ფეხბურთი

1:45 | 23.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსიმ” მადრიდში გაძლო

მადრიდში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში ის ანგარიში დაფიქსირდა, რომელიც “ატლეტიკოსა” და “ჩელსის” წყვილის ფავორიტად ლონდონურ გუნდს აქცევს. ჟოზე მოურინიოს შეგირდები “ვისენტე კალდერონზე” ჩატარებული მთელი თამაშის განმავლობაში საკუთარი კარის დაცვაზე იყვნენ ორიენტირებულნი და მიზნის მიღწევისთვის 2 ძალზე საჭირო ფეხბურთელის გამოკლების მიუხედავად, მათ დასახული ამოცანა მაინც შეასრულეს.

“ჩელსის” რომ მადრიდში უგოლო ფრეც აწყობდა, ეს ინგლისელთა სასტარტო შემადგენლობის გაცნობისთანავე ცნობილი ხდებოდა. მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე, “ატლეტიკოს” თავდამსხმელს, დიეგო კოსტას, 35 გოლი აქვს გატანილი, “ჩელსის” მთელი ძირითადი შემადგენლობის ანგარიშზე კი მხოლოდ 30 გოლია. მოურინიომ არჩევანი თავიდანვე ისეთ ფეხბურთელებზე გააკეთა, რომლებსაც დაცვაში თამაში ეხერხებათ და პორტუგალიელმა მიზანს მიაღწია კიდეც.

“ჩელსის” მთელი თამაშის განმავლობაში მომენტი არ შეუქმნია. პირველ ტაიმში, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ამას ვერც “ატელტიკო” ახერხებდა. შესვენებამდე ერთადერთი გამოსარჩევი ეპიზოდი პეტერ ჩეხის ტრავმა იყო. ლონდონელთა კარის დარაჯმა, მე-18 წუთზე, ხელი დაიზიანა და მის ნაცვლად მოედანზე ვეტერანი მარკ შვარცერი შევიდა. ავსტრალიელი მეკარე ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენი გახდა. მეოდანზე შესვლის დროს, ის 41 წლისა და 198 დღის იყო, რაც ამ ტურნირის ფლეი ოფის რეკორდია.

შესვენების შემდეგ “ატლეტიკომ” შეტევებს უმატა. “ჩელსის” განსაკუთრებით 73-ე წუთის შემდეგ გაუჭირდა, როდესაც ჯონ ტერიმ ტრავმა მიიღო. მისი მოედნიდან გასვლის შემდეგ, მადრიდელი ფეხბურთელები მეტოქის საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლებს ხშირად იგებდნენ, მაგრამ ზუსტად დარტყმას ვერ ახერხებდნენ. შედეგად, მიმდინარე გათამაშებაში პირველად მოხდა, რომ “ატლეტიკომ” გოლი ვერ გაიტანა. თუმცა, დიეგო სიმეონეს გუნდი კვლავ წაუგებელია.

დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ დაფიქსირებული ანგარიში ხელს “ჩელსის” აძლევს. ამავეს ამტკიცებს ევროტურნირების ფლეი ოფების ისტორია – პირველი მატჩის სტუმრად უგოლოდ ჩატარება მომდევნო ეტაპზე გასვლის 67.4%-იან შანსს იძლევა. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ “ჩელსი”, სტუმრად 0:0 დაფიქსირების შემდეგ, 3 შემთხვევიდან, შემდეგ ეტაპზე მხოლოდ ერთხელ გავიდა. “ატლეტიკოს” საკუთარ კედლებში ამ ანგარიშით აქამდე ერთხელ უთამაშია. ეს 1974 წელს მოხდა, როდესაც მადრიდელები ჩემპიონთა თასის/ლიგის ნახევარფინალში აქამდე ბოლოს იყვნენ გასულნი. 40 წლის წინათ, მადრიდელებმა ორრაუნდიანი დაპირისპირების მოგება მოახერხეს.

 

ატლეტიკო-ჩელსი 0:0

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ატლეტიკო (4-4-2): კურტუა, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე, გარსია (ვილია 86), გაბი, სუარესი (სოსა 79), კოკე, კოსტა, დიეგო (თურანი 60)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ჩელსი (4-3-3): ჩეხი (შვარცერი 18), ასპილიკუეტა, კეჰილი, ტერი (შიურლე 73), კოული, მიკელი, ლუისი, ლემპარდი, რამირესი, ტორესი, ვილიანი (ბა 90+4)

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გაფრთხილებები: გაბი 75, მირანდა 89 – ლემპარდი 64, მიკელი 75, ბა 90+5

მსაჯი: იონას ერიკსონი (შვედეთი)

ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 26 (10)-5 (3), კუთხური: 6-4, თამაშგარე: 4-0, სეივი: 3-10, ჯარიმა: 13-17.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.307632