ხუან იგნასიო ჩელამ ჰიუსტონის 442,5-ათასდოლარიანი თიხნარობის ფინალში სემ კუერის სძლია და ბოლო სამი წლის მანძილზე თავისი პირველი ტიტული მოიპოვა.
30 წლის არგენტინელმა, რომელსაც ამ ტურნირამდე მსოფლიო რეიტინგში 82-ე საფეხური ეკავა, ხოლო დღეიდან უკვე 51-ეა, 8 წლით უმცროს და 26 ადგილით მაღლამდგომ ამერიკელს დაძაბულ ბრძოლაში – 5:7 6:4 6:3 – მოუგო.
ჩელამ შეხვედრის დასაწყისში დაცვითი ტაქტიკა არჩია, მაგრამ მეორე სეტის ბოლოსკენ, როცა მიხვდა, რომ აგრესიულად მოთამაშე მეტოქის შეტევებს ვეღარ იგერიებდა, თავადაც იერიშზე გადავიდა. კუერიმ, ვინაც თიხაზე თავის პირველ ფინალს ატარებდა, მის ამ საპასუხო მიძალების წინააღმდეგ ვეღარაფერი გააწყო.
ჩელამ თავის მეათე ფინალში მეხუთე გამარჯვება იზეიმა. ბოლოჯერ მას ტიტული 2007 წელს, აკაპულკოს თიხნარობაზე მოეხვეჭა.
რაც შეეხება კუერის, მას შეეძლო, წლეულს მეორე, ხოლო საერთო ჯამში მეოთხე ტიტულს დაუფლებოდა. შეგახსენებთ, თებერვალში მან მემფისური მაგარსაფრობის ფინალში იმარჯვა.
სათქმელია ისიც, რომ კუერი გახდა ზედიზედ მესამე ამერიკელი, რომელმაც ჰიუსტონის ტურნირის გადამწყვეტ შეხლაში დათმო – 2008 წელს ჯეიმს ბლეიკი იქ ესპანელ მარსელ გრანოლიერსთან დამარცხდა, ხოლო შარშან უეინ ოდესნიკმა ავსტრალიელ ლეიტონ ჰიუიტთან წააგო. სხვათა შორის, ჰიუიტს ტიტულის დაცვა მეოთხედფინალში სწორედ ჩელამ შეაწყვეტინა.







