ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში ჩარლსტონის ტურნირის ქულები მომავალ კვირაში დაირიცხება, ამდენად, ძირითად ბადეში გასვლისთვის, საქართველოს პირველ ჩოგან ანა ტატიშვილსაც გარკვეული წინსვლა ელის, ჯერჯერობით კი, იგი 380 ქულით 155-ე ადგილამდე დაქვეითდა.
ტატიშვილს შვიდი პოზიციით ჩამორჩება ოქსანა კალაშნიკოვა, ქართველ გოგონათაგან ყველაზე დიდი ნახტომი კი ეკატერინე გორგოძეს შეეხო, რომელიც 30 ადგილით დაწინაურდა და 518-ე ადგილზე დამკვიდრდა.
155 (154). ანა ტატიშვილი – 380 ქულა; 162 (162). ოქსანა კალაშნიკოვა – 364; 211 (211). მაკა ჩახნაშვილი – 250; 349 (348). სოფო შაფათავა – 112; 420 (420). სოფო ქვაცაბაია – 80; 433 (447). თათია მიქაძე – 77; 456 (453). მანანა შაფაქიძე – 69; 518 (548). ეკატერინე გორგოძე – 56; 1025 (1024). მაგდა ოქრუაშვილი – 6; 1060 (1059). ანა ჯიქია – 5;
მიმდინარე კვირაში სოფო შაფათავამ ძალები იტალიის ქალაქ ბარის 25-ათასიან ტურნირში მოსინჯა, თუმცა, საკვალიფიკაციო რაუნდის დაძლევა ვერ შეძლო. მე-5 ნომრად განთესილი ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი რუს მარინა შამაიკოსთან 6:3, 1:6, 2:6 დამარცხდა.
საინტერესოა, რომ წყვილთა გათამაშებაში შაფათავა სწორედ შამაიკოსთან გახლავთ შეამხანაგებული და ასპარეზობაში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაებმება.
ასტანას ტურნირის მოგების შემდეგ, ყაზახეთშივე რჩება და ალმატის 10-ათასიანი ტურნირში ჩაერთვება მანანა შაფაქიძე, რომელსაც ასპარეზობაში მასპინძელი ქსენია პალკინას ჩართვის შემდეგ, მე-2 განთესვა ერგო. შაფაქიძის პირველი მეტოქე ბელორუსი ვოლია დუკო იქნება.
წყვილებში ქართველი ჩოგბურთელი და რუსი რაპოპორტი, რომელთაც მე-3 ნომერი მიენიჭათ, ბელორუსულ-რუსულ დუეტს (სმირნოვა-იემელიანოვა) ეთამაშებიან.
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში ქართველთაგან საუკეთესო ნიკოლოზ ბასილაშვილს 49 ქულით 535-ე ადგილი უკავია, სულ კი კლასიფიკაციაში ექვსი ჩვენებური ფიგურირებს.
535 (531). ნიკოლოზ ბასილაშვილი – 49; 1078 (1078). ლაზარე კუხალაშვილი – 6; 1481 (1475). გიორგი ცივაძე – 1; 1576 (1570). გიორგი რევაზიშვილი – 1; 1576 (1570). სოზარ გოქაძე – 1; 1576 (1570). ნოდარ ითონიშვილი – 1.







