ფეხბურთი

2:22 | 16.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” 2 ევროტურნირის მოქმედი გამარჯებულია

7-ჯერ გავიდა “ბენფიკა” ევროტურნირის ფინალში 1962 წლის შემდეგ და შვიდივეჯერ წააგო. ამჯერად, პორტუგალიელების დამარცხება ლონდონის “ჩელსიმ” მოახერხა, რომელიც ბრანისლავ ივანოვიჩის მიერ ბოლო წამებზე გატანილი გოლის წყალობით, უახლოესი 10 დღის განმავლობაში, ორივე ევროტურნირის მოქმედი გამარჯვებულია.

პირველი ტაიმი “ბენფიკას” უპირატესობით წარიმართა, მაგრამ მეტოქის საჯარიმოში სიტუაციის გამწვავების შემდეგ, ლისაბონელები ზუსტად დარტყმას ვერ ახერხებდნენ. ლონდონელები პირიქით – ფონს გასვლას შორეული დარტყმებით ცდილობდნენ. ერთ-ერთი ასეთი გასროლის შემდეგ, ლემპარდმა ბურთს მეკარისთვის არახელსაყრელი ტრაექტორია მისცა, მაგრამ მორაეშმა ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა და ანგარიშის გახსნა მე-2 ტაიმისთვის გადადო.

მე-2 ნახევარი “ბენფიკას” შეტევებით დაიწყო, მაგრამ პირველი გოლი მაინც “ჩელსიმ” გაიტანა. 59-ე წუთზე, ჩეხმა, ედუარდო სალვიოს დარტყმის შემდეგ, ბურთი ხელში დააფიქსირა და ის მოედნის ცენტრში მყოფი მატასკენ გაგზავნა. ესპანელმა, ერთი მოძრაობით, თანამემამულე ტორესი მოძებნა. ამ უკანასკნელმა ძალიან კარგად ითამაშა და ჯერ გარაის ბარიერი დასძლია, შემდეგ ლუიზაოსი, ხოლო ბოლოს მეკარეც მოატყუა და ცარიელ კარში გატანით ანგარიში გახსნა.

66-ე წუთზე, ჟორჟე ჟეზუსმა მოედანზე ლიმა შეუშვა და ამ ცვლილებამ ერთ წუთში გაამართლა. ბრაზილიელმა ბურთი საჯარიმოში თავით შეიგდო, რის შემდეგაც, ასპილიკუეტამ ხელით ითამაშა და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც გოლად კარდოსომ აქცია.

შეხვედრის დარჩენილ ნაწილში, სანამ გადამწყვეტი გოლი გავიდოდა, გუნდებმა თითო სახიფათო შორეული დარტყმა გაცვალეს. კარდოსოს ჩეხმა აჯობა, ხოლო ლეპმარდის დარტყმის შემდეგ, “ბენფიკას” კარი ძელმა იხსნა.

არბიტრმა ძირითად დროს 3 წუთი დაამატა. ამ დროის ამოწურვამდე წუთზე ნაკლები რჩებოდა და “ჩელსი” კუთხურს აწვდიდა. მატამ ბურთი ლონდონელი ფეხბურთელებისგან ცარიელ ზონაში ჩააწოდა და “ბენფიკას” საფრთხე, თითქოს, არ ემუქრებოდა. თუმცა, ტრავმირებული გარაის გარეშე დარჩენილი დაცვის შეცდომის წყალობით, გოლი მაინც გავიდა. კუთხურის მოწოდების შემდეგ, ბურთზე თამაში ივანოვიჩმა გადაწყვიტა, რომელმაც რამდენიმე ნაბიჯი ისე გადადგა, რომ მისი შეჩერება არავის უცდია. შედეგად, ორ მეტოქეს შორის მოქცეულმა სერბმა უკანახაზელმა თავით იმდენად ზუსტად დაარტყა, რომ მორაეშს ბურთის მოგერიების შანსი არ დაუტოვა. ივანოვიჩის ამ დარტყმის წყალობით, 1999 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ევროტურნირის ფინალის ბედი მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. 14 წლის წინათაც, გამარჯვება ინგლისურმა გუნდმა იზეიმა.

 

ბენფიკა-ჩელსი 1:2 (0:0)

ამსტერდამი, “ამსტერდამ არენა” 53000

ბენფიკა (4-3-3): მორაეში, ალმეიდა, ლუიზაო, გარაი (ჟარდელი 78), მელგარეხო (ჯონი 66), პერესი, მატიჩი, მორენო (ლიმა 66), გაიტანი, კარდოსო, სალვიო.

მწვრთნელი: ჟორჟე ჟეზუსი.

ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი, ასპილიკუეტა, ივანოვიჩი, კეჰილი, კოული, ლემპარდი, ლუისი, რაირესი, მატა, ოასკარი, ტორესი.

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.

გოლები: 0:1 ტორესი (60), 1:1 კარდოსო (68, პენ), 1:2 ივანოვიჩი (90+3).

გაფრთხილებები: გარაი 45, ლუიზაო 62 – ოსკარი 14.

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია).

ბურთის ფლობა: 54%-46%; დარტყმა: 17 (11)-11 (7); კუთხური: 4-4; თამაშგარე: 1-8; სეივი: 3-3; ჯარიმა: 17-16.

0.909203