ჭიდაობა

23:34 | 14.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკი და ახალგაზრდა სამბისტების კვიპროსული უხვმედლიანობა

საქართველოს სამბისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე საერთო გუნდურ ჩათვლაში ყველა ნაკრებს აჯობა, ჭაბუკთა ნაკრებმა კი მე-2 ადგილი დაიკავა.

სამბოს ევროპის ფედერაციისა და ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური ვებ-გვერდების გაუმართაობის გამო, ყველა ჩემპიონ-პრიზიორის ვინაობის ოპერატიულად დაზუსტება ვერ ხერხდება. შესაბამისად, ქართველთა ოფიციალურად დადასტურებული სრული მონაგარიც უცნობია. საქართველოს სამბოს ფედერაციიდან და საჭიდაო წრეებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად კი საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებებმა სულ 6 ოქროს მედალი მოიპოვეს.

ჭაბუკთაგან ევროპირველობა წაუგებლად თორნიკე ნაგლიაშვილმა (48 კგ) და თორნიკე ჭოველიძემ (60 კგ) ჩაამთავრეს. ახალგაზრდული გუნდიდან კი ევროპის ჩემპიონები გახდნენ: თორნიკე მეზურნიშვილი (57 კგ), ლუხუმ ჩხვიმიანი (62 კგ), ბექა ტუღუში (68 კგ) და უშანგი მარგიანი (82 კგ). ამავე ასაკობრივ ჯგუფში ილია მანველიშვილსა (90 კგ) და გუგა კიბორძალიძეს (+100 კგ) უმაღლეს ტიტულამდე თითო გამარჯვება დააკლდათ. ლერი ბედინაძე (52 კგ) და თორნიკე ოთინაშვილი (100 კგ) კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

ჭაბუკთაგან მესამე ადგილზე გავიდნენ: გიგა ნოზაძე (70 კგ), ირაკლი გოგია (81 კგ), ჯონი ჭითანავა (87 კგ) და ჯემალ დაბრუნდაშვილი (+87 კგ).

 

 

0.120567