დევისის თასის მოქმედი გამარჯვებული ჩეხეთის ნაკრები მიმდინარე ტურნირის ფინალში არგენტინის ნაკრების ვადამდელი დამარცხების შემდეგ გავიდა. ერთეულთა შორის ტომაშ ბერდიხმა ლეონარდო მაიერს მოუგო, რადეკ შტეპანეკმა ხუან მონაკოს სძლია, ბერდიხ-შტეპანეკის წყვილმა კარლოს ბერლოკისა და ორასიო სებალიოსის დუეტს შანსი არ დაუტოვა 6:3, 6:4, 6:2 და ჩეხები მიჯრით მეორედ ითამაშებენ გადამწყვეტ მატჩს.
„მთელი მატჩი ჩვენთვის მოსახერხებელ ტემპში წარიმართა. მოწოდება ერთხელაც არ დაგვითმია და საკუთარი შანსი სათანადოდ გამოვიყენეთ“- მოკლედ ახსნა წარმატების მიზეზი ბერდიხმა.
დევისის თასის 2010 წლის მფლობელ სერბეთს რაც შეეხება, ბალკანელები ჯერჯერობით კანადასთან 1:2 მარცხდებიან. სამხრეთსლავებმა, ნოვაკ ჯოკოვიჩის მოგებას და იანკო ტიპსარევიჩის წაგებას, წყვილთა შეხვედრაში მარცხი მიაყოლეს. დენიელ ნესტორისა და ვაშეკ პოსპიშილის ტანდემმა ილია ბოზოლიაცისა და ნენად ზიმონიჩის წყვილს 6:7, 6:4, 3:6, 7:6, 10:8 მოუგო.
კანადა-სერბეთის მატჩში გამარჯვებულს ნოვაკ ჯოკოვიჩ-მილოშ რაონიჩისა და იანკო ტიპსარევიჩ-ვაშეკ პოსპიშილის დაპირისპირებები გამოავლენენ.