ძიუდო

21:31 | 28.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჩელიაბინსკში გატეხილი ნავსი

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ოქროს მედლის გემო გაიხსენა. დღეს, ჩელიაბინსკის დარბაზში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) ავიდა. ძიუდოისტმა, რომელმაც ბოლო სამ წელიწადში ევროპირველობის ფინალში ორჯერ იჭიდავა და ორჯერვე ვერცხლს დასჯერდა, რუსულ ტატამზე შეუდარებლად წარმოაჩინა თავისი შესაძლებლობები და ნანატრი ოქროც ალალად დაიმსახურა.
მიუხედავად იმისა, რომ უფროსებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი აქამდე არ გამხდარა, ვარლამ ლიპარტელიანმა მაინც შეძლო ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბება. ქართულ ძიუდოში დატრიალებული აურზაურისა და ძიუდოს წესების შეცვლის გამო ერთხანს “აირია” და გაჩნდა საშიშროება, რომ მუდმივად ფავორიტებში მოტრიალე სპორტსმენი დიდ კონკურენციას ვეღარ უძლებდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე სრულყოფილი ჭიდაობით ყველას დაუმტკიცა, რომ წარუმატებელი პერიოდი უკვე უკანაა. წინ ქართველ ძიუდოისტს ლონდონის ოლიმპიური თამაშები აქვს. ევროპის ჩემპიონატის წაუგებლად ჩამთავრება და ჩემპიონის ტიტულის მოპოვება კი საკუთარი ძალის რწმენას შემატებს.
ოქროს გზას ლიპარტელიანი ევროპირველობებზე ყველა სინჯის მედლის მომგროვებელი ესპანელის, დავიდ ალარზას ძლევით შეუყვა - მეტოქეს გაფრთხილებებით გასცდა. ბრიტანელ ვინსტონ გორდონს მესამე წუთის დასაწყისში მოუმთავრა საქმე, აზერბაიჯანელ ტიმურ ალიხანოვს იუკო ილეთად აუღო, ხოლო ვაზარი შიდოებით, ფრანგი რომენ ბუფე ორწუთნახევარში დააიპონა. ფინალში კი მასპინძელთა ჯილას, გრიგორი სულემინს ულამაზესი გდებით მოუგო. მარცხით გაბრაზებულმა და იმედგაცრუებულმა რუსმა ხელის ჩამორთმევაც არ ინება, თითქოს შედეგი უსამართლო ყოფილიყო.
ლიპარტელიანის გაჩემპიონებიდან ოციოდ წუთში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლის უფლების მოპოვება ლევან ჟორჟოლიანსაც შეეძლო, მაგრამ მიზნამდე ბოლო ნაბიჯი დააკლდა – ფინალში ებრაელ არიელ ზეევთან ვაზარზე წამოეგო, ჩამორჩენა ვეღარაფრით აღმოფხვრა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამ შეხვედრამდე ჟორჟოლიანმა სამი მეტოქე ჩამოიშორა: პოლონელი რაფალ ფილეკი, ბელარუსი იაუჰენ ბიადულინი და გერმანელი დინო პფაიფერი.
არიელ ზეევმა ჟორჟოლიანის ძლევამდე ძირითად ბადეში ირაკლი ცირეკიძის ჩამოცილებაც მოასწრო. სამთვიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ ტატამს დაბრუნებული ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ევროპირველობაზე უმედლოდ დარჩა. მეტიც, ჩელიაბინსკური ტურნირი ისე ჩაიჭიდავა, ილეთი არ გაუკეთებია, მაგრამ მინიმუმ ნახევარფინალში გასვლას მაინც იმსახურებდა. საუბარია სწორედ ზეევთან ჩატარებულ მეოთხედფინალურ შეხვედრაზე, რომელშიც ქართველმა ებრაელ მეტოქეს ძირითად და განსაკუთრებით დამატებით დროში აქტიურობით აშკარად აჯობა. დამატებით დროში მსაჯებმა არიელ ზეევი პასიურობის გამო შიდოთიც დასაჯეს, მაგრამ ჰანტეიში სრულიად მოულოდნელად მისი კიმონოს ფერი ალმები აღმართეს. რეპეშაჟის ნახევარფინალში გადართულმა ცირეკიძემ აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვთან ორი იუკოთი წააგო და საბოლოოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა. ამ ორ მარცხამდე ქართველმა ძიუდოისტმა ლატვიელი იევგენის ნოროდავკოს უილეთოდ (ორი შიდოთი) დამარცხება მოასწრო.
