საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა ანტალიაში მიმდინარე ევროპის თასის პირველი დღე 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრა. გუშინ ჩემპიონ-პრიზიორები ვაჟთა და გოგონათა 4-4 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ტატამზე 24 ქართველი გავიდა და მათგან ყველაზე შედეგიანად ვანო ხუბაშვილმა იჭიდავა, რომელმაც 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტურნირი წაუგებლად დაასრულა და ჩემპიონი გახდა.
ფინალის გზაზე აზერბაიჯანელი რაშად დუნიამალიევი, სომეხი არმან არამაისიანი და რუსეთის ნაკრების წევრები: ოლეგ გარჩუ და რუსტამ ზაბოლუტნი ჩამოიშორა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი თანაგუნდელ თემურ ნოზაძეს აჯობა. ეს უკანასკნელი ფინალამდე აზერბაიჯანელი ნაიბ ისმაილოვის, ბულგარელი დენისლავ ივანოვის და რუსების: დამირ მერემოვისა და სერგეი აბიანის ძლევით მივიდა.
55 კილოგრამ წონით კატეგორიაში პოდიუმი საქართველოს ნაკრების წევრთა გარეშე შეივსო. დავით გეჯაძეს საპრიზო სამეულამდე ერთი გამარჯვება დააკლდა და მე-5 ადგილს დასჯერდა. 60 კილოგრამში ჯამბულ ქურდიანი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, 66-ში კი ბექა უდესიანი ავიდა პოდიუმის მესამე საფეხურზე. რეპეშაჟის ფინალში მან დავით კოპაძეს მოუგო.
საერთო გუნდური ჩათვლისთვის საჭირო ქულები ნიკო ჭიკაიძემაც (55 კგ) მოიპოვა, მე-7 ადგილის დაკავებით.
ჩამოთვლილ ძიუდოისტთა გარდა თურქულ ტატამზე საქართველოს სახელით გავიდნენ: ვახტანგ მეტივიშვილი, გიორგი ხუროშვილი (ორივე 50 კგ), რობიზონ ბეგლარაშვილი, ივანე ