რომ არა გია მაისურაძე და მისნაირი ფანატიკოსები, ქართული ფეხბურთი მართლა მოკვდებოდა. ეს კაცი უკვე 30 წელია იობის მოთმინებით ზელს ტალახს წვიმაში და ყლაპავს მტვერს ქარში 195-ე სკოლის წინ არსებულ, მისივე დაარსებულ “მთვარის გლობუსის” სკოლაში. გია მასწავლებელზე და მის აღსაზრდელებზე არ მოქმედებს წვიმა, ქარი, ყინვა, სეტყვა თუ სხვა ბუნებრივი კატაკლიზმები - როგორც ქართველები ვერ ელეოდნენ მიწას და ათასჯერ აოხრებულ მამულს ისევ უბრუნდებოდნენ, ისე გია მაისურაძეც ვერ ელევა ამ ხრიოკს და დღედაღამ თავს დასტრიალებს. ვერც სამწვრთნელო ნიჭში დაეწუნება - გიორგი ლომაია, გიორგი შაშიაშვილი, გივი კვარაცხელია, ჯაბა დვალი, ილო კანდელაკი, მიშა ხუციშვილი მისი აღზრდილები არიან... გუშინ შევიტყვე, საფეხბურთო ტურნირს ატარებსო და ხილიანზე გავეშურე. ბავშვების ჟრიამული შემომესმა, მე გია მაისურაძეს დავუწყე ძებნა და ძლივს ვიპოვე - ხრიოკ ფერდობზე, ტრიბუნის მოვალეობას რომ ასრულებს, გია მასწავლებელი ჩაცუცქულიყო და ბალახებს ებღაუჭებოდა. ვიფიქრე, ალბათ სარეველებისგან წმენდს ფერდობს-მეთქი მაგრამ, იგი გახარებული უყურებდა ახლადმოგლეჯილ ბალახს... ჩემი გაოცებული მზერა დაიჭირა და მითხრა - ეს ჭანგაა, ძალიან გამძლე მცენარე, ახალი წლის მერე უნდა მოვკრიფო ფერდობზე ფესვებიანად და მოედანზე დავრგო, უცხოელმა მეგობრებმა მირჩიეს, ჭანგა თუ გაუძლებს ასეთ დატვირთვასო...
მართალი გითხრათ, ცრემლები მომადგა, მოვტრიალდი, რათა ატირებული არ დავენახე სხვა მასწავლებლებსა და ბავშვების მშობლებს. მოედანს გავერიდე და კინაღამ წავიქეცი - გროვად ეყარა ხელოვნურსაფარიანი ნამოედნარის ზოლები...
-საახალწლოდ დაეყარათ და უბან-უბან ძლივს შევაგროვე ნაგავში - დამეწია გია, - ვის არ ვეხვეწე, მაგრამ ყურად არავინ იღო, თბილისის ზოგ რაიონში რომ აყარეს, იმის მონარჩენებია, განა ამის გადაყრა იქნება? ასე ნაწილ-ნაწილ დავაგებ და ბავშვები ცოტა სულს მოითქვამენ...
...ტურნირი 2003 წლიანებში ტარდებოდა, ჩემი კოლეგის, “ლელოს” ძალიან კარგი ჟურნალისტის ლევან ჯანეზაშვილის გაწვრთნილმა “წყნეთმა” მოუგო ტაბახმელას “დიდგორს” (დავით ფეიქრიშვილი, მირზა სამხარაძე, ლევან დემეტრაშვილი) და ჩემპიონი გახდა. ბიჭებმა მთხოვეს და მე გადავეცი გამარჯვებულის თასი წყნეთელ კაპიტან გიორგი ჩადუნელს, წარმატებაც დავანათლე ამ პატარა, ძარღვიან ბიჭს და გამოვექეცი პატარების ჟრიამულს, ცრემლმორეული ჩავჯექი მანქანაში და დიდი სისწრაფით გავაქროლე, თვალწინ მედგა გია მაისურაძის დაკოჟრილი ხელები, მტვერში ამოგანგლული გახარებული წყნეთელი და ტაბახმელელი პატარები.
მამუკა კვარაცხელია