ფეხბურთი

23:39 | 24.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

ჩაო, ჩემპიონო!

მუნდიალის ჯგუფური ეტაპი ჯერ არ დასრულებულა და უკვე ცნობილია, რომ 11 ივლისს მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ეყოლება. ეს ცხადი გახდა მას შემდეგ, რაც ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონი, იტალია ამჯერად სლოვაკეთთან შერცხვა და ვლადიმირ ვაისის გუნდთან მარცხის შემდეგ ასპარეზობა ჯგუფის ბოლო ადგილზე დაასრულა.
იტალიური ფეხბურთის ქომაგთა გარდა, ჩემპიონის ჯგუფში ჩარჩენაზე გული ალბათ არავის დაწყვეტია. ამის მიზეზი ისაა, რომ “სკუადრა აძურამ” სასტარტო ორი უღიმღამო მატჩის შემდეგ ვერც მესამეში გააგორა ბურთი ისე, რომ ნეიტრალური გულშემატკივრის სიმპათიები დაემსახურებინა და სამართლიანად ჩამორჩა ცხრილში თუნდაც იმ სლოვაკეთს, რომელმაც პირველი ორი ჩაგდებული მატჩის შემდეგ არათუ შესაძლებლობების ზღვარზე ითამაშა, არამედ გადაახტა კიდეც საკუთარ თავს და მიმდინარე გათამაშების უმთავრესი სენსაციაც გამოაცხო. თუმცა, ჩემპიონატის დაწყებიდან მოყოლებული, სენსაციური შედეგების სიმრავლის გათვალისწინებით, მინიმუმ ერთი “მძიმეწონოსანი” გუნდის ჯგუფში ჩარჩენა მოსალოდნელიც კი იყო. ინგლისმა და გერმანიამ ბოლო ტურში მინინალური მოგებებით დაიხსნეს თავი სირცხვილისგან და ამ მხრივ თავის პირველად “გამოჩენის” შანსი იტალიას დაუტოვეს. მართალია, იტალიის მსგავსად, ჯგუფში ჩარჩა საფრანგეთიც, მაგრამ ვინაიდან დღევანდელ საფრანგეთს საერთოდ გუნდი ნაკლებად ეთქმის, A ჯგუფში დაფიქსირებული შედეგი სენსაციური ნაკლებად იყო, მითუმეტეს, მსოფლიოს ჩემპიონის კრახის ფონზე.
მუნდიალების ისტორიაში აქამდე სამჯერ იყო დაფიქსირებული შემთხვევა, როდესაც მოქმედი ჩემპიონი პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა ასპარეზობას. უკანასკნელად ეს 2002 წელს მოხდა, როდესაც საფრანგეთმა დაიკავა ჯგუფში ბოლო ადგილი. მანამდე, 1966 წელს, ბრაზილიამ ვერ მოახერხა ჯგუფური ეტაპის დაძლევა. პირველად ასეთ შემთხვევას ადგილი 1950 წელს ჰქონდა, როდესაც 12 წლიანი პაუზის შემდეგ განახლებულ მუნდიალზე, ჩემპიონის სტატუსით სწორედ იტალია თამაშობდა, მაგრამ “სკუადრა აძურას” მიერ დაკავებული მე-2 ადგილი შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. თუ ჩემპიონის ჯგუფში ჩარჩენა მუნდიალისთვის უცხო არაა, წელს პირველად მოხდა, რომ პირველი ეტაპი გარდა ჩემპიონისა, ვერც ვიცე-ჩემპიონმა დასძლია. როგორც იცით, 2006 წლის მუნდიალის ვერცხლის მედალოსანმა საფრანგეთმა, იტალიის მსგავსად, ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა. თუ საფრანგეთისთვის მუნდიალზე, ჯგუფში ბოლო ადგილის დაკავება სიახლე არაა, იტალიას ასეთი რამ ისტორიაში პირველად შეემთხვა.
ახლა კი, რაც შეეხება უშუალოდ გუშინდელ შეხვედრას. მატჩის პირველმა წუთებმა იტალიელთა უპირატესობით ჩაიარა. თამაში ათიოდე წამის დაწყებული იყო, როდესაც დი ნატალემ დაახლოებით 35 მეტრიდან სცადა გოლის გატანა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. მე-4 წუთზე, მეტოქის საჯარიმოში მყოფი იაკინტა დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ ძალიან ცუდად დაარტყა. სლოვაკთა პირველივე სახიფათო შეტევას კინაღამ ანგარიშის გახსნა მოჰყვა. საწყის წუთებში და მთელი მატჩის განმავლობაში ძალზე კარგად მოთამაშე ვიტეკის ჭკვიანური გადაცემის შემდეგ ჰამშიკი მეტოქის კარიდან დაახლოებით 15 მეტრში მარტოდმარტო აღმოჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ სლოვაკთა კაპიტანს ბურთის გაჩერების დროც ჰქონდა, მან მაინც პირდაპირ დარტყმა გადაწყვიტა, მაგრამ გოლის გატანა უზუსტობის გამო ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, გოლის გატანისთვის საკმარისად ზუსტად დაარტყა 25-ე წუთზე ვიტეკმა. საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს ძალზე ცუდად ითამაშა დე როსიმ, რომელმაც ბურთი კუჩკას ჩააბარა. სლოვაკთა მე-19 ნომერს ბევრი არ უფიქრია და ვიტეკი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, ხოლო ამ უკანასკნელის არცთუ ძლიერ, მაგრამ საკმარისად ზუსტ დარტყმას ზედიზედ მე-3 მატჩში იტალიის ნაკრების მდევრის როლში აღმოჩენა მოჰყვა. გასაკვირია, მაგრამ ჩემპიონები ვერც ანგარიშში ჩარმოჩენის შემდეგ ქმნიდნენ სახიფათო მომენტებს. 35-ე წუთზე, იტალიელთა კარში მე-2 გოლის გატანა შეეძლო შტრბას, მაგრამ მისი შორეული დარტყმა მარკეტიმ კუთხურზე მოიგერია. პირველი ტაიმის მე-3 დამატებულ წუთზე, მეტოქის საჯარიმოს ხაზთან ვიტეკის კარგ თამაშსა და ბურთის უკან დაბრუნებას კუჩკას სახიფათო, თუმცა მცირედით არაზუსტი დარტყმა მოჰყვა.
