მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სპორტის მინისტრი, ლევან ყიფიანი, ფეხბურთის ფედერაციასთან დაპირისპირების მიზეზს ახლო ან შორეულ მომავალში ვერ ხედავს, ფაქტია, რომ საქართველოს სპორტის სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის, მაინცა და მაინც “ტკბილი” ურთიერთობა არ უნდა იყოს. ამაზე თუნდაც ზვიად სიჭინავას სიტყვები მეტყველებს. მისი თქმით, ლევან ყიფიანმა სფფ-ს შეფს “საკუთარ სინდისში ჩახედვისაკენ და ფედერაციის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნისაკენ” მოუწოდა.
არის თუ არა ეს ფეხბურთის ფედერაციის საქმეებში ჩარევა – ეს უმჯობესია მკითხველმა განსაჯოს, თუმცა ჩვენი პოლიტიკის ისტორიის გაკვეთილები გვაჩვენებს, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლის პარალელურად, სპორტის სხვადასხვა სახეობების ფედერაციების ხელმძღვანელებიც იცვლებოდნენ. ზოგი საკუთარი განცხადების საფუძველზე მიდიოდა, ზოგის თანამდებობიდან წასვლას კი დიდი “ჯაჯგური” და სკანდალების აგორება სჭირდებოდა.
ამის ყველაზე ნათელი მაგალითია, სფფ-ს ყოფილი პრეზიდენტი, მერაბ ჟორდანია, რომელიც ე.წ. “ვარდების რევოლუციამდელ” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ხელმძღვანელობდა და მისი თანამდებობიდან გადადგომა ჩვენს ფეხბურთს კინაღამ უეფადან გარიცხვად დაუჯდა. მაშინ, როდესაც სპორტის სამინისტროსა და ფედერაციას შორის ურთიერთიობა დაიძაბა და საქმეში ყადაღის სახით ფინანსური ბერკეტებიც ჩაერთო, უეფამ ოფიციალური წერილიც კი გამოგვიგზავნა – ასე თუ გააგრძელებთ, ჩვენი რიგებიდან გაგრიცხავთ და მერე სანამ მოგწყინდებათ, იქამდე ატარეთ სფფ-ს რიგგარეშე არჩევნებიო. მაშინდელი სიტუაცია, ვერ ვიტყვით რომ მთლად დღევანდელის იდენტურია, მაგრამ ხელისუფლების ცვლა რომ ქართულ სპორტსაც ეხება, ეს უდავო და ადვილად შესამჩნევი ფაქტია.
ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში ჰოლანდიაში, ბელგიაში და მსგავს “ხელიხელსაგოგმანებ” ქვეყნებში ხელისუფლების ცვლა სპორტის სახეობებს ნამდვილად არ ეხებათ. ყოველ შემთხვევაში, ეს საკადრო ცვლილებებზე ნაკლებად აისახება. ამის მიზეზი პირველ რიგში ალბათ მაინც ისაა, რომ ამ ქვეყნებში ხელისუფლებები ისედაც ნაკლებად ერევიან სპორტში და მოქმედი ხელისუფლებებისათვის სპორტის სახეობათა ფედერაციების შიდა საქმეებით დაინტერესება პოლიტიკურად არამომგებიანია. ესეც არ იყოს, ევროპის ქვეყნების შემთხვევაში საქმე გვაქვს შემდგარ სამოქალაქო საზოგადოებებთან, რომლებიც უბრალოდ არ დაუშვებენ ასეთ რამეებს.
მაგრამ, ქართული რეალობა რომ სულ სხვაგვარია, ესეც ყველასათვის არის ნათელი. ჩვენში დამკვიდრებულია ე.წ. გუნდური პრინციპი, რაც მთლიანობაში მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ყველა ახლადდანიშნულმა მინისტრმა, გამგებელმა, პოლიციის უფროსმა თუ რომელიმე სპორტული ფედერაციის პრეზიდენტმა, გარშემო აუცილებლად “თავისი გუნდი” უნდა შემოიკრიბოს. ეს “თავისი გუნდი” კი სხვა არაფერს ნიშნავს, თუ არა ძმაკაც-მეგობრებს, რომლებიც საქმესაც ერთად აკეთებენ (თუ იციან საქმის კეთება) და რამე რომ იყოს, ერთურთის გადაცდომებზეც ისე კოხტად დახუჭავენ თვალებს – თქვენი მოწონებული...
უნდა ვაღიაროთ, რომ ქართული სპორტს აქამდე დიდწილად სწორედ ”გუნდები” მართავდნენ და რეალობა აჩენს იმის ეჭვებს, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. იმედი ვიქონიოთ, რომ ლევან ყიფიანი და ზვიად სიჭინავა (და სხვა სახეობების ფედერაციების პრეზიდენტებიც) ყველა პრობლემას მშვიდად მოაგვარებენ, რადგან წიოკი და გაწამაწია პირველ რიგში ქართულ სპორტს დააზარალებს. მაგრამ, ის მაინც ვერ გამიგია, რატომაა შეუძლებელი, რომ პოლიტიკურმა ცვლილებებმა სპორტს საერთოდ აუაროს გვერდი...
ვინც დანაშაულს სჩადის, ფულს იპარავს და დაკისრებულ მოვალეობას ცუდად ასრულებს, მათ “აზრზე მოსაყვანად” სახელმწიფოს უამრავი ბერკეტი გააჩნია. თუ კონკრეტული პირის გადაცდომა-შეცდომებზე რაიმე სახის დოკუმენტაცია არსებობს, დადონ ბატონო და აგერ ვართ ჩვენ და აგერაა პროკურატურა. მაგრამ, “მე ვარ და ჩემი ნაბადის” პოლიტიკა საქართველოში რომ უნდა დასრულდეს, აი ეს კი ნამდვილად ვიცი!
ლევან სეფისკვერაძე







