ჩოგბურთი

16:05 | 3.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩახნაშვილი-რანცინგერმა ძირითად ბადეშიც გამარჯვებით დაიწყო

ჰოლანდიის ქალაქ მიდელბურგში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე წინ მიიწევს მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი. ქართველმა ჩოგბურთელმა ასპარეზობა კვალიფიკაციიდან დაიწყო, მისი დაძლევის შემდეგ კი, ძირითად ბადეში ბულგარელი ელიცა კოსტოვა 6:4, 6:2 დაამარცხა. მერვედფინალში მაკა ჰოლანდიელ ანჟელიკ ვან დერ მეეტს გაეჯიბრება.

პოლონეთის ქალაქ ტორუნში მიმიდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ძირითადი ბადის პირველი წრე დამაჯერებლად დასძლია ეკატერინე გორგოძემ.

ქართველი ჩოგბურთელი მე-3 ნომრად განთესილ რუმინელ კრისტინა დინუსთან ფავორიტად ნამდვილად არ მოიაზრებოდა, თუმცა, მეტოქეს მხოლოდ 5 გეიმი დაუთმო – 6:3, 6:2. სამწუხაროდ, მერვედფინალში ეკატერინე ჩეხ კარინ ბორეჩკასთან დაიჩაგრა – 2:6, 1:6.

წყვილებში გორგოძემ და სოფო ქვაცაბაიამ ხორვატი მიკულჩიჩი და გერმანელი რაიკოვიჩი 6:2, 6:3 დაამარცხეს, მეოთხედფინალში ხსენებულ ბორეჩკას და კიდევ ერთ ჩეხ კუბიჩკოვას ვერ გაუმკლავდნენ – 6:3, 2:6, 7:10.

თურქეთის ქალაქ სტამბულში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა თამარ ჭალაგანიძემ. მან ერთეულთა ტურნირის საწყის წრეში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – უკრაინელ ნადია კოლბთან 3:6, 2:6 წააგო.

წყვილებში ჭალაგანიძემ რუსმა ვიოლეტა დეგტიარევამ თურქებს აკიურტს და გუნაის 6:3, 7:5 მოუგეს, მეოთხედფინალში კი მასპინძელთა კიდევ ერთ დუეტს (ერაიდინი-სეზერი) ერთადერთი გეიმი აართვეს – 1:6, 0:6.

0.740711