შესვენებაზე ლიპიმ ორმაგი ცვლილების განხორციელება გადაწყვიტა, რასაც მოედანზე კრიშიტოსა და გატუზოს ნაცვლად, მაჯოსა და კვალიარელას შესვლა მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებებმა იტალიელების თამაშს დიდი ვერაფერი დაატყო, პირველი სახიფათო მომენტი მაინც სლოვაკთა კართან შეიქმნა. 55-ე წუთზე, მაჯოს გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გასულმა დი ნატალემ ძალიან ცუდად ითამაშა და ბურთი კარს ააცილა. მიხვდა რა, რომ განხორციელებული ცვლილებები გუნდის გამოსაცოცხლებლად საკმარისი არ იყო, ლიპიმ მოედანზე შესასვლელად პირლოს უხმო, თუმცა ჯგუფის ფსკერისკენ მიმავალ გუნდს დიდი ხნის უთამაშებელმა ფეხბურთელმაც ვერაფერი უშველა. 67-ე წუთზე, სლოვაკები გოლის გაშვებისგან შკრტელმა იხსნა, როდესაც კვალიარელას ახლო მანძილიდან დარტყმული ცარიელი კარიდან გამოიტანა.
მატჩის მე-2 გოლი 73-ე წუთზე გავიდა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან ჰამშიკის მიერ ბურთის საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, დასწრებაზე თამაშის დროს კიელინის ვიტეკმა აჯობა და მარკეტისგან ახლო დაბალ კუთხეში ზუსტი დარტყმით დუბლი გაიფორმა. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ამ გოლით ყველაფერი დასრულდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, თამაში აწი იწყებოდა. “სკუადრა აძურამ” ერთი ბურთის გაქვითვა 81-ე წუთზე მოახერხა. იაკინტასა და კვალიარელას მიერ გათამაშებული შესანიშნავი კომბინაციის შემდეგ ეს უკანასკნელი მეკარესთან პირისპირ გავიდა და მართალია მუხამ პირველ ეპიზოდში ივარგა, მაგრამ დამატებაზე მოთამაშე დი ნატალეს ცარიელ კარში გოლის გატანაში ხელი ვეღარავინ შეუშალა. ამ გოლის გატანას სლოვაკთა მეკარის, იან მუხას მიერ არასპორტული საქციელი მოჰყვა. ვაისის გუნდის კარის დარაჯმა, მასთან ბურთის გამოსართმევად მისულ კვალიარელას მუშტი პირდაპირ სახეში უთავაზა, თუმცა როგორც იტალიელი შემტევი, მსაჯმა ისიც მხოლოდ ყვითელი ბარათით დასაჯა.
4 წუთში იტალიელებმა კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხეს, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირების გამო იგი გაუქმდა. გამეორებებმა ნათელი პასუხი ვერ გასცეს კითხვას, იყო თუ არა კვალიარელა დი ნატალეს ფლანგური გადაცემის დროს თამაშგარე მდგომარეობაში. სამაგიეროდ, წესების სრული დაცვით გავიდა გოლი იტალიელთა კარში 89-ე წუთზე. ბურთის აუტიდან მოწოდების შემდეგ, მოედანზე 2 წუთის შესულმა კოპუნეკმა იტალიელთა მცველების ინერტულობით ისარგებლა, წამგებიანი პოზიციიდან უცებ მეკარესთან პირისპირ გავიდა და წინგამოსულ მარკეტის ბურთი თავზე გადაუგდო. კოპუნეკის ამ გოლის წყალობით, 1970 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც იტალიელებმა მსოფლიოს ჩემპიონატებზე 3 გოლი მიიღეს საკუთარ კარში. სულ ასეთი რამ იტალიელთა მიერ ჩატარებულ 79 მატჩში 4-ჯერ იყო მომხდარი. მარჩელო ლიპის შეგირდებმა არც მე-3 გოლის გაშვების შემდეგ დაყარეს ფარ-ხმალი და 92-ე წუთზე, კვალიარელას ეფექტური შორეული დარტყმით კიდევ ერთხელ შეამცირეს ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე. 95-ე წუთზე, გმირად ქცევის ძალზე კარგი შანსი გაუშვა ხელიდან პეპემ, რომელმაც დაახლოებით 7 მეტრიდან, როდესაც ხელს არავინ უშლიდა, ბურთი კარს ააცილა. პეპეს რომ ეს გოლი გაეტანა, 1982 წლის მსგავსად, იტალია ჯგუფში ნათამაშები 3 ფრით გავიდოდა შემდეგ ეტაპზე, მაგრამ 26 წლის შემტევის არაზუსტი დარტყმის შემდეგ მალევე გაჟღერებულმა მსაჯის სასტვენმა მსოფლიოს ამცნო, რომ იტალიის ნაკრები ტიტულის შესანარჩუნებლად ვეღარ იბრძოლებს. მის ნაცვლად კი 1/8-ფინალში ის სლოვაკეთი გავიდა, რომლისთვისაც მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატი სადებიუტია.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დუბლის ავტორი, რობერტ ვიტეკი დასახელდა. სლოვაკთა მე-11 ნომერმა მეტოქის კარის მიმართულებით სულ ორჯერ დაარტყა და ორივეჯერ წარმატებით, გააკეთა 36 გადაცემა, რომელთაგან 20 ზუსტი გამოდგა და გაირბინა 9227 მეტრი.

