საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნულ ჩემპიონატში გადამწყვეტი ფაზის დრო დადგა. მესამე-მეექვსე ადგილოსნები შაბათს, 3 მაისს პლეი ოფებში ჩაებმებიან და პირველობისა და საპრიზო ადგილების მაძიებელთა რიცხვი ორით შემცირდება.
რეგულარული პირველობის შედეგებიდან გამომდინარე, ორივე თამაშს თბილისი უმასპინძლებს, რაგბის კავშირის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ისინი პარალელურად გაიმართება და მაყურებელსაც ორ ნაწილად მოუწევს გაყოფა. ახლა ის პერიოდია, როდესაც ყველა თამაში მნიშვნელოვანია და არჩევანის გაკეთება გაჭირდება, რეგულარულ პირველობაში ნაჩვენები შედეგები კი, აზრს კარგავს და საჩემპიონო მარათონის გასაგრძელებლად გუნდებს მხოლოდ გამარჯვებისთვის მოუწევთ ბრძოლა.
“ავჭალაზე”, 16:30 საათზე, დედაქალაქურ დერბიში “ლოკომოტივი” “ჯიქებს” ეთამაშება. რკინიგზელებმა ჩემპიონატი მესამე საფეხურზე დაასრულეს, მათმა მეტოქემ მეექვსეზე, მაგრამ რეგულარულ პირველობაში ურთიერთშეხვედრებში ორივე გუნდმა თითო თამაში მოიგო. პირველ წრეში “ლოკომოტივმა” “შევარდენზე” 19:17 იმარჯვა. განმეორებით მატჩს “ავჭალამ” უმასპინძლა და აქ “ჯიქებმა” სრულფასოვანი რევანშის აღება მოახერხა - 25:17. მთლიანობაში, “ჯიქებმა” ამ შეხვედრებში ჯამში 5 ქულა აიღო (მცირე ანგარიშით მარცხისთვის პირველ თამაშში პრემიალური ქულა ჩაიწერა), ხოლო “ლოკომოტივმა” 4.
მოთამაშეთა სტატისტიკურ მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, აქ უპირატესობა “ლოკომოტივის” მხარესაა. ბექა წიკლაური 175 ქულით მესამე ადგილზეა (2 ლელო, 30 გარდასახვა, 31 ჯარიმა და 4 არეკნი), მაშინ, როდესაც ნუგზარ გიორგაძის ანგარიშზე 110 ქულაა (1 ლელო, 12 გარდასახვა, 27 ჯარიმა და ჯამში მე-6 ადგილი). სამაგიეროდ, მათ მეორე დამრტყმელიც ჰყავთ - რამაზ ხარაზიშვილი, რომლის ანგარიშზეც 82 ქულაა. ინდივიდუალური თვალსაზრისით “ლოკომოტივს” უკეთესი მაჩვენებელი აქვს მელელოვეებშიც - გიორგი ბიწაძემ 6 ლელო გაიტანა, გივი ბერიშვილმა 5, “ჯიქებიდან” კი, ამდენი ლელო არავის გაუტანია.
ტურნირის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, პლეი ოფის თამაშებს უცხოელი მსაჯები მოემსახურებიან და ისინი ირლანდიიდან ჩამოიყვანეს. ეს გარკვეულ პრობლემებს შექმნის, რადგან ქართველი მორაგბეებისთვის მათი მსაჯობის სტილი უცხოა.
“შევარდენზე”, 16:30 საათზე იწყება ბოლნისის “ყოჩებისა” და ქუთაისის “აიას” დაპირისპირება. ბოლნისელებმა დასკვნით ტურში “ლოკომოტივს” სძლიეს და ამით ქუთაისში მგზავრობა აიცილეს. მთლიანობაში, მათ უკანასკნელი 10 თამაშიდან 8 მოიგეს, ის ორი, თითო-თითო ქულით დათმეს და პლეი ოფს კარგ განწყობაზე ხვდებიან. შედეგების მიხედვით ბოლო დროს ერთგვარი ჩავარდნა ჰქონდა “აიას”, მაგრამ ეს ობიექტური მიზეზებით იყო განპირობებული. ამ გუნდის არაერთი ახალგაზრდა მორაგბე ასაკობრივ ნაკრებებში ქვეყნის სახელს იცავდა და მწვრთნელებს ფაქტობრივად ყველა მატჩში შეცვლილი შემადგენლობის გამოყვანა უხდებოდა.
რეგულარულ პირველობაში “ყოჩებმა” დიდი სხვაობით და უბრძოლველად მხოლოდ ერთი თამაში დათმო და ეს პირველ წრეში, ქუთაისში მოხდა - 45:10. სწორედ ამიტომ იყო მათთვის მნიშვნელოვანი ქუთაისში გამგზავრების თავიდან აცილება, რადგან იქ მათი შანსები შემცირდებოდა, ახლა კი, ეს შანსები თანაბარია. აღსანიშნავია, რომ განმეორებით მატჩში “ყოჩებმა” “შევარდენზე”, სადაც მომავალი თამაში შედგება, “აია” 18:12 დაამარცხა, თუმცა, ლელოებით 0:2 დამარცხდა.
ბოლნისური კლუბის ლიდერია გუნდის კაპიტანი თემურ სოხაძე, რომელიც 217 ქულით საუკეთესო ბომბარდირთა ცხრილსაც ლიდერობს. მან 3 ლელო, 23 გარდასახვა, 46 ჯარიმა და 6 არეკნი გაიტანა. არეკნის დამრტყმელი, რომელმაც შესაძლოა მატჩის ბედი გადაწყვიტოს, “აიასაც” ჰყავს - გაგა სინაურიძემ თამაშიდან 4 ზუსტი დარტყმა შეასრულა. ჯამში მას 88 ქულით ბომბარდირთა შორის მე-8 ადგილი უკავია (14 გარდასახვა, 16 ჯარიმა და 4 არეკნი). “ყოჩების” გამორჩეული მელელოვე დავით ხიდეშელია (6 ლელო), მასზე 1 ლელოთი ნაკლები აქვს გატანილი ლევან გოგოლაშვილის. “აიას” შემადგენლობაში 5-5 ლელო აქვთ გატანილი გიორგი აბრამიძეს და ზურაბ ძნელაძეს.
საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი
3 მაისი. პლეი ოფი. პირველი ეტაპი
თბილისი. “ავჭალა”. 16:30 საათი
- ლოკომოტივი (თბილისი) - ჯიქები (თბილისი)
თბილისი. “შევარდენი”. 16:30 საათი
- ყოჩები (ბოლნისი) - აია (ქუთაისი)
10-11 მაისი. პლეი ოფი. მეორე ეტაპი
I გამარჯვებული - II გამარჯვებული
არმია (თბილისი) - ლელო (თბილისი)