თუკი უცნაური ამბავი მოხდა და სადმე ჩვენს ქვეყანაში ნიგერიის საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივარს გადააწყდებით, იქავ ახსენეთ ჩემი სახელი და მსწრაფლივ მანდ გავჩნდები, რამეთუ ჭეშმარიტად მჯერა, რომ თუკი კაცს ნიგერიის ნაკრები უყვარს, მას ნაღდი ფეხბურთიცა ჰყვარებია და ნაღდი კაციც ისა ყოფილა. აგერ უკვე რამდენი ხანია თვალმოუშორებლად ვაკვირდებით აფრიკულ საფეხბურთო ოღრო-ჩოღრო პროგრესს და კვლავ პასუხგაუცემელი რჩება მარადიული კითხვა: ოდესმე დასტაბილურდებიან აფრიკული გუნდები? არადა, აფრიკელების სწორედ ასეთი წარმოუდგენელი თავისუფლება, ცოტა თავქარიანობა და პრაგმატიზმის სრული იგნორირება მომწონს. შეიძლება აქვე ვთქვათ, რომ ვისურვებდით ბევრი საჭირო თვისებები შავი კონტინენტის ბიჭებსაც ჰქონოდათ, მაგრამ როგორც ბათუმური ხინკალი ვერ ამაღლდება ხევსურეთამდე და როგორც თბილისში გაკეთებული აჭარული ხაჭაპური ვერასოდეს აჯობებს ბათუმურისას - ისე აფრიკელი ქურციკივით ბიჭები ვერ შეეგუებიან ათასგვარი ნახაზებით გადაძეძგილ სტრატეგიებსა და ტაქტიკებს.
მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ამ აფრიკელთა შორისაც არიან გამორჩეულნი და განსაკუთრებულნი. ესენი ნიგერიელები არიან. თუკი კარგად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ნიგერიელები ცოტა განსხვავებული აფრიკელები არიან და მათი ფეხბურთიც რაღაცნაირად ტკბილად თავქარიანულია. იყო დრო, როდესაც “სუპერარწივებად” სახელდებული ნიგერიის ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდი იყო მთელს აფრიკაში, მაგრამ ამის შემდეგ რამდენიმე თაობა შეიცვალა, ჯიგარი გახმა და მრავალი ცუდი ამბავიც მოხდა, რამაც ნიგერიელთა დამცრობა გამოიწვია. მაგრამ ის სიალალე ამ შავტუხა მხნე ბიჭებს ძველებურად დარჩათ. აგერ ავიღოთ თუნდაც ნიგერიის ახლანდელი ნაკრები. რა გუნდი ესაა? ვიღაც ბოსტვანებთან და ზაირებთან ჭიდილშიც კი ძალიან უჭირთ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვება. აფრიკის თასზე კი იმდენი ხანი ვერაფერი მოიგეს, ვინ დაითვლის ამ მჟავე და ცუდ წლებს. მაგრამ, როდესაც აფრიკის გუნდები თამაშობენ, გული ყოველთვის ნიგერიის თამაშის საცქერლად მიმიწევს და არც ერთხელ არ მახსოვს რომ ჩემი ნიგერიული არჩევანი მენანოს.
”აბუბიანაჰ ბეგნოლ ბუხრენ შიიი, ემენიკეეე, ონაზი ხერდეშ ბუ მუსაა” – მთელი ხმით ღრიალებს ნიგერიელი სპორტული კომენტატორი და მიუხედავად იმისა, რომ აქა-იქ მხოლოდ ფეხბურთელის გვარს თუ გამოარჩევ მისი საუბრიდან, მაინც ჩაუჯდები თუნდაც ისეთ ერთობ უცნაურ მატჩს, როგორიც ეთიოპიისა და ნიგერიის ნაკრებთა შეხვედრაა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრი საგზურის სიყვარულობის ამბავში. (ეს მატჩი ამა წლის 13 ოქტომბერს გაიმართა) უტევს ეს მუხლმადლიანი ემენეკე და ლამისაა შუაზე გადასკდეს ჩვენი ტკბილი კომენტატორიც. ყვირის, ჩურჩეულებს, აქა-იქ წამოტირებაც სცადა, მოკლედ ძალიან მაგარი კაცია! ძალიანაც რომ გინდოდეს ვეღარ მოწყდები ამ ამბებს... აგერ ბურთი ნიგერიელთა მცველს ეშიეჟილეს უჭირავს და შტერივით იხედება აქეთ-იქით. მართლაც კაი ბოთე ვინმეა ეს ეშიეჟილე, საფრანგეთის ჩემპიონატიდან მახსოვს, კაი მსუყე შეცდომებს უშვებდა ხოლმე დაცვაში. მგონი ახლაც საფრანგეთში თამაშობს, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? ჰოდა, უჭირავს ეშიეჟილეს ბურთი, დგას და ვერ გაურკვევია, რა უნდა ქნას. ამასობაში გარს სამი ეთიოპიელი შემტევი შემოერტყა ზუსტად ისე, ლომების ოჯახი უკვე გამოჭერილ და სირბილით დაღლილ ქურციკს რომ უვლიან გარშემო. ნიგერიელი ქომაგები ჩაჩუმდნენ, ეთიოპიელები ახმაურდნენ და ამ დროს ამ ჩვენმა ნაგიჟარმა კომენტატორმა არც მეტი, არც ნაკლები, სიმღერა დაიწყო. აბა იმ სიმღერის შინაარსს მე რას გავიგებდი, მაგრამ მივხვდი, რომ რაღაც სარიტუალო სიმღერას მღეროდა და ზეცასა ვფიცავ, თვალწინ დამიდგა გრძელწვერა აფრიკელი შამანი, რომელსაც ხელში პალმის რტო უჭირავს, დიდ თიხის ჯამში ქვიშას ყრის და სარიტუალო ლოცვას კითხულობს. ეთიოპიელები ძალიან ბოთე ვინმეები გამოდგნენ და ეს მშვენიერი მომენტი ვერ გამოიყენეს (მცველს ბურთი კი აართვეს, მაგრამ არაზუსტად დაჰკრეს კარისაკენ) ამოვისუნთქე მეც და გაიხარა იმ დალოცვილმა კომენტატორმაც. ამ მატჩში ნიგერიამ იმარჯვა და ბრაზილიისაკენ მიმავალი გზაც გაიკაფა. ამით მსოფლიოს ჩემპიონატის მოლოდინი კიდევ უფრო გამიმწვავდა. მარტო ის რად ღირს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ალალი, გულიანი და თავქარიანი ნიგერიელი ბიჭები დაბრუნდებიან! ვენაცვალე მაგათ!