ფეხბურთი

0:03 | 6.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” ისევ ლიდერია

 

ტურის ადრეულ მატჩში, “სიტიმ” “საუთჰემპტონს” 4:1 მოუგო, თუმცა ყველაფერი ისე იოლად არ ყოფილა, როგორც ანგარიშიდან ჩანს. გადამწყვეტი, პირველი ტაიმის დამატებული წუთი აღმოჩნდა. ამ დროს ანგარიში 1:1 იყო და სათამაშო უპირატესობას საუთჰემპტონელები ფლობდნენ. თუმცა”ქალაქელებს” სწრაფი კონტრშეტევა გამოუვიდათ: ტურეს დაწყებული კომბინაცია ჯეკომ გააგრძელა, ბოსნიელმა ქუსლით დაუგორა ბურთი დავიდ სილვას, რომელიც სავარაუდოდ, თამაშგარე მდგომარეობაში იყო, მაგრამ არც მთავარ არბიტრს და არც თანამსაჯს, რეაგირება არ მოუხდენიათ. სილვამ ნასრი მოძებნა და ფრანგს გატანა არ გასჭირვებია. მერე, სანამ სტუმართა დამრიგებელი, პოჩეტინო პროტესტს გამოხატავდა, მასპინძლებმა მესამეც შეაგდეს და ამით, საქმე, ფაქტობრივად, მოაგვარეს. გოლი კოლაროვის გადაცემით ჯეკომ გაიტანა თავით.  

პირველ ნახევარში სტუმრები უკეთ გამოიყურებოდნენ და მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისშივე ჯეკოს წაქცევისთვის დანიშნული პენალტი იაია ტურემ ზუსტად დაარტყა, ბურთის კონტროლს აგრძელებდნენ. გაათანაბრეს კიდეც, ახლა უკვე კორკის წაქცევისათვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ლამბერტმა გარდასახა ზუსტად.

მაგრამ მანამადე იყო მომენტი, რომელმაც ტრიბუნაზე მყოფი ინგლისის ნაკრების მწვრთნელი როი ჰოჯსონიც დააღონა. სტუმართა მთავარმეგოლე ჯეი როდრიგესი უხერხულად დაეცა, მუხლი დაიზიანა და მოედნიდან საკაცით გასაყვანი შეიქნა. ერთი შეხედვით ტრავმა სერიოზული ჩანს და როდრიგესმა, შესაძლოა, ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატიც გამოტოვოსო, - წერენ ჩვენი ბრიტანელი კოლეგები. თუმცა ზუსტ პასუხს, ალბათ მალე გავიგებთ. არადა, წლევანდელ სეზონში მან 15 გოლი გაიტანა, აქედან ხუთი ბოლო ოთხ მატჩში.

მეორე ტაიმი ნაკლებად საინტერსო გახლდათ. “საუთჰემპტონს” ძალა გამოელია და “სიტიმ” წყნარად მიიყვანა შეხვედრა გამარჯვებამდე. უფრო მეტიც, მატჩის მიწურულს შეცვლაზე შესულმა ჩერნოგორიელმა იოვეტიჩმა კიდევ ერთი გოლი დაამატა მასპინძელთა ანგარიშს.

“ჩვენ უკეთ ვირჯებოდით, მაგრამ შემდეგ საქმეში თანამსაჯი ჩაერია და თამაში მოკლა. მეორე გოლი წესის აშკარა დარღვევით გაგვიტანეს, ასეთი ნაღდი თამაშგარეს არდანახვა ალბათ ძალიან ძნელია,” – უთხრა მერე პოჩეტინომ reuters-ს.

მანუელ პელეგრინი: “ზეწოლა? ოთხივე გუნდი, რომლებიც ახლა ჩემპიონობისთვის იბრძვიან, გარკვეულ ზეწოლას განიცდიან. ასე ვართ ჩვენც. ყველამ ვიცით, რომ ყოველ მატჩში გასამარჯვებლად უნდა გავიდეთ მინდორზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი წყალში ჩაიყრება. ახლა საჭიროა ისე გავაგრძელოთ, როგორც დღეს მეორე ტაიმში ვითამაშეთ. თებერვალში ცოტა მოვუკელით, მაგრამ ახლა გუნდმა საუკეთესო ფორმა დაიბრუნა.”

მოიგო მეორე მანჩსტერულმა გუნდმაც. “წითელმა ეშმაკუნებმა” სტუმრად “ნიუკასლს” 4 უპასუხო ბურთი გაუტანეს. მათი შემადგენლობის გადახედვისას ვხდებით, რომ “ბაიერნთან” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთედფინალის წინ, დევიდ მოიესმა რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს, მცირედ დაშავებული რუნის თამადობით, სულის მოთქმის საშუალება მისცა და ერთგვარად ექსპერიმენტული კრებული გაიყვანა მინდორზე. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია სტუმრებისთვის ლაღი ფეხბურთი ეთამაშათ. ამ კამპანიაში გაიხარა ხუან მატამ. ესპანელმა შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში, მეორე ტაიმის დასაწყისში კი სწორად გაერკვა მეტოქის საჯარიმოში და დუბლი მიითვალა. ამას ჩიჩარიტომ და იანუზაიმ თითოც დაამატეს და ანგარიში გამანადგურებელი გახადეს. აი, “ნიუკასლი” კი დილემის წინაშე დგას. “კაჭკაჭებმა” ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგეს საერთო ანგარიშით 0:11…ასე რომ, ალან პარდიუს სკამი უკვე რყევას იწყებს.

აუტსაიდერმა “ფულემმა” ფელიქს მაგათის ხელმძღვანელობით სტუმრად მეორედ გაიმარჯვა. დებიუტანტმა “კრისტალ პალასმა” კი სტუმრად მეორე დებიუტანტი “კარდიფი” გაანადგურა და ნელ-ნელა შორდება გასავარდნ ზონას.

დღის გვიანი მატჩი კი “სტემფორდ ბრიჯზე” გაიმართა და “ჩელსიმ” “სტოკი” უპრობლემოდ დაამარცხა. პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალის წინ, ჟოზე მოურინიუმ ოსკარი დაასვენა, აზარი კი მოგვიანებით შეუშვა მინდორზე. სამაგიეროდ მატჩის გმირი გახდა 21 წლის ეგვიპტელი მუჰამედ სალაჰი, რომელმაც თავადაც გაიტანა და ბოლოს ვილიანსაც გაატანინა. საინტერესოა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში “სტოკს” ერთი სახიფათო მომენტიც არ შეუქმნია. ყურადღების ცენტრში მოექცა ლამპარდიც. 61-ე წუთზე ფრენკმა ძლიერად დაარტყა პენალტი, ბეგოვიჩმა მოიგერია, მაგრამ გამოვარდნილ ბურთს პირველმა ისევ “ლემპსმა” მიუსწრო და მაინც გაიტანა.

“ჩელსი” კვლავ ლიდერია, თანაც პარიზელებთან მატჩის წინ იმედს ისიც უძლიერებთ, რომ შარშანაც, “ნაპოლისთან” ჩემპიონთა ლიგის ცნობილი “ქამბექის” წინ, სწორედ “სტოკი” დაამარცხეს.

 

 

მანჩესტერ სიტი – საუთჰემპტონი 4:1 (3:1)

მანჩესტერი. “ეტიჰედი.” 47 009

მანჩესტერ სიტი: ჰარტი, კომპანი, დემიკელისი, საბალეტა, კოლაროვი, ნასრი, დავიდ სილვა (იოვეტიჩი 77), იაია ტურე, ხესუს ნავასი, ფერნანდინიო (ხავი გარსია 46), ჯეკო (ნეგრედო 65)

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

საუთჰემპტონი: გასანიგა, ჟოზე ფონტე, ლოვერნი, შოუ, დევისი (გალახერი 75), ლალანა, კორკი (ვანაიამა 80), შნაიდერლინი, ჩემბერსი, როდრიგესი (უარდ-პროუსი 26), ლამბერტი,

