ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, რეზო ჩელებაძე კარგადაა ცნობილი როგორც 70-80-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი. “ჩელემ” (ასე ეძახდა მას გულშემატკივარი) თავისი წვლილი შეიტანა ბათუმის “დინამოს” საკავშირო პირველ ლიგაში გადასვლასა და თბილისის “დინამოს” იმდროინდელ წარმატებებში - საკავშირო თასის, ჩემპიონობის, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების, ევროპის თასის მფლობელთა თასის მოპოვებაში; ასევე, 1980 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია... ფეხბურთის გურმანებისთვის, ის ცნობილია როგორც მოაზროვნე, მოედნის შესანიშნავად ხედვის უნარის მქონე ფეხბურთელი, საჯარიმო მოედანში ფეხბურთელებით სავსე სივრცეში ბურთის უზადოდ მიღების, ერთი შეხებით დაგვირგვინების და პარტნიორისთვის ბურთის დაგდების ოსტატად, პენალტის ორიგინალურ შემსრულებლად...
შესაძლოა, ბევრმა ფეხბურთის მოყვარულმა არც იცოდეს, რომ რეზო ჩელებაძე იმ ისტორიული მატჩის მონაწილე და პირველი საგოლე კომბინაციის დამწყებია, როდესაც 1980 წელს, “მარაკანაზე”, საბჭოთა ნაკრებმა ბრაზილიის ნაკრები 2:1 დაამარცხა. “ჩელესთან” ერთად, იმ ნაკრების ღირსებას ალექსანდრე ჩივაძე და თენგიზ სულაქველიძე იცავდნენ, ხოლო ბრაზილიის ნაკრებს ტელე სანტანა წვრთნიდა და გუნდის ხერხემალს კი ჟუნიორი, სოკრატესი და ზიკო წარმოადგენდნენ.
რა იოლი იყო, ასეთი ბიოგრაფიის მქონე კაცს, წარსულის შარავანდედი აეფარებინა სარეკლამოდ და “სათავისო ეციცქნა”, მაგრამ ჩელებაძემ სხვა გზა ირჩია: საკუთარი ძალისხმევა ფეხბურთისკენ მიმართა და ისევ მას ემსახურება. ამჯერად, საკუთარ ქალაქში, ქობულეთში ზრუნავს ახალგაზრდა ფეხბურთელების დაოსტატებაზე. არსებობს გამოთქმა: “იოლია, გიყვარდეს სამყარო; გაცილებით ძნელია გიყვარდეს მეზობელი”. ასევე იოლია მსოფლიო ფეხბურთსა და ვარსკვლავებზე ლაპარაკი, კამათი იმაზე, “რეალი” უფრო ძლიერია, თუ “ბარსელონა”. გაცილებით ძნელია, ყოველდღიური, კონკრეტული საფეხბურთო პრობლემები მოაგვარო შენს ქალაქში; ყველაფერი გააკეთო საიმისოდ, რომ ახალგაზრდებს, სიძნელეებით სავსე, მძიმე საფეხბურთო ცხოვრება შეუმსუბუქო. რეზო ჩელებაძე საფეხბურთო კლუბ “შუქურას” დირექტორია, თუმცა, კლუბის დირექტორობა სრულად ვერ ასახავს იმას, რასაც ჩელებაძე ქობულეთის ფეხბურთში აკეთებს. მისი ყოველდღიური აქტიურობით იქნა მიღწეული, რომ ქობულეთის სტადიონზე, საუკეთესო ხარისხის ხელოვნურსაფარიანი მოედანია, რამაც ეს ქალაქი, რეგიონალურ საფეხბურთო ცენტრად აქცია. გარდა იმისა, რომ ბათუმის “დინამოც” აქ ატარებს საშინაო მატჩებს, საქართველოს არაერთი გუნდი გადის მოსამზადებელ პერიოდს, რომ აღარაფერი ვთქვათ ბავშვთა საფეხბურთო სკოლებზე. შარშან, “შუქურა” უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძოდა, მაგრამ ვერ მოახერხა. წელს, ჩელებაძემ გუნდი თავის ყოფილ მწვრთნელს, ვალერიან ჩხარტიშვილს ჩააბარა, გუნდის დირექტორატში კი ავთანდილ გორგილაძე და ასლან ბალაძე არიან. ჩელებაძემ ისეთი სპეციალისტები შემოიკრიბა, ვისაც უთამაშია და უყვარს ფეხბურთი: ავთო ნამგალაძე ჩხარტიშვილს ეხმარება, ირაკლი ბალაძე, მარეკ შეველიოვი, მანუჩარ ქათამაძე და გელა მჟავანაძე ბავშვთა ჯგუფებში მუშაობენ. მთლიანად, სტადიონსა და ფეხბურთში, 60 კაცია დასაქმებული... “იცით, როგორი დირექტორია რეზო ჩელებაძე? – გვეუბნება ავთო ნამგალაძე, - სტადიონზე სამუშაოების დაწყებამდე ხელისუფლებას არ ასვენებდა, მალე დავიწყოთ რეკონსტრუქციაო; სამუშაოები რომ დავიწყეთ, დილიდან საღამომდე სატადიონზე იყო და ფიზიკურადაც მუშაობდა. თუ სადმე კარგი რამ გაიგო, უნდა რომ ჩვენთანაც დავნერგოთ – სტადიონზე იქნება ეს, თუ ზოგადად კლუბში. ახლახანს, ყაზანში გაფრინდა გუნდის ეკიპირების საკითხის მოსაგვარებლად. იქიდან დაგვირეკა, “სამგურალს” როდის ვეთამაშებითო. ვუთხარით, რომ მეორე დღეს ვეთამაშებოდით და თამაშის დაწყების წინ, გუნდები რომ მოედანზე გადიოდნენ, რეზოც შემოვიდა სტადიონზე – კოპიტნარში ჩამოფრინდა და ტაქსით ჩამოასწრო თამაშს. მატჩის შემდეგ, კარგა ხანს ისევ კლუბის პრობლემებზე ვისაუბრეთ; მერეღა გაახსენდა სახლი.
