5-6 მარტს, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიამ ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა. ნაკრების მწვრთნელთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩემპიონატი ძველებური რეპეშაჟის წესით ჩატარდა – ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა ყველამ განაგრძო, ვისმა მძლეველმაც კი ნახევარფინალში გააღწია. ამ გზით, მწვრთნელებმა სპორტსმენებს თავის გამოჩენის დამატებითი შანსი მისცეს.
ორი დღის განმავლობაში, კიმონო საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის 250-მდე ჭაბუკმა მოირგო. მონაწილეთა სიმრავლის მიუხედავად, შეხვედრები მხოლოდ 2 ტატამზე გაიმართა, მწვრთნელები შიდა კონკურენციას უკეთ რომ დაკვირვებოდნენ.
ძიუდოისტთა სიუხვემ განსაკუთრებულად შაბათის პროგრამა გადატვირთა - შეხვედრები 9 საათზე მეტხანს გაგრძელდა. მედლები პირველ-ოთხ წონაში გათამაშდა და საერთო გუნდურ ჩათვლაში კახეთი დაწინაურდა. ამ რეგიონის გუნდის ორი წევრი: ვანო მამისაშვილი (55 კგ) და თამაზ კირაკოზაშვილი (60 კგ) ჩემპიონი გახდა, თითო ოქრო კი თბილისმა და შიდა ქართლმა მოიპოვეს. თბილისის სახელით უმსუბუქეს წონაში – 50 კილოგრამში მიხეილ კირკიტაძე გაჩემპიონდა, შიდა ქართლი კი გიორგი მუზაშვილმა (66 კგ) ასახელა.
ჩემპიონატის მეორე დღე უფრო წარმატებული დედაქალაქელთათვის აღმოჩნდა - ბექა დონღვანი (73 კგ) და შალვა ჩოჩელი (90 კგ) კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ და თავიანთი გუნდიც პირველ ადგილზე გადაიყვანეს. მეორე პოზიცია კახეთს ერგო. მესამე – შიდა ქართლს. 81 კილოგრამში ყველას შიდაქართლელმა ბექა ღვინიაშვილმა აჯობა, ხოლო მძიმე წონაში – იმერელმა გიორგი ლაზუაშვილმა. ჩოჩელი და ლაზუაშვილი ჭაბუკთა შარშანდელ ჩემპიონატზეც შევიდნენ სამეულში, ოღონდ მაშინ ფინალში ვერც ერთმა ვერ გააღწია - ორივე ბრინჯაოს დასჯერდა.
“ჩემპიონატით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მაინც უკეთეს ჭიდაობებს ველოდი. გუშინდელი და დღევანდელი შედეგებით საბოლოო დასკვნებს ვერ გამოვიტანთ. ვერც ჩემპიონებს დავპირდებით, ნაკრებში თავიანთი წონების ლიდერობას. შიდა კონკურენცია გრძელდება და ევროპის ჩემპიონატზე დასაყენებელი განაცხადის შესავსებად, გეგმაში კიდევ 4 შეჯიბრი გვაქვს. აქედან, ორი უცხოური, ორიც – შიდა. 19-20 მარტს, ანთალიის საერთაშორისო ტურნირზე გამოვალთ. ჯერ შემადგენლობას ვერ გეტყვით, რადგან მეც არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ, თურქეთში გაფართოებული გუნდით გავემგზავრებით. საქართველოს ჩემპიონ-პრიზიორებს რამდენიმე უმედლოდ დარჩენილი ძიუდოისტიც დაემატება. მარტის ბოლოს უკრაინულ ტურნირზე ვიჭიდავებთ. შემდეგ კი, საგარეჯოსა და გორში ვგეგმავთ შეჯიბრების მოწყობას და ნაკრების დაკომპლექტებას” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ვაზაგაშვილმა.
ოთარ მაღლაკელიძე
ძიუდო
საქართველოს ჩემპიონატი
ჭაბუკები
თბილისი. 5-6 მარტი
50 კგ
1 მიხეილ კირკიტაძე (თბილისი)
2 ბაჩო ჭიკაიძე (ქვემო ქართლი)
3 ბექა ნათათრალიშვილი (თბილისი)
3 თორნიკე ჭოველიძე (სამხრეთ ოსეთი)
55 კგ
1 ვანო მამისაშვილი (კახეთი)
2 გივი აფაქიძე (თბილისი)
3 დიმიტრი ცაბაძე (თბილისი)
3 ბაჩანა ბოლქვაძე (აჭარა)
60 კგ
1 თამაზ კირაკოზაშვილი (კახეთი)
2 ჯუმბერ ჩიხიაშვილი (კახეთი)
3 ბექა შერმადინი (შიდა ქართლი)
3 იაკობ მაისურაძე (კახეთი)
66 კგ
1 გიორგი მუზაშვილი (შიდა ქართლი)
2 აპოლონ ზურაბიანი (თბილისი)
3 გიორგი ტიტვინიძე (თბილისი)
3 დავით ჭიკაიძე (კახეთი)
73 კგ
1 ბექა დონღვანი (თბილისი)
2 ვანო ჩურჩხელაშვილი (კახეთი)
3 ლევან გუგავა (იმერეთი)
3 ლერი დადვანი (თბილისი)
81 კგ
1 ბექა ღვინიაშვილი (შიდა ქართლი)
2 ჯაბა მუმლაძე (აჭარა)
3 დავით ოზბეთელაშვილი (თბილისი)
3 ადამ ვარაზიშვილი (თბილისი)
90 კგ
1 შალვა ჩოჩელი (თბილისი)
2 გურამ თუშიშვილი (თბილისი)
3 ჯაბა კაპანაძე (იმერეთი)
3 ბაქარ მაზიაშვილი (შიდა ქართლი)
+90 კგ
1 გიორგი ლაზუაშვილი (იმერეთი)
2 ზაზა ხუბულური (თბილისი)
3 ირაკლი კახნიაშვილი (იმერეთი)
3 გიორგი გელაშვილი (შიდა ქართლი)