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლები: 1:0 იაია ტურე (3 პენალტით), 1:1 ლამბერტი (37 პენალტით), 2:1 ნასრი (45+1), 3:1 ჯეკო (45+4), 4:1 იოვეტიჩი (81)

გაფრთხილება: ფერნანდინიო (44), ხავი გარსია (68), იაია ტურე (78)

მსაჯი: კრის ფოი

ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 4(4)-0(3), ჯარიმა: 8-14, კუთხური: 5-9, თამაშგარე: 1-1, სეივი: 0-4

 

ასტონ ვილა – ფულემი 1:2 (0:0)

ბირმინგემი. “ვილა პარკი.” 33 532

ასტონ ვილა: გუზანი, ვლაარი, ბერტრანი, ბენეტი (ტონევი 66), ლაუტონი, ბეიკერი, ვესტვუდი, ოლბრაიტონი (ბოუერი 90+1), ბაკუნა, ჰოლტი, ვაიმანი

მწვრთნელი: პოლ ლამბერტი

ფულემი: სტოკდეილი, ჰეიტინგა, ამორებიეტა, ჰანგელანდი, რითერი, დიარა, სიდუელი, რიჩარდსონი, ჰოლტბი, კასამი (დეჟაგა 46), ვუდროუ (როდალეგა 46)

მწვრთნელი: ფელიქს მაგათი

გოლები: 0:1 რიჩარდსონი (61), 1:1 ჰოლტი (70), 1:2 როდალეგა (86)

გაფრთხილება: ბენეტი (59), ვესტვუდი (67), ოლბრაიტონი (90+1); სიდუელი (84), ჰოლტბი (87)

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 5(3)-6(4), ჯარიმა: 11-13, კუთხური: 2-7, თამაშგარე: 0-1, სეივი: 6-5

 

კარდიფ სიტი – კრისტალ პალასი 0:3 (0:1)

კარდიფი. “კარდიფ სიტი სთედიუმი.” 27 687

კარდიფ სიტი: მარშალი, ტეილორი, ტერნერი, თეოფილე კეტრინი, კოლკერი, მედელი, მატჩი, დელი (ბელამი 72), ჯონსი (ქოუვი 78), კემპბელი, ზაჰა (ნუნი 62)

მწვრთნელი: ოლე გუნარ სოლსკიაერი

კრისტალ პალასი: სპერონი, მარიაპა, დელანი, დანი, უარდი, იედინაკი, დიკხაცოი, ლედლი (პარი 79), პანჩონი, ბოლასიე (შამახი 64), ჯერომი (მიურეი 83)

მწვრთნელი: ტონი პულისი

გოლები: 0:1 პანჩონი (31), 0:2 ლედლი (71), 0:3 პანჩონი (88)

გაფრთხილება: მედელი (70), ტერნერი (68); ჯერომი (35), უარდი (38), მარიაპა (74), ლედლი (78)

მსაჯი: ფილიპ დოუდი

ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 3(9)-4(2), ჯარიმა: 4-13, კუთხური: 10-3, თამაშგარე: 0-0, სეივი: 5-4

 

ჰალ სიტი – სუონსი 1:0 (1:0)

ჰალი. “კინგსტონ კომიუნიქეიშენი.” 22 744

ჰალ სიტი: ჰარპერი, როსენიორი, ფიგეროა (კორენი 75), დევისი, ჩესტერი, ელ მუჰამადი, მეილერი, ლივერმორი, ლონგი (ალუკო 64), იელავიჩი (საგბო 90+1), ბოიდი

მწვრთნელი: სტივ ბრიუსი

სუონსი: ვორმი, უილიამსი, ანხელ რანხელი, ჩიკო, დევისი, დე გუზმანი (დაიერი 46), რუტლიჯი, ბრიტონი (ლიტა 83), შელვი, მიჩუ (პაბლო ერნანდესი 74), ბონი

მწვრთნელი: გარი მონკი

გოლი: 1:0 ბოიდი (39)

გაფრთხილება: შელვი (41), პაბლო ერნანდესი (74)

მსაჯი: ჰოვარდ უები

ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 3(5)-2(9), ჯარიმა: 4-21, კუთხური: 7-2, თამაშგარე: 3-0, სეივი: 2-3

 

 

ნიუკასლი – მანჩესტერ იუნაიტედი 0:4 (0:1)

ნიუკასლი. “სენტ ჯეიმსიზ პარკი.”

