უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჩინებული შედეგი აჩვენა წყალში მხტომელმა ჭოლა ჭანტურიამ, რომელმაც 3-მეტრიანი კოშკურიდან ხტომაში ფინალში გასვლა შეძლო და იქ მე-9 ადგილი დაიკავა.
შესარჩევ ეტაპზე ჭანტურიამ 378.40 ქულა მოაგროვა და მე-11 საფეხური დაიკავა. ვინაიდან ფინალში 12 საუკეთესო სპორტსმენი გადიოდა, გადამწყვეტი ხტომების შესრულების უფლება ჭოლამაც მიიღო და ფინალში თავი უკვე 381.50 ქულას მოუყარა. ეს კი, როგორც აღვნიშნეთ, მე-9 შედეგი გახლდათ.
ტურნირის კიდევ ერთმა ქართველმა მონაწილემ შოთა კორახაშვილმა კვალიფიკაციაში 326.65 ქულა მოაგროვა და 23-ე აგილზე გავიდა, რაც ფინალში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.
ევროპის ჩემპიონი გერმანელი პატრიკ ჰაუსდინგი (463.20) გახდა, მეორე-მესამეზე კი რუსები – ილია ზახაროვი (458.15) და ევგენი კუზნეცოვი (455.80) გავიდნენ.
ცნობისთვის, ჭანტურიამა და კორახაშვილმა 3-მეტრიანი კოშკურიდან სინქრონულ ხტომებშიც იასპარეზეს, თუმცა, 344.31 ქულით მე-10 ადგილი დაიკავეს, ფინალში კი რვა საუკეთესო დუეტი გადიოდა. ცნობისთვის, ამ დისციპლინაში ჩემპიონობა უკრაინელებმა – კვაშამა და პრიგოროვმა (431.67) მოიპოვეს.







