გამყივანხმიანი საყვირები, ათასობით ადამიანის ხმა, ფეხების ბრახუნი, საგულშემატკივრო სიმღერები, “ვამოსის“ ბღავილისაგან ხმაჩახლეჩილი ბიჭები... სან-პაულუს ქუჩაში მივდივართ და მარტო იმას ვგრძნობ, როგორ ჩამომდის სიხარულის ცრემლი. მხარსაქეთ და მხარსიქით მეგობრები – ოსკარი და რომანო მიდგანან. აბა, ამათ გარეშე, როგორ ვივლი ამდენ ხალხში. სულელია ყველა, ვინც ამბობს, რომ თითქოს შეუძლებელია ბრმას ფეხბურთი უყვარდეს. მთავარი დანახვა სულაც არაა. მთავარია განცდა, მთავარია ცრემლები და მთავარია ის, რომ ახლა, სან-პაულუს ქუჩებში ერთად მივდივართ მე და ჩემი მეგობრები. იცით, რამდენი ხანი ვაგროვეთ ფული, სანამ ბრაზილიაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩამოვიდოდით? 5 წელი! ვაგროვეთ თავდაუზოგავად და ყველაფერზე უარის თქმით. არ დავდიოდით არსად, არ ვსვამდით ღვინოს და ფულის დაზოგვის მიზნით, რომანომ სიგარეტსაც კი დაანება თავი. ბიჭებს ფული ჩემთან მოჰქონდათ. სულ წვრილ-წვრილი ფული იყო და თითქმის ბოლომდე გავავსე ჩემი კარადის უჯრა. ფულის თვლას მხედველობა რად უნდა? ყოველი თვის ბოლოს, გამოვაღებდი ამ უჯრას, ხელის შეხებით ვგრძნობდი რა რომელი კუპიურა იყო და ვითვლიდი.
ბოლოს, როდესაც ბრაზილიაში წასასვლელი ფული შევაკოწიწეთ, დავსხედით ოსკარის დანჯღრეულ “ფორდში“, მოვიმარაგეთ დროშები, სასმელები, საჭმელები (ბრაზილიაში ხომ არგენტინაზე ძვირია ყველაფერი) და როდესაც ბუენოს-აირესს გავცდით, სრულყოფილად მაშინღა გავითავისე, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ოცნება მისრულდებოდა. “ბრმის საქმე ფეხბურთი არ არის. აგერ, მოუსმინე მუსიკას, რადიოს, ისეირნე, ივარჯიშე. მაგრამ ამ ფეხბურთს შეეშვი“ – მუდმივად მეუბნებოდა ხოლმე საწყალი ბიძაჩემი. ბიძაჩემი ერთი უხიაგი კაცი იყო, რომელსაც ფეხბურთი რატომღაც ძალიან სძულდა და როდესაც არგენტინის ნაკრები თამაშობდა, მგონი მთელს ბუენოს-აირესში ერთადერთი მამაკაცი იყო, რომელიც ცოლს ტელევიზორის გამორთვას სთხოვდა. ბიძაჩემი შარშან ბედის ირონიით, დიეგო მარადონას დაბადების დღეს გარდაიცვალა.
ბრაზილიაში ჩავედით და სად იყო საჩვენო ბილეთი? სტადიონების წინ ისეთი ზედახორა იყო, იაფფასიან ბილეთს ჩვენამდე ვინ მოაღწევინებდა? განსაკუთრებით ეს ევროპელები აქტიურობდნენ და ისე ცდილობდნენ არგენტინის ნაკრების თამაშების ბილეთების შოვნას, თითქოს სულ ”ალბისელესტეს” ქომაგობაში ჰქონოდათ ჭიპი მოჭრილი. მოკლედ, ბრაზილიაში სტადიონზე არგენტინის ნაკრების ვერცერთი შეხვედრა ვერ ვნახეთ. სამაგიეროდ, მთელი სან-პაულუს ქუჩები ჩვენი იყო. ჩვენი, ურუგვაელების, უფულო ბრაზილიელებისა და კიდევ იმ ევროპელების, რომლებიც ტურისტულმა კომპანიებმა მოატყუეს, ბრაზილიაში ჩაიყვანეს და ბილეთები არ მისცეს. ჩვენი გუნდის თამაშებს მე ავტომობილის რადიოშიც მშვენივად მოვისმენდი, მაგრამ ჩემს მეგობრებს რა ექნათ? დავდიოდით ბარებში, რესტორნებსა და ტოტალიზატორებში და თამაშიდან-თამაშამდე გვეკვრებოდა სუნთქვა. ატრიალებდა ლეო მესი ბრაზილიის მინდვრებზე ქარბორბალას და თანდათან ვრწმუნდებოდით, რომ არგენტინის ნაკრებს მართლაც შეეძლო მსოფლიოს ჩემპიონობა. მაგრამ გულში მაინც სულ გვქონდა შიში იმისა, რომ ბრაზილიაში არგენტინას არავინ გააჩემპიონებდა. ეს ხომ სულ თავიდან ნამდვილ სასწაულად გვესახებოდა!
ახლა, როდესაც არგენტინის ნაკრებმა ბრაზილია ფინალში 2:0 დაამარცხა და მეგობრებთან ხელჩაკიდებული სან-პაულუს ქუჩაში მოვდივარ, ჯერ ბოლომდე კიდევ ვერ დამიჯერებია ეს სასწაული. მესმის, როგორ ტირიან საკუთარ ქვეყანაში ეს უკვე მეორედ ვერგაჩემპიონებული ბრაზილიის ნაკრების გულშემატკივრები და როგორ თავხედურად ვყიჟინებთ არგენტინელები. მესმის ძველი არგენტინული საგულშემატკივრო სიმღერები და ცხოვრებაში პირველად, სწორედ ახლა დამწყდა გული, რომ ამ ყველაფრის დანახვა არ შემიძლია. თავს არ გაცოდებთ და ძალიან არ მიყვარს ისეთი ხალხი, სულ სხვების ცრემლებს რომ ელოდებიან, მაგრამ ახლა, ამ წუთში, ალბათ, ნახევარ სიცოცხლესაც მივცემდი მოზეიმე არგენტინელების დასანახად. საწყალი ბიძაჩემი, ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ ვერ მიხვდა, რამხელა ბედნიერებაა სხვა ათასობით ადამიანთან ერთად, შენც იზიარებდე დიდ სიხარულს. ბიძაჩემი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ალბათ, არც გამომიშვებდა ბრაზილიაში. ცხოვრებაში სასწაულები მართლა ხდება! ახლა, ამ სიტყვებს ჩემი მეგობრის მობილურში ვიწერ და არ ვიცი, როგორ ჩაიწერს. შეიძლება ვერც ჩაიწეროს, რადგან გუშინ ოსკარმა ტელეფონი დიდ ხანს აწვალა და რას გაუფუჭებდა, ღმერთმა იცის. ახლა 2014 წელია. 25 წლის ვარ. დავიბადე ბუენოს-აირესში და ვამაყობ, რომ არგენტინელი ვარ!
თქვენი ლუის ლოპესი!
ლევან სეფისკვერაძე