დიდი ამბები იყო გორში, სადაც XXI ეროვნული ჩემპიონატის ცენტრალური მატჩები გაიმართა, მაგრამ ამ ორიდან ერთი უფრო დიდ ინტერესს იწვევდა: ჩემპიონმა “ვიტ ჯორჯიამ”, მიმდინარე სეზონის ლიდერ “ოლიმპს” უმასპინძლა, ქულამშრალი დარჩა და უკვე შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონობის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება – რუსთაველებმა ზედიზედ მეშვიდე თამაში მოიგეს და ახლა, უკვე ოთხქულიანი ჰანდიკაპით დაჰყურებენ ცხრილს. ამჯერად, ბრაზილიელი აკინო არ ყოფილა “ეპიცენტრში”. აკინოობა “ოლიმპის” ფორვარდმა გიორგი ჭედიამ ითავა და დუბლი შეასრულა. თუმცა ამ ყველაფერს თან სდევდა დიდი დაძაბულობა და ნამატჩევს გასახდელში ჩხუბი, ხოლო... “ვეტერინართა” მთავარმა მწვრთნელმა მერაბ კოჭლაშვილმა, “მსოფლიო სპორტთან” საუბარში ისეთები თქვა, მტრისას...
გორშივე, ოღონდ “ქართლის” სტადიონზე “ზესტაფონმა” წაიფორხილა, რაც ეგებ, სიმწრის ქულებად დაუჯდეს. ვინ იცის, როდის გაახსენებთ იმერლებს თავს ეს დანაკარგი – “სპარტაკის” მცველმა გიორგი კვახაძემ, მატჩის მიწურულს გაუთანაბრა გია გეგუჩაძის “ზესტაფონს”, მანამდე კი, ხან ერთი გუნდი იყო წინ, ხან მეორე. საქართველოს ჩემპიონატს არ უხდება სიტყვა “ტრილერი”, მაგრამ დაახლოებით ამგვარი თამაში კი გამოდგა.
სხვა? ტური შაბათს სრულდება “დინამო” – “ბაიას” შეხვედრით, მაგრამ არიქა, ეს თამაში ცხრილს არევ-დარევსო, ასეც არაა საქმე – რა დრო დადგა, “დინამოს” მატჩი ჩრდილშია მოქცეული, მაგრამ ეს, კახა კაჭარავას გუნდის პრობლემაა...
გორი. 27 ნოემბერი. სტადიონი “თენგიზ ბურჯანაძე”
ვიტ ჯორჯია – ოლიმპი 1:2 (1:1)
ვიტ ჯორჯია: მიქაბერიძე, ბეჭვაია, მგელაძე, ლომაია, ჯაფარიძე, რაზმაძე, კლიმიაშვილი (77. ჯანელიძე), გიორგი დათუნაიშვილი, ლიპარტია, ბერიაშვილი, კახელიშვილი
ოლიმპი: ჭანტურია, აბრამიძე, სევასტი თოდუა, ფრაგა, რეხვიაშვილი, ჟერონიმო (46. ზაზა ჭელიძე), იმედაშვილი, ბაბუნაშვილი, დობროვოლსკი, ჭედია, აკინო (90. გველესიანი)
გაფრთხილება: ბეჭვაია (24), ჭანტურია (31), ლომაია (27), რეხვიაშვილი (42), აბრამიძე (43), კახელიშვილი (64, 73), ფრაგა (90), რაზმაძე (90)
გაძევება: კახელიშვილი (73)
გოლები: 0:1 ჭედია (27), 1:1 რაზმაძე (32 პ), 1:2 ჭედია (71)
არბიტრი: ლ. კვარაცხელია (თბილისი)
ჩემპიონებს რამდენიმე ფეხბურთელი აკლდათ, მაგრამ ორი მათგანი უნდა გამოვარჩიოთ: კაპიტანი ალექსანდრე კვახაძე და ფორვარდი ვახტანგ კვარაცხელია. წამყვანი ცენტრალური მცველისა და საუკეთესო ბომბარდირის გარეშე “ოლიმპთან” – ვერაფერი სიხარულის მომგვრელია. და ამის მიუხედავადაც, “ვიტ ჯორჯია” მეტოქეზე ფხიანად თამაშობდა, უპირატესობას ფლობდა და თემურ მახარაძის გუნდი რამდენჯერმე გადარჩა.
