საქართველოს წყალში მხტომელთა ნაკრები, რომელიც შოთა კორახაშვილითა და ჭოლა ჭანტურიათი იყო დაკომპლექტებული, სამშობლოში დაბრუნდა. ქართველმა სპორტსმენებმა, 14-20 ივლისს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გამართულ გრან-პრის VI, დასკვნით ეტაპში მიიღეს მონაწილეობა.
როგორც “მსოფლიო სპორტს” საქართველოს საწყლოსნო სახეობათა გენერალურმა მდივანმა ირაკლი ბართაიამ განუცხადა, ტურნირში 21 ქვეყნის ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ.
ბართაიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 3 მ. ტრამპლინიდან ინდივიდუალურ ხტომაში უძლიერესი ნაკრებები გამოდიოდნენ, ჭოლა ჭანტურიამ 29 სპორტსმენთან ერთად შესარჩევი ეტაპი წარმატებით გადალახა და 383 ქულა დააგროვა, რაც დაგეგმილზე 3 ქულით მეტია. ამ ქულებით ის ნახევარფინალში 12 საუკეთესოს შორის მოხვდა, სადაც შედეგი კიდევ უფრო გააუმჯობესა და საბოლოოდ, 393 ქულით, მე-9 ადგილი დაიკავა. მართალია, ჭანტურიას პირადი რეკორდი არ გაუუმჯობესებია (2009 წელს, 406 ქულა დააგროვა ჩინეთის გრან-პრიზე), მაგრამ მისთვის ეს მიმდინარე წლის საუკეთესო შედეგია.
რაც შეეხება შოთა კორახაშვილს, მის გამოსვლას წარმატებული არ ეთქმის - 306 ქულით, 22-ე ადგილზე გავიდა.
“ამ შედეგით კმაყოფილი ვარ, რადგან სერიოზულ შედეგებს ვაღწევთ. ბევრმა მომილოცა ჭანტურიას გამოსვლის შემდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ გამოსვლით, ჭანტურიამ სპორტის ოსტატის ნორმატივი შეასრულა. სინქრონულ ხტომებში ჩვენმა დუეტმა, 382 ქულით, მე-4 ადგილი დაიკავა და პირადი რეკორდი 2 ქულით გააუმჯობესა. მათ ამ გამოსვლით სპორტის ოსტატის ნორმატივი შეასრულეს. ოდნავ, მხოლოდ 7 ქულით წავაგეთ მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში. პირველ ადგილზე უკრაინელები გავიდნენ, მე-2 ჩინელებმა დაიკავეს, ხოლო მე-3 - ფრანგებმა” - განაცხადა ბართაიამ, რომელსაც ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზეც ვკითხეთ, რაზეც არასახარბიელო ინფორმაცია მივიღეთ - “ძალიან ცუდი შედეგი გვქონდა. ტრავმირებული გვყავდა ნაკრების ლიდერი ალექსანდრე გუჯაბიძე, რომელსაც სინქრონული ხტომაც უნდა შეესრულებინა. წელის ტრავმის გამო, მან ვეღარ შეძლო მონაწილეობა და ტურნირს გამოეთიშა. ეს ქართველი ექიმების დაუდევრობის ბრალი იყო, რადგან არასწორად უმკურნალეს. ტრავმა რომ არა, V-VII ადგილს არ ჩამოსცილდებოდა. რაც შეეხება თეონა ყაჭეიშვილს, მან 222 ქულით, 26-ე ადგილი დაიკავა, ხოლო 333 ქულით, 28-ე ადგილზე გავიდა აკაკი ივანიშვილი”.
შეგახსენებთ, რომ 6-14 აგვისტოს, ბუდაპეშტი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც კორახაშვილი და ჭანტურია გამოვლენ.
მაკა თოიძე







