მიმდინარე კვირა ქართველი ჩოგბურთელებისთვის ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს. სოფო შაფათავას არც მაკა ჩახნაშვილი ჩამორჩა და თანამემამულის დარად, 25-ათასიანი ტურნირის ფინალში გასვლა მოახერხა.
თურქეთის ქალაქ სტამბულის ტურნირზე პირველ ნომრად განთესილმა ჩახნაშვილმა, მეოთხედფინალში რუმინელი ლაურა-იოანა ანდრეის 6:1, 6:3 სძლია, ნახევარფინალში კი მესამე რეიტინგის მქონე იასმინა ტინჯიჩს (ბოსნია-ჰერცეგოვინა) 6:4, 7:6 (9:7) აჯობა.
გადამწყვეტ მატჩში, ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მეორე ნომრად განთესილი პოლონელი მარტა დომახოვსკა იქნება, რომელმაც ნახევარფინალში ბულგარელი დია ევტიმოვა (მეოთხე განთესვა) 7:6 (7:2), 6:3 დაამარცხა.







