ჩოგბურთი

20:15 | 7.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩახნაშვილი ესპანური ტურნირის ძირითად ბადეშია

ქართველმა ჩოგბურთელმა მაკა ჩახნაშვილმა ესპანურ სენტ კუგატში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) კვალიფიკაცია დასძლია და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.

მე-12 ნომრად განთესილი ჩახნაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, შემდეგ არგენტინელი ორნელა კარონი 6:4, 6:3 დაამარცხა, გადამწყვეტ რაუნდში კი რუს ელეონორა მინდიაროვას 6:1, 6:3 სძლია. ძირითად ბადეში მაკას მეტოქე “უაილდ ქარდის” მქონე ესპანელი ანდრეა ლაზარო გარსია იქნება.

ანტალიაში 10-ათასიან ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია. მე-8 განთესვის მქონე გორგოძე “უაილდ ქარდის” მქონე ესტონელ ანელი პოკრასს გაეჯიბრება, ხოლო ქვაცაბაია ძალებს კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ბელარუს ირინა შიმანოვიჩსთან მოსინჯავს.

წყვილთა ტურნირში მონაწილეობას მხოლოდ ქვაცაბაია მიიღებს. სოფო თურქ ესენ კოკჩეს შეუამხანაგდა და საწყის რაუნდში მე-4 განთესვის მქონე ჩეხურ-პოლონური დუეტის (კუბიჩკოვა-სობასკიევიჩი) პირისპირ დადგება.

როგორც ვიუწყებოდით, ჯორჯიის შტატის ქალაქ მაკონში იმყოფება საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი, რომელიც 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გახლავთ დაშვებული.

ცნობისთვის, ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში ტატიშვილმა 177-ე ადგილი შეინარჩუნა, მის გარდა კი, კლასიფიკაციაში 5 ქართველი ჩოგბურთელი ფიგურირებს.

177 (177). ანა ტატიშვილი – 348 ქულა; 232 (230). სოფო შაფათავა – 245; 275 (272). ოქსანა კალაშნიკოვა – 182; 516 (512). მაკა ჩახნაშვილი – 63; 594 (592). ეკატერინე გორგოძე – 45; 714 (710). სოფო ქვაცაბაია – 28;

წყვილთა რეიტინგში ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ისევ კალაშნიკოვას გააჩნია, რომელიც 1742 ქულით 51-ე პოზიციაზეა, ტატიშვილს 1033 ქულით მე-80 ადგილი უკავია, ხოლო შაფათავა 296 ქულით 221-ე გახლავთ.

0.158559