მძიმეწონოსან ადამ ოქრუაშვილს სამეულამდე ერთი ნაბიჯიღა დააკლდა. ძირითად ბადეში რუმინელი ვლადუტ გეორგე სიმონესკუს წმინდად ძლევის შემდეგ მეოთხედფინალში ლიტველ მარიუს პასკევიჩუსთან საკუთარ წამოწყებულ ილეთზე ბეჭებზე დავარდა და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო. ჰოლანდიელ ლუუკ ვერბიჟს ორმოცი წამი აკმარა, მაგრამ “ბრინჯაოს ფინალში” პოლონელ იანუშ ვოინაროვიჩთან ვეღარას გახდა და მეხუთე ადგილი დაიკავა.
მძიმე წონაში საქართველოს დროშის ქვეშ ზვიად ხანჯალიაშვილმაც იჭიდავა, მაგრამ ტატამზე მხოლოდ ორჯერ გავიდა. მერვედფინალში, სლოვენიელ მატიაჟ სერაჟთან, მაშინ, როდესაც ვაზარს იგებდა კისრულზე წამოეგო.
დღესვე, ჩელიაბინსკში ტატამზე ზურაბ ზვიადაურიც (90 კგ) უნდა გასულიყო. წილისყრის მიხედვით, მერვედფინალში მისი და ჯარჯი ზვიადაურის გზები კვეთდა ერთმანეთს, მაგრამ ბიძაშვილთაგან ამ ეტაპს ვერც ერთმა ვერ უწია. ჯარჯი საწყის ეტაპზევე დამარცხდა, ზურაბს კი სავარაუდოდ ტრავმის გამო კიმონო საერთოდ არ ჩაუცვამს.
ამრიგად, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი თითო ოქრო-ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. შეგახსენებთ, ტურნირის პირველ დღეს ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (66 კგ) მესამე ადგილები დაიკავეს. ინდივიდუალური პირველობის საერთო გუნდურ ჩათვლაში კი პიტერ ზაიზენბახერის გუნდი მხოლოდ რუსეთის ნაკრებს ჩამორჩა.
ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს - 29 აპრილს ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები გუნდურ ჩათვლაში გამოვლინდებიან.

ძიუდო
ევროპის ჩემპიონატი
ჩელიაბინსკი
28 აპრილი


90 კგ
1 ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)
2 გრიგორი სულემინი (რუსეთი)
3 ანდრეი კაზუსიონაკი (ბელარუსი)
3 კრისტოფ ლამბერტი (გერმანია)

100 კგ
1 არიელ ზეევი (ისრაელი)
2 ლევან ჟორჟოლიანი (საქართველო)
3 ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი)
3 ზაფარ მახმადოვი (რუსეთი)
7 ირაკლი ცირეკიძე (საქართველო)

+100 კგ
1 ალექსანდრ მიხაილინი (რუსეთი)
2 ბარნა ბორი (უნგრეთი)
3 მარიუს პასკევიჩუსი (ლიტვა)
3 იანუშ ვოინაროვიჩი (პოლონეთი)
5 ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)

გუნდური ჩათვლა. კაცები
                      ო  ვ  ბ  V  VII

1 რუსეთი            4    2    1    0    2
2 საქართველო 1   1   2   2   3
3 ისრაელი           1    0    1    0    0
4 საფრანგეთი     1    0    0    2    1
5 პოლონეთი       0    1    1    1    0

ოთარ მაღლაკელიძე

ვიდეო

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097261