე უშანსოდ, 46:7 გაანადგურეს. შეგახსენებთ, რომ ნოემბერში, “ავივა სტედიუმზე” ირლანდიას წლევანდელი ერთა თასის გამარჯვებული უნდა ეთამაშოს, მისი ვინაობა კი, 15 მარტს თბილისში, “მიხეილ მესხზე” საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის მატჩში გაირკვევა და “ბორჯღალოსნებს” მიზნის მისაღწევად მხოლოდ გამარჯვება ჭირდებათ.

ირლანდიელები ექვს ერზე ბოლო საშინაო მატჩს ატარებდნენ, “ავივა სტედიუმზე” ბოლოჯერ თამაშობდა მათი ვეტერანი ბრაიან ოდრისკოლი და მაყურებელმაც ერთგვარ გაცილების მატჩში დიდი სიამოვნება მიიღო. მათ კმაყოფილების სრული საფუძველი აქვთ, რადგან მასპინძლებმა მართლაც ფენომენალური თამაში აჩვენეს და მეტოქეს შვიდი ლელო გაუტანეს.

ჯონათან სექსტონმა მე-7-ე წუთზე ოდრისკოლის ჩინებული პასი შეირგო, ხაზი გაჭრა და ანგარიში გახსნა, რაზეც იტალიამ ლელოთი 25-ე წუთზე უპასუხა, როდესაც ლეონარდო სარტო ფლანგზე ორ მბოჭავს გაექცა და 55 მეტრი ირბინა - 7:7. მაგრამ ამან მასპინძლებს ხასიათი ვერ გაუფუჭა. სექსტონმა ჯერ ჯარიმით დაუბრუნა ლიდერობა საკუთარ გუნდს, ტაიმის ბოლოს კი, იმ დღის გმირმა ოდრისკოლმა ლელო ენდრიუ ტრიმბლის გაატანინა და ტაიმი 17:7 დასრულდა.

მეორე ნახევარი სრულად მასპინძლებისა იყო და 53-ე წუთზე სიან ჰილის ლელოს, შვიდ წუთში ოდრისკოლის მორიგი დიდებული პასი, ფლანგზე გათამაშებული კარგი კომბინაცია და სექსტონის მეორე ლელო მოყვა. 63-ე წუთზე ოდრისკოლი შეცვალეს და ტრიბუნები ლამის დაინგრა. იმ დღის საუკეთესო მორაგბე და საყვარელი გმირი ტრიბუნებმა დიდი ოვაციით გააცილა. ირლანდია არც ამის შემდეგ მოდუნდა და დასკვნით 12 წუთში შონ კრონინმა, ფერგუს მაკფადენმა და ჯეკ მაკგრეტმა კიდევ სამი ლელო გაიტანეს.

საფრანგეთს შოტლანდიაში, “მარიფილდზე” გამარჯვება ჟან-მარკ დუსანის 78-ე წუთზე გატანილმა ჯარიმამ მოუტანა და “სამფეროვნებს” 2010 წლიდან პირველად ექვსი ერის მოგების შანსი დარჩათ. თამაშმა გარდამავალი უპირატობით ჩაიარა. მაქსიმ მაშენოს ორ ადრეულ ჯარიმას, მე-12-ე წუთზე მასპინძლებმა ლელოთი უპასუხეს. ჩათვლის მოედანში ფეხით ჩაკიდებული ბურთი ირმა მცველმა ვერ დაიმორჩილა და ის სტიუარტ ჰოგმა დაამიწა, ლეიდლოუმ კი, გარდასახვა გამოიყენა.

მაშენომ ხუთ წუთში ფრანგებს ჯარიმით უპირატესობა დაუბრუნა, თუმცა, 22-ე წუთზე ტომი სეიმორმა მათი ხაზი გაჭრა და ლელოთი შოტლანდია კვლავ წინ გაიყვანა, ხოლო ლეიდლოუმ გარდასახვით ტაიმის ანგარიში დააფიქსირა - 14:9. თამაში ხუთი წუთის განახლებული იყო, როდესაც იოან უჟემ საკუთარ 22-ში ჩაჭრა ბურთი და ლელომდე 80 მეტრი ირბინა, მაშენომ კი, გარდასახვით სტუმრები დააწინაურა. 62-ე წუთზე დანკან ვეირის მიერ რთული პოზიციიდან გატანილმა ჯარიმამ ფრანგთა საჩემპიონო შანსები შეამცირა და საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე მას ბევრად უკეთესი პოზიციიდან ზუსტად რომ დაერტყა, მასპინძლებს გამარჯვებას ვეღარავინ წაართმევდა, მაგრამ მიზანი ვერ გაისწორა. სამაგიეროდ, შეცვლაზე შესული დუსანის დარტყმა ზუსტი იყო და საფრანგეთს საკუთარი თავის გარდა იტალიის იმედიც უნდა ჰქონდეს.

 

2014 წლის ექვსი ერი. მეოთხე ტური

8 მარტი

ირლანდია - იტალია 46:7

შოტლანდია - საფრანგეთი 17:19

9 მარტი

ინგლისი - უელსი 29:18

 

1            ირლანდია                   4           3            0            1           110-29            6
2 ინგლისი 4 3 0 1 86-54 6
3 საფრანგეთი 4 3 0 1 81-78 6
4 უელსი 4 2 0 2 71-76 4
5 შოტლანდია 4 1 0 3 44-87 2
6 იტალია 4 0 0 4 52-120 0

 

ბოლო ტური. 15 მარტი

იტალია - ინგლისი

უელსი - შოტლანდია

საფრანგეთი - ირლანდია

თეგებიექვსი ერი
0.178145