ჭადრაკი

19:29 | 22.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჭადრაკის ფედერაციამ გასული წელი შეაფასა და მომავლის გეგმები დასახა

 

22 იანვარს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ ფედერაციის მიერ განვლილი 2013 წელი შეაფასა და 2014 წლის სამომავლო გეგმები დასახა. გიორგაძესთან ერთად პრესკონფერენციას სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ლევან ყიფიანის ერთ-ერთი თანაშემწე აკაკი ლოდია ესწრებოდნენ.

გია გიორგაძე: “2013 წელს ვერის ბაღში გაიხსნა თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემია, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ქართული ჭადრაკის განვითარების საქმეში. აკადემიის მუშაობაში ჩართულები არიან მსოფლიოს 5-5 გზისა და საჭადრაკო ოლიმპიადების მრავალგზის ჩემპიონები ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე. აკადემიის გახსნას დაესწრო ფიდეს პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი (რუსეთი), რომელმაც მის მნიშვნელობას დიდი შეფასება მისცა. აკადემიის მოწვევით თბილისში იმყოფებოდნენ ცნობილი მწვრთნელები კონსტანტინე საკაევი (რუსეთი) და მიხეილ გურევიჩი (თურქეთი), რომლებმაც ქართველ მოჭადრაკეებსა და მწვრთნელებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს. ჩატარდა მსაჯთა საერთაშორისო სემინარი.

ქალთა გრან-პრის ტურნირებში კარგად გამოვიდნენ ეროვნული ნაკრების წევრები ბელა ხოტენაშვილი და ნანა ძაგნიძე, რომლებიც ლიდერთა შორის იმყოფებიან. ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე კარგად ითამაშეს ვაჟებმა. მეტს ველოდით ქალებისაგან. პრობლემაა მწვრთნელთა კადრებში. ძნელია მწვრთნელებს მაღალი პროფესიონალიზმი მოსთხოვო, როცა მათი ხელფასი 200 ლარს არ აღემატება...

2014 წლის მთავარი მოვლენა ქალთა და ვაჟთა საჭადრაკო ოლიმპიადაა, რომელსაც 1-14 აგვისტოს ნორვეგიის ქალაქი ტრომსიო უმასპინძლებს. ტრომსიოში იგეგმება საქართველოს კუთხის მოწყობა და პრეზენტაცია 2018 წლის ანალოგიური ოლიმპიადის მასპინძლობისათვის.

მიმდინარე წლის 18 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, თბილისი ჭადრაკში მსოფლიოს ქალთა გრან-პრის გათამაშების მე-5 ეტაპს უმასპინძლებს, რომელშიც ძალიან ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. მათ შორის იქნებიან მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჰოუ იფანი (ჩინეთი), მიმდინარე გრან-პრის ორი ტურნირის გამარჯვებული ჰამპი კონერუ (ინდოეთი) და ქართველი მოჭადრაკეები ბელა ხოტენაშვილი და ნანა ძაგნიძე.

18-29 ოქტომბერს ბათუმი ევროპის ახალგაზრდულ (8-18წ.) ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირს სავარაუდოდ 45 ქვეყნის 1500-მდე მონაწილე ესტუმრება. ფუნქციონირებს ჩემპიონატის ვებგვერდი www.e2e4.ge. ეროვნულ კალენდარში გათვალისწინებულია საქართველოს ჩემპიონატები, ახალგაზრდული ტურნირები, ფედერაციის თასი, ნონას, მაიასა და ნანას საჭადრაკო ფესტივალები...”

გიორგაძის გარდა სიტყვით გამოვიდნენ ლოდია და დოლაბერიძე, რომლებმაც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას მხარდაჭერა აღუთქვეს.

0.372784