საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას შეკრებებით დაასრულებს. გუნდი, რამდენიმე დღის წინ ტეპლიცეში ჩატარებულ “ევროპის თასზე” შეთხელებული შემადგენლობით გამოვიდა და 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა. ევროპირველობას, 25-27 ივნისს, სწორედ ტეპლიცე უმასპინძლებს. ნაკრების კანდიდატთა მზადყოფნისა და გუნდის დაკომპლექტების შესახებ, “მსოფლიო სპორტი” ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რამაზ ჩოჩიშვილს ესაუბრა.
რამაზ ჩოჩიშვილი: “ტეპლიცეში ისეთი წარმომადგენლობითი ტურნირი გაიმართა, გაოცებული დავრჩი. სულ, ტატამზე 560-ზე მეტი ძიუდოისტი გავიდა. ჩვენთვის შეჯიბრს უმთავრესი დატვირთვა 50 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში ჰქონდა, რადგან ამ ორ წონაში, ჯერაც არ იყვნენ გამოკვეთილები გუნდის ლიდერები. ორ-ორ უმთავრეს კანდიდატს მივეცით თავის გამოჩენის შანსი. კიდევ ოთხი ძიუდოისტი კი, ჩეხეთში საკუთარი ინიციატივით და ხარჯით წამოვიდა. ყველაზე სასიხარულო ის იყო, რომ სწორედ 50 და 66 კილოგრამებში მოვახერხეთ მედლების მოპოვება. 50-ში გელა კელეხაშვილი ჩემპიონი გახდა, 66-ში კი, სულაც, ქართული ფინალი შედგა და პავლე ქავთარაძემ თომა თავზარაშვილს სძლია”.
- საქართველოს ჩემპიონატზეც სწორედ ეს წყვილი დაუპირისპირდა ერთმანეთს და მაშინ თავზარაშვილმა მოუგო...
- ამჯერად, ქავთარაძემ იმარჯვა და ფაქტობრივად გაინაღდა პირველნომრობა.
- სხვა წონით კატეგორიებში ვინ მოიპოვა ევროპირველობის საგზური?
- შემადგენლობა გამოიკვეთა, მაგრამ კონკრეტული გვარების დასახელებისგან, ამ ეტაპზე, მაინც თავს შევიკავებ. აჯობებს, ოფიციალური განცხადება მოგვიანებით გავაკეთო.
- ევროპის ჩემპიონატიც ტეპლიცეში ტარდება. ხომ არ ჯობდა, ჩეხურ ტატამზე უფრო დიდი შემადგენლობა გაგეყვანათ?
- შეიძლება, მართლაც უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ მეორეს მხრივ, იყო საშიშროება, კონკურენტებს ჩვენი ბიჭების ჭიდაობა შეესწავლათ.
- ევროპირველობისთვის მოსამზადებელ ეტაპზე, სხვა საერთაშორისო ტურნირზეც აღარ გამოხვალთ?
- მხოლოდ 81 კილოგრამის კანდიდატებს, ოტიაშვილსა და ტაველურს მივცემ თავის გამოჩენის შანსს. 29 აპრილს რუმინეთში გაემგზავრებიან, ევროპის თასზე საჭიდაოდ. მოსამზადებელ გეგმაში, მხოლოდ შეკრებები დაგვრჩა გასავლელი.
- რამდენი შეკრება?
- ორი. პირველს 22 მაისს, ბაკურიანში დავიწყებთ და ორი კვირის განმავლობაში, ძირითად ყურადღებას ფიზიკურ მომზადებას დავუთმობთ. შემდეგ, 4 დღე დავისვენებთ და დასკვნით შეკრებაზე გადავალთ, ოღონდ სად გავივლით, თბილისში, დუშეთში, თუ გორში, ჯერ დასაზუსტებელია.
- ჭაბუკთა ნაკრების კანდიდატებით, კმაყოფილი ხართ?
- ძალიან კარგი თაობაა, რაც ანთალიისა და ტეპლიცეს ტურნირებმაც დაადასტურა. ეს ბიჭები, სპორტულ მხარესთან ერთად, დისციპლინითაც გამორჩეულები არიან. მჯერა, მათი სახით, ახალგაზრდულ და ძირითად ნაკრებებს კარგი შევსება ეზრდება.
ოთარ მაღლაკელიძე







