საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრების წევრმა შოთა მიშველიძემ ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 56 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 15 წლის ქართველი თანაგუნდელთაგან პირველი გავიდა ფიცარნაგზე და თუ შარშანდელ ევროპირველობაზე დაკავებულ მე-11 ადგილს გავითვალისწინებთ, საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგა.
პირველ მოძრაობაში – ატაცში მიშველიძემ სამივე ცდა გამოიყენა. 98, 100 და 103 კილოგრამიანი შტანგები ასწია და მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა. საუკეთესო 105 კილოგრამის ამწევი სომეხი სუმბატ მარგარიანი იყო.
აკვრაში ქართველმა ძალოსანმა პირველი-ორი ცდა გამოიყენა - 122 და 125 კილოგრამიანი შტანგები აჰკრა. ბოლო ცდაზე კი 128 კილოგრამი ვეღარ დაიმორჩილა და ორჭიდის ჯამში 228 კილოგრამი დააგროვა. მიშველიძის უმთავრეს კონკურენტს, ლატვიელ არტიომს ზერებკოვსს ვერცხლის მედლის გასანაღდებლად აკვრაში 130 კილოგრამიანი შტანგის აწევა სჭირდებოდა და მოახერხა კიდეც. ჩემპიონი მარგარიანი გახდა 240 (105+135) კილოგრამით.
დღეს საქმეში კიდევ ორი ქართველი ჩაერთვება. ჯაბა ჩიბურდანიძე და ზურაბ თავაძე ფიცარნაგზე 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში გავლენ. ორივე მათგანი 10-კაციან A ჯგუფშია განთესილი. 21 მაისს ჩემპიონატში თემურ პერტაია (77 კგ) ჩაერთვება, 22-ში კი ვილიამინ ალექსიძე (94 კგ) და ლაშა ტალახაძე (+94 კგ). ცნობისთვის, ალექსიძე ევროპის მოქმედი ჩემპიონია ჭაბუკთა შორის.
ოთარ მაღლაკელიძე