27-ე წუთზე, წედია მასპინძელთა მცველებს გაუძვრა და მეკარე არდალიონ მიქაბერიძესთან პირისპირ გასულმა გაიტანა. მალევე, 1:1 გახდა: ვეტერინართა შემტევმა ჯაბა ლიპარტიამ, სტუმართა მეკარე გრიგოლ ჭანტურიასთან ჭიდილში პენალტი მოინადირა, ლუკა რაზმაძემ კი თეთრი ნიშნულიდან ზუსტად დაარტყა. და მაინც, ეს ჭედიას დღე იყო – საქრთველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა, მეორე ნახევარში გადამწყვეტი გოლი შეაგდო, როცა ჩაწოდების შემდეგ “ვიტ ჯორჯიელთა” მოგერიებული ბურთი, კარში “გადაამისამართა”.
ჭედიას მეორე გოლიდან ორიოდ წუთში, ვეტერინართა შემტევმა გიორგი კახელიშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და თითქოს, “ოლიმპს” 10-კაციან მეტოქესთან ანგარიშის შენარჩუნება არ უნდა გასჭირვებოდა. შეინარჩუნა, მაგრამ წვალების და ნერვების ფასად.
მატჩის შემდეგ:
მერაბ კოჭლაშვილი (“ვიტ ჯორჯიას” მთავარი მწვრთნელი): “ძნელია, როცა ლამის ყველა ტურში 14 კაცს ეთამაშები. უკვე აღარ მიკვირს, რომ ჩვენი კლუბის პრეზიდენტი გურამ რუხაძე, ფედერაციის აღმასკომის მიღმა დარჩა. ასეთ კაცს, პირიქით, უნდა სთხოვო აღმასკომში შესვლა, თუმცა თავადაც ნახეთ, რაც მოხდა. მართალია, მსაჯმა პენალტი დანიშნა “ოლიმპის” კარში, მაგრამ მეკარე ჭანტურიაც უნდა გაეძევებინა – რა, არ შეიძლება პენალტიც დაინიშნოს და მეკარეც გააძევონ? კარგად ნახონ ის მომენტი. შემდეგ კახელიშვილი გაგვიძევეს, აღარაფერს ვამბობ წვრილ-წვრილ ჯარიმებზე. ლევან კვარაცხელიასგან ასეთ მსაჯობას მაინც არ ველოდი, მაგრამ ეტყობა, სხვანაირად არ შეეძლო. ჩემი ფეხბურთელები ვერ დამიწყნარებია. უკვე ვეღარ გამიგია, რა ხდება. მიჭირს ასეთ თამაშზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ 10 კაცით რომ დავრჩით, მაშინაც კი, მეტოქეზე უკეთ გამოვიყურებოდით."
გორი. 27 ნოემბერი. სტადიონი “ქართლი”
სპარტაკი – ზესტაფონი 3:3 (2:1)
სპარტაკი: ბათიაშვილი, პავლე დათუნაიშვილი, აქვსენტი გილაური, გიორგი კვახაძე, დეკანოსიძე, ბაქრაძე, შონია, მანწკავა (66. შალამბერიძე), მაისურაძე, კლოვისი (80. რევაზ გოცირიძე), ცხადაძე (89. კანდელაკი)
ზესტაფონი: როინ კვასხვაძე, ბენაშვილი, ლობჟანიძე, ხიდეშელი, ელიავა, დაუშვილი (85. ნიკა კვასხვაძე), ძარია (84. კორღალიძე), აფციაური, გრიგალაშვილი, გელაშვილი (88. წინამძღვრიშვილი), დვალი
გაფრთხილებები: მანწკავა (27), ბენაშვილი (72), კლოვისი (82)
გოლები: 0:1 დვალი (20), 1:1 ცხადაძე (24), 2:1 მანწკავა (36), 2:2, 2:3 გელაშვილი (67, 70), 3:3 კვახაძე (80)
არბიტრი: მ. ბეუქლიშვილი (ყვარელი)
მძლავრი სტარტი უკან დარჩა და “სპარტაკი” ბოლო ტურებში ისე “თავხედურად” ვეღარ თამაშობდა, მაგრამ ამჯერად თავი გაგვახსენა და მეორეადგილოსან “ზესტაფონს” მნისვნელოვანი ქულები დასცინცლა.