24 ივნისი, იოჰანესბურგი, “ელიზ პარკ სთედიუმი” 53412
სლოვაკეთი-იტალია 3:2 (1:0)
სლოვაკეთი (4-4-2):
მუხა, პეკარიკი, შკრტელი, დურიცა, ზაბავნიკი, კუჩკა, შტრბა (კოპუნეკი 87), ჰამშიკი, სტოხი, ვიტეკი, იენდრიშეკი
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
იტალია (4-3-2-1): მარკეტი, ძამბროტა, კანავარო, კიელინი, კრიშიტო (მაჯო 46), მონტოლივო (პირლო 56), გატუზო (კვალიარელა 46), დე როსი, პეპე, დი ნატალე, იაკინტა
მწვრთნელი: მარჩელო ლიპი
გოლები: 1:0 ვიტეკი (25), 2:0 ვიტეკი (73), 2:1 დი ნატალე (81), 3:1 კოპუნეკი (89), 3:2 კვალიარელა (90+2)
გაფრთხილება: შტრბა 16, ვიტეკი 40, პეკარიკი 50, მუხა 82 – კანავარო 31, კიელინი 68, პეპე 76, კვალიარელა 83
მსაჯი: ჰოვარდ ვები (ინგლისი)
დარტყმა 10 (4)-16 (6); ჯარიმა 20-17; კუთხური 6-3; თამაშგარე 1-3; ბურთის ფლობა 51%-49%; სეივი 3-1

F ჯგუფი
პარაგვაი    3    1    2    0    3-1    5
სლოვაკეთი    3    1    1    1    4-5    4
ახალი ზელანდია    3    0    3    0    2-2    3
იტალია    3    0    2    1    4-5    2

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162553