ფეხბურთი

16:57 | 25.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩაწყობილი მატჩები - მსაჯებზე მეტი ვინ იცის?

 

ბოლო დროს ძალიან იმატა ჩაწყობილი თამაშების თემამ. გაკეთდა განცხადებები ტოტალიზატორებიდან საქართველოს ჩემპიონატის მატჩების ამოღებაზე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წერილობით სთხოვს საქართველოში არსებული ტოტალიზატორის მფლობელებს, რომ სფფ-ის ეგიდით გამართული მატჩები პროგრამიდან ამოიღონ, თუმცა სულ ესაა?

ეს არ ეყოფა: ყველამ კარგად იცის, რომ ძაღლის თავი ტოტალიზატორებში არ მარხია. ჯერ ერთი, ქართულ ტოტალიზატორებში სამი თამაში უნდა გადააბა, ისე ჩვენი ჩემპიონატის მატჩებზე ფსონს არავინ დაგადებინებს. მეორეც, აზიაშიც ხომ ვერ აკრძალავ ფსონებს? შევა მოწადინებული მოთამაშე ინტერნეტში და იქ დადებს საქართველოს პირველობის მატჩებზე.

მთელ მსოფლიოშია მოდებული საფეხბურთო გარიგებები, მაგრამ იქ ტოტალიზატორებიდან კი არ იღებენ თამაშებს, არამედ ჩაწყობაში მონაწილე კონკრეტულ პირებს ააშკარავებენ. იტალიაში სერია A-ს მატჩები ისევ არის ტოტალიზატორებში შეტანილი, ასევეა სხვა ქვეყნებშიც.

ისე გამოდის, თბილისიდან ქუთაისში მიდიოდე და თელავის შემოვლით წახვიდე. რა საჭიროა შორიდან მოვლა? ყველაზე იოლი გზა – მსაჯების დაბარება და დაკითხვა. მსაჯებზე უკეთ ვინ იცის ამ ბინძური ამბების შესახებ?

დაიბარონ და ათქმევინონ, ვინ აწუხებდა მათ, ვინ შეაძლია მათ ფული. მე თქვენ გეტყვით, მცირერიცხოვანი სია იქნება... იქნებიან ისეთი პიროვნებები, რომლებიც შედარებით ახალბედები არიან მსაჯებთან ურთიერთობაში და იქნებიან ისეთებიც, “აი ია, აი თითი”-ვით რომ აქვთ გაზეპირებული სამოქმედო გეგმა.

შესაძლოა, ისეც ხდება, რომ კლუბები თავად თანხმდებიან და მსაჯს არ აყენებენ საქმის ყურში, მაგრამ შანსი არაა, არბიტრის ყურამდე ეს ვერ მივიდეს, ან მოედანზე ვერ მიხვდეს.

ახლა გაირკვა, რომ სფფ-ში საეჭვო მატჩების გამოძიებისა და ანალიზის ჯგუფის შექმნა გადაწყდა, ამ ჯგუფის პირთა დასახელება კი კონფიდენციალურია. კარგია, რომ კონფიდენციალურია და ისიც კარგია, რომ ჯგუფის წევრებს მატჩებზე ჩუმად დასწრება და დასკვნის მომზადება დაევალებათ, მაგრამ რაღაც არაეფექტური ჩანს ეს წამოწყება – როგორ უნდა გაიგონ და დაამტკიცონ? ამის შანსი ძალიან მცირეა.

გაცილებით ეფექტურია მსაჯების გამოძახება – მათზე კარგად არავინ იცის ამ ამბების შესახებ.

0.111743