რეზო ამბიციური კაცია და თამაშის ყურებისას მის კრიტიკულ შეძახილსაც გაიგებთ. ძირითადად, საკუთარ შვილს, გიორგის შეუძახებს ხოლმე; თუმცა, არც ქება ავიწყდება: მოწინააღმდეგე გუნდის მეკარემ დაუფიქრებლად დატოვა კარი და გიორგიმ რთული მდგომარეობიდან თავზე გადაუგდო ბურთი, რაზეც რეზომ ტაში დაუკრა. როგორც ყველა დიდ ფეხბურთელს და პიროვნებას, რეზოსაც ახარებს ნიჭიერი კაცის ნახვა, გინდ, საკუთარი გუნდისა და გინდ, მოწინააღმდეგის. ბევრჯერ მინახავს მეტოქის ფეხბურთელით აღტაცებული. გიორგი ვახსეთეთ და, როგორც იტყვიან, “კვიცი გვარზე ხტისო”: ანტალიაში ბუცები მოსწონებია და რამდენიმე წყვილი უყიდია, უხაროდა დიდხანს ბუცების პრობლემა აღარ ექნებოდა, მაგრამ რომ ნახა თანაგუნდელებს არ ჰქონდათ, ერთი წყვილი თვითონ ჩაიცვა, დანარჩენები კი ბიჭებს დაურიგა”.
როგორც ზემოთ აღინიშნა, რეზო ჩელებაძე ამბიციური კაცია: სურს, რომ “შუქურა” უმაღლეს ლიგაში იხილოს. იცის, რომ ამისთვის, ბავშვებთან უფრო მეტი და სწორი მუშაობაა საჭირო, რასაც სათანადო პირობები სჭირდება. პირველ რიგში, ერთი სტადიონი არაა საკმარისი და ამიტომაც, ბობოყვათის მოედნის წესრიგში მოყვანას გეგმავს. თავის რაიონში, 10 წლის ასაკიდან მოყოლებული, ყველა ნიჭიერი ბავშვი იცის და ყურადღებას აქცევს. ამის შედეგია, “შუქურაში” შევსება, ძირითადად, საკუთარი სკოლიდან რომ მოდის და წელს, ვეტერან მიხეილ კაკალაძესთან ერთად, მოედანზე გუნდის ახალწვეული იუნიორი გოირგი გეროზაშვილიც იბრძოლებს. ამის შედეგია, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში, “შუქურას” სამი ფეხბურთელი თამაშობს: შერმადინ ართმელაძე, ირაკლი კომახიძე და საბა ცინცქილაძე.
ერთხელ, რეზომ საუბარში თქვა: “ფეხბურთი მიყვარდა, მიხაროდა თამაში და სიხარულით გავიარე ახალგაზრდობის წლები. მინდა, ახლაც სიხარულით ვიცხოვრო, ახალგაზრდებს დაოსტატებაში დავეხმარო და ამით გავიხარო”. ამ სიტყვებზე, ალბათ, ყველას ჯანო ანანიძე გვახსენდება. მე კი, “ჩელეზე” დაწერილი ეს პატარა წერილი, დიდი იტალიელი კინორეჟისორის, დამიანო დამიანის ფრაზით მინდა დავასრულო: “ყოველთვის იგრძნობა ნაღდი შემოქმედი. ჩემთვის ის ხელოვანია ღირებული, ვისთვისაც კინო საქმიანობა კი არა, ცხოვრებაა”.
ზურაბ პეტრიაშვილი