არნემის "ვიტესის" სარეზერვო გუნდმა 3:1 სძლია ჰოლანდიის რანგით მეორელიგელ "დორდრეხტს". ქართველმა შემტევმა გიორგი ჭანტურიამ ეს თამაში, როგორც იტყვიან, მარტომ მოიგო – ჰეთ-თრიქი შეასრულა. გიორგიმ, რომელიც "ვიტესის" განაცხადში 11 ნომრით შეიყვანეს, ეს შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.
ისმის კითხვა – რატომ ითამაშა ჭანტურიამ სარეზერვოებში? ამაზე "ვიტესის" მწვრთნელმა პეტერ ბოსმა უპასუხა:
"ჭანტურიას რუსეთიდან დისკვალიფიკაცია გადმოჰყვა და საწყის ტურებს (7 მატჩს) გამოტოვებს. ამიტომაც, იმ შემადგენლობას ვცდი, რომლებიც პირველივე მატჩებში ჩვენთან იქნებიან. ჭანტურია კი მომწონს, ვარჯიშებზე კარგად გამოიყურება".