ძიუდო

20:19 | 29.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკებს ევრომედლები სამინისტროში მიულოცეს

29 ივნისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების გამოსვლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართა. 22-24 ივნისს ჩერნოგორიაში ჩატარებულ ევროპირველობაზე 6 მედლის მომპოვებელ გუნდს წარმატება სპორტის მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა მიულოცა.
“მადლობა ჭაბუკთა ნაკრების თითოეულ წევრს და მწვრთნელს გაწეული სამუშაოსთვის. ამ ბიჭების სახით ქართული ძიუდოს ძალიან კარგი შევსება ეზრდება. ის სახელმწიფო მხარდაჭერა, რომელიც ბოლო წლებში ძიუდოს აქვს, სახეზეა, რადგან ჭაბუკების გარდა, ახალგაზრდები და უფროსებიც სერიოზულ წარმატებებს აღწევენ. დარწმუნებული ვარ, შედეგიანობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება” – განაცხადა ვარძელაშვილმა.
ჭაბუკთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია თენაძემ კი შემდეგი კომენტარი გააკეთა:
“ამბობენ, რომ მიღწეულით არასოდეს უნდა დაკმაყოფილდე, მაგრამ ამ შემთხვევაში მართლა კმაყოფილები ვართ. რვა წონითი კატეგორიიდან ორში ოქროს მედლის მოპოვება კარგი შედეგია. წლეულს, ოლიმპიური თამაშების გამო ამ ასაკობრივ ჯგუფში მსოფლიოს ჩემპიონატი არ ტარდება. არადა ბიჭები ისეთი შემართულები იყვნენ, მსოფლიოზეც წარმატებულად გამოვიდოდნენ. ეს შედეგიანობა ერთობლივმა მუშაობამ მოიდანა და მადლობა ყველას, ვისაც წარმატებაში წვლილი მიუძღვის”.
შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატზე ქართული გუნდიდან საუკეთესო შედეგი ერეკლე არხოზაშვილმა (50 კგ) და კობა მჭედლიშვილმა (60 კგ) აჩვენეს. ტურნირი ორივემ წაუგებლად ჩაამთავრა და ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვეს. ბექა ნათათრალაშვილსა (55 კგ) და დავით რამაზაშვილს (90 კგ) კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად ფინალის მოგებაღა დააკლდათ და ვერცხლს დაეუფლნენ, ხოლო გიორგი კაციაშვილი (55 კგ) და ბაჩანა ბოლქვაძე (66 კგ) ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
ჩასათვლელი ქულები ნაკრებს ბექა უდესიანმა (60 კგ), ნიკა მოველიძემ (81 კგ) და ზაზა გოჯიაშვილმა (+90 კგ) მოუტანეს. მოველიძემ მე-5 ადგილი დაიკავა, უდესიანმა და გოჯიაშვილმა კი - მე-7.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.1648