იტალიის ქალაქ ფლორენციაში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირზე, ქართველმა ჩოგბურთელმა მაკა ჩახნაშვილმა მოულოდნელად იოლი გამარჯვება იზეიმა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა.
მსოფლიო კლასიფიკაციაში მე-200 ადგილზე მყოფი ჩახნაშვილის პირველე მეტოქე 238-ე რეიტინგის მფლობელი სლოვაკი მიქაელა პოჩაბოვა გახლდათ, რომელიც ჩვენებურმა 6:1, 6:2 გაანადგურა.
მეორე რაუნდში ჩახნაშვილის მეტოქე ფრანგი სევერინ ბელტრამე იქნება, რომელსაც რეიტინგში 207-ე ადგილი უკავია.
მასპინძელთა ძლევის შემდეგ, ორი ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს უკრაინის ქალაქ ხარკოვში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის მერვედფინალში.
სოფო შაფათავამ ოქსანა პავლოვა იოლად – 6:2, 6:2 დაამარცხა და ახლა, რუს მარია ჟარკოვას გაეჯიბრება, ხოლო მანანა შაფაქიძე, ვინაც მე-6 რეიტინგის მქონე განა პივენს 4:6, 6:4, 6:4 სძლია, კიდევ ერთ რუს ნატალია ორლოვას ეთამაშება.
კიდევ ერთი ჩვენებური თათია მიქაძე რუსსავე ელენა კულიკოვას ბოლომდე ებრძოლა, თუმცა, 3:6, 7:6 (7:3), 6:7 (5:7) დამარცხდა.