დუბლი შეასრულა ნიკა გელაშვილმა და ამას, სულ სამი წუთი მოანდომა, ერთიც მისმა მეწყვილე ჯაბა დვალმა გაიტანა. დვალმა შოთა გრიგალაშვილის პასით იხეირა და ანგარისი გახსნა, თუმცა “სპარტაკმა” არათუ გათანაბრება, წინ გასვლაც მოასწრო: ჯერ იმერელთა მცველ გიორგი ხიდეშელს მინდორზე ფეხი დაუცდა, ბაჩანა ცხადაძე პირისპირ შეეყარა როინ კვასხვაძეს და 1:1, შემდეგ კი, “სპარტაკის” ნახევარმცველმა გიორგი მანწკავამ, ეფექტური გარღვევა გოლით “დაასველა” და 2:1. მეორე ატიმში გელაშვილი აბობოქრდა და თამაში შემოატრიალა, მაგრამ მატჩის დასრულებამდე 10 წუთი რჩებოდა, როცა მასპინძელთა ცენტრალურმა მცველმა გიორგი კვახაძემ “მშვიდობა” დაასადგურა -3:3.
მატჩის შემდეგ:
გია გეგუჩაძე (“ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი): “ფრე ჩვენთვის უარყოფითი შედეგია. სამი გოლის გაშვება მართლაც ნამეტანია. ბიჭებს მონდომებას ვერ დავუკარგავ, მაგრამ ბევრი შეცდომა დავუშვით და საბოლოოდ ეს, ორი ქულის დაკარგვად დაგვიჯდა. უხარისხო მინდორი იყო და ფეხბურთელებს ტექნიკური თამაში უჭირდათ.”
ვლადიმერ ხაჩიძე (“სპარტაკის” მთავარი მწვრთნელი): “ამ სეზონში, “ზესტაფონის” კარში სამი გოლი არავის გაუტანია, მაგრამ სტანდარტული მდგომარეობიდან ვუშვებდით ბურთებს და ამან წაგვართვა მოგება. ძირითადი შემადგენლობის 5 ფეხბურთელი გვაკლდა და ბიჭებმა ცოტა შიშით დაიწყეს თამაში, მერე კი ნელ-ნელა მოეხსნათ წნეხი და ვიგებდით კიდეც. საბოლოოდ, ფრე მაინც ლოგიკურ შედეგად მიმაჩნია.”
თბილისი. 27 ნოემბერი. სტადიონი “ამერი”
გაგრა – სამტრედია 1:1 (0:1)
გაგრა: ნადირაშვილი (28. თევდორაძე), შელია, შალიკაშვილი (90. კუპრეიშვილი), ჭაავა, გაბუნია, ვალტერ ხორგუაშვილი, პავლე ხორგუაშვილი, მოიზესი (62. პავლიაშვილი), კობერიძე, ოქრიაშვილი, გაბედავა
სამტრედია: ირაკლი შენგელია, კირთაძე, გოგია, კვესიეშვილი (ბესიკ ხაჭიპერაძე 88), ქორიძე, ფირცხალავა, მბენე, ტყემალაძე, ნინუა, ეცადეიშვილი (58. ზაურ ხაჭიპერაძე), ბაკარანძე (74. კაპანაძე)
გაფრთხილებები: პავლე ხორგუაშვილი (33), კვესიეშვილი (36), ნინუა (63), ტყემალაძე (70), შენგელია (74), ზაურ ხაჭიპერაძე (74), მბენე (89), კირთაძე (90), ოქრიაშვილი (90)
გოლები: 0:1 ტყემალაძე (7), 1:1 კობერიძე (88)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია (თბილისი)
“გაგრამ” ძლივს მოიპოვა ქულა ყოჩაღ დებიუტანტ “სამტრედიასთან”. ვაკო ტყემალაძემ სწრაფი გოლით დააწინაურა იმერლები და მართალია, მასპინძლებს ამის შემდეგ უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ გოლს ბოლო წუთებზე გამორჩნენ. სამტრედიელთა კამერუნელმა ნახევარმცველმა ერიკ მბენემ, საქართველოს ჩემპიონატში დებიუტი ყვითელი ბარათით დააჭაშნიკა.
“გაგრა” ამ სეზონში სახიფათო ზონიდან გამომძრომ გუნდს არ ჰგავს, იმერლებს კი რა უჭირთ – შინ ხომ ლიდერებსაც კი ნერვებს აწყვეტენ და ბლომად ქულებს იხვეჭენ, სტუმრადაც არ ჩანან სტატისტის როლში.
ბოლნისი. 27 ნოემბერი. სტადიონი “თამაზ სტეფანია”
სიონი – ლოკომოტივი 0:0
სიონი: ბობღიაშვილი, სვანიძე, ირაკლი ვაშაკიძე, კობაური, ქემოკლიძე, მახვილაძე (88. უგულავა), ლაშა ნოზაძე (60. ფიფია), უგრეხელიძე, გოგობერიშვილი, ხიდაშელი, კიკნაძე (76. ჩიმაკაძე)
ლოკომოტივი: ქვილითაია, გუშარაშვილი, ხატიაშვილი, სარალიძე, ლ. ჩაგელიშვილი, ქებაძე, წულაძე, ბოჭორმელი (66. კახა მახარაძე), ალექსანდრე შენგელია, კაჭახიძე (46. სოსო გილაური), გონაძე (75. აფხაზავა)
გაფრთხილება: კობაური (88)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი (თბილისი)
წინა ტურში, “ლოკომოტივმა” “გაგრას” სძლია და ჩემპიონატში პირველ მოგებას ეწია, ამჯერად კი, გელა სანაიას ბიჭებმა ბოლნისიდან წამოიღეს ქულა. თუმცა, “თამაზ სტეფანიაზე” ნამდვილად არ დახვედრიათ ის გუნდი, ერთ დროს “აღა და კომპანია” აღტაცებაში რომ მოჰყავდათ. “სიონი” ძალიან მოისუსტებს. Mმას შემდეგ, რაც ბოლნისელთა გუნდის თავკაცობა გიორგი ყიფშიძეს ჩააბარეს, ქვემოქართლელებს გოლი არ გაუტანიათ. მარტო მწვრთნელშიც არაა საქმე – “სიონს” ფინანსურად ძალიან უჭირს.
მატჩის შემდეგ:
გელა სანაია (“ ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელი): “ისე კარგად ვერ ვითამაშეთ, როგორც “გაგრასთან”. “სიონს” უპირატესობა ჰქონდა და მომენტებიც შექმნა, მაგრამ გატანა ჩვენც შეგვეძლო. ბიჭებმა ბევრი იბრძოლეს და კარგია, რომ ქულა მოვიპოვეთ.”
| 1 | ოლიმპი | 16 | 12 | 3 | 1 | 39-11 | 39 |
| 2 | ზესტაფონი | 16 | 10 | 5 | 1 | 29-13 | 35 |
| 3 | ვიტ ჯორჯია | 16 | 8 | 5 | 3 | 24-17 | 29 |
| 4 | დინამო | 15 | 6 | 5 | 4 | 23-11 | 23 |
| 5 | სამტრედია | 16 | 6 | 3 | 7 | 23-32 | 21 |
| 6 | სპარტაკი | 16 | 5 | 5 | 6 | 22-27 | 20 |
| 7 | სიონი | 16 | 3 | 6 | 7 | 10-23 | 15 |
| 8 | გაგრა | 16 | 3 | 4 | 9 | 16-27 | 13 |
| 9 | ბაია | 15 | 3 | 3 | 9 | 14-23 | 12 |
| 10 | ლოკომოტივი | 16 | 1 | 5 | 10 | 5-21 | 8 |
ბომბარდირები: აკინო (ოლიმპი) – 15 (6 პენალტით), გელაშვილი (ზესტაფონი) – 12 (1), კვარაცხელია (ვიტ ჯორჯია) – 10 (1)
ილია ნანობაშვილი









