წლების მატება ოხერი და ვერაგი რამეა. თუმცა ამაში რა თქმა უნდა არაფერია ახალი და უცნაური. ზოგჯერ იციან ხოლმე თქმა, აი, კაცი ასაკში შევიდა და უფრო გასიმპათიურდაო, მაგრამ ეგაა და ეგ. მეტი რა ხეირი? დაბრძენება გამოცდილების ამბავია და არა წლების მატების. აი შეხედეთ კატალონიელ ჩავის და წლების მრისხანების მთელს სიმწუხარეს შეიგრძნობთ. განა ტრაგედია და რამე. ყველა ფეხბურთელის ბოლო რა თქმა უნდა მობერება და შესაძლებლობების შემცირებაა, მაგრამ ჩავი რაღაცნაირად, ერთიანად მობერდა და წლების მდინარება იმ დიადი “ბარსელონადან” რომელიც თავის დროზე ქვას არ ტოვებდა ქვაზე – ყველაზე მუხთლად სწორედ ჩავის ეტყობა.
მე ახლა ბევრი რა შემიძლია გითხრათ ამ საოცარ კაცზე? მით უმეტეს, რომ “ბარსელონას” და “ფურია როხას” გულშემატკივარი არასოდეს ვყოფილვარ და ამ ამბავს ისეთი პირი უჩანს, ალბათ არც არასოდეს ვიქნები. მაგრამ ძალიან მიკვდება გული როცა ვხედავ შენელებულ, ილაჯგამოცლილ და რაღაცნაირად თითქოს ხელჩაქნეულ ჩავის. ტანდაბალი და წონის კარგად შემნახავი ფეხბურთელები როგორც წესი დიდი ხნის მანძილზე აგრძელებენ ფეხბურთის თამაშს და ალბათ არც ჩავი იქნება ამ მხრივ გამონაკლისი. მაგრამ, უკან მოტოვებული წლების ”ჭუჭრუტანიდან” ძალიან მტკივნელად მოსჩანს ამ კაცის დღევანდელი ბურთის გორება. სტილი იგივეა. იგივე სირბილის მანერა, ბურთის გაჩერება, გამოხედვაც კი... მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ეს...
სტატისტიკურმა კვლევებმა ცხადყო, რომ ჩვენს პალნეტაზე ყველაზე მეტ ხანს ადამიანები ცენტრალურ ევროპაში ცოცხლობენ. ანუ იქ, სადაც ცხოვრების დონე ყველაზე მაღალია და შესაბამისად, მოქალაქეთა ჯანმრთელობაც ყველაზე დაცულია. თუმცა ამავე კვლევიდან ჩანს, რომ ევროპაში სიცოცხლის ხანმოკლეობით სხვა ჯგუფებთან ერთად, ფეხბურთის გულშემატკივრებიც გამოირჩევიან. იმედია ამას თუ წაიკითხავენ ფეხბურთელი შვილების ეჭვიანი მშობლები, ეს არ გახდება ბავშვების ფეხბურთიდან გამიყვანის მიზეზი (ისედაც პროცენტულად ძალიან ცოტა ბავშვი დადის საქართველოში ფეხბურთზე) მაგრამ მე ბოლომდე მჯერა ამ მონაცემების და ტრაგიკულსაც ვერაფერს ვხედავ. თუკი ჩავის სიბერეც გაწუხებს და ფრანჩესკო ტოტის კარიერის დღეებსაც ითვლი, ეს აბა როგორ იქნება მრავალჟამიერი ცხოვრების სათავე? მაგრამ, აბა მაჩვენეთ ადამიანი, რომელსაც ფეხბურთი ალალად უყვარს და რომელიმე თუნდაც მისთვის არასასურველი შედეგით დასრულებული თამაშის ხილვას ნანობს. ადამიანები თვითონ ვიღებთ გადაწყევტილებას რა გვირჩევნია – ხანგრძლივი სიცოცხლე, სადაც ჩავი, ინიესტა, მესი, რონალდუ და მისთანა ხალხი არ იფუსფუსებენ თუ ქარიშხლიანი საღამოები, მუდმივად მუნდიალების მოლოდინი და ჩავიზე დარდი...
ასე, ხუთი წლის წინ, მეგობართან ვიჯექი სახლში. ვსაუბრობდით და პრიმერა დივიზიონის ერთ რიგით მატჩს ვუყურებდით. მაშინ “ბარსელონა” ისეთი გუნდი იყო, მასთან ფრის გახერხებაც კი დიდ ამბად ითვლებოდა და კატალონიელების მოწინააღმდეგე გუნდი (თუ არ ვცდები “მალიორკა” ან “ვალიადოლიდი” უნდა ყოფილიყო) ნამეტანი მონდომებით ცდილობდა ცენტრში ჩავისა და ინიესტას ნეიტრალიზებას, რადგან სწორედ ამ ორით იწყებოდა “ბარსელონას” ყველა შეტევა. და მაშინ მითხრა ჩემმა მეგობარმა (რომელიც, სხვათა შორის, ასევე არ არის “ბარსელონას” გულშემატკივარი) მითხრა: “ბიჭო, ამ “ბარსელონას” როგორ ყველაფერში უმართლებს. წარმოიდგინე, რა “უდაჩნი” გუნდია ჩავი მაინცა და მაინც კატალონიაში რომ დაიბადაო”. ხშირად მახსენდება ეს სიტყვები და ვფიქრობ, ჩავი თბილისში რომ დაბადებულიყო ითამაშებდა კი ისე მაგრად, როგორც “ბარსაში” ითამაშა? არადა, მე თუ მკითხავთ კაცმა ფეხბურთი ისე უნდა ითამაშოს, რომ მის სიბერეზე გვიანასა და სვაზილენდშიც კი იდარდოს ერთმა კაცმა მაინც. დიდი ფეხბურთის თამაში ალბათ სწორედ ეგაა.