ნიუკასლი: ელიოტი, კოლოჩინი, უილიამსონი, სანტონი, ჰაიდარა, ტიოტე, გოსლინგი, ანიტა, გუფრანი (შოლა ამეობი 85), სისე, დე იონგი (ბენ არფა 61)

მწვრთნელი: ალან პარდიუ

მანჩესტერ იუნაიტედი: ლინდეგაარდი, ევრა (ბიუტნერი 64), სმოლინგი, ჯონსი, ვალენსია, იანგი (იანუზაი 18), ფლეტჩერი, ფელაინი (ნანი 69), მატა, კაგავა, ერნანდესი

მწვრთნელი: დევიდ მოიესი

გოლები: 0:1, 0:2 მატა (39, 50), 0:3 ერნანდესი (65), 0:4 იანუზაი (90+3)

გაფრთხილება: ტიოტე (52)

მსაჯი: კევინ ფრენდი

ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 6(7)-0(3), ჯარიმა: 17-4, კუთხური: 4-5, თამაშგარე: 0-2, სეივი: 0-4

 

ნორვიჩი – ვესტ ბრომვიჩი 0:1 (0:1)

ნორვიჩი. “ქეროუ როუდი.” 26 859

ნორვიჩი: რადი, მარტინ ოლსონი (გუტიერესი 81), იობო, ბასონგი, მარტინი, ტეტი, ჰულაჰანი (რედმონდი 64), სნოდგრასი, ჰაუსონი, ელმანდერი (ბეკიო 70), ჰუპერი

მწვრთნელი: კრის ჰოუტონი

ვესტ ბრომვიჩი: ფოსტერი, იონას ოლსონი, რიდი, რიჯუელი, მაკოლი, ამალფიტანო, სესენონი, მორისონი, მულუმბუ, დორანსი (გერა 77, ო’ნილი 83), ვიდრა (ბერაინო 71)

მწვრთნელი: პეპე მელი

გოლი: 0:1 ამალფიტანო (16)

გაფრთხილება: ტეტი (44)

მსაჯი: მარკ კლატენბურგი

ბურთის ფლობა: 66%-34%, დარტყმა: 3(7)-4(2), ჯარიმა: 11-10, კუთხური: 7-3, თამაშგარე: 1-1, სეივი: 4-4

 

ჩელსი – სტოკი 3:0 (1:0)

ლონდონი. “სტემფორდ ბრიჯი.” 41 168

ჩელსი: ჩეხი, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, ასპილიკუეტა, ლამპარდი (დავიდ ლუისი 70), ვილიანი (ეშლი კოული 78), მატიჩი, მუჰამედ სალაჰი, ფერნანდო ტორესი, შურლე (აზარი 59)

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიუ

სტოკი: ბეგოვიჩი, პეტერსი, შოუქროსი, უილსონი, კამერონი (უილკინსონი 46), პალასიოსი (ადამი 46), ველანი, ნ’ზონზი, კრაუჩი (უოლტერსი 78), ოდემვინგიე, არნაუტოვიჩი

მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

გოლები: 1:0 მუჰამედ სალაჰი (32), 2:0 ლამპარდი (61), ვილიანი (72)

61-ე წუთზე ლამპარდმა პენალტი ვერ გაიტანა

გაფრთხილება არ ყოფილა

მსაჯი: ლი პრობერტი

ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 5(7)-2(2), ჯარიმა: 8-17, კუთხური: 7-3, თამაშგარე: 1-1, სეივი: 2-5

 

მეგოლეები:

29 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)

20 – დენიელ სტარიჯი (“ლივერპული”)

18 – იაია ტურე (6, “მანჩესტერ სიტი”)

15 – ჯეი როდრიგესი (“საუთჰემპტონი”), სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”), უეინ რუნი (2, “მანჩესტერ იუნაიტედი”)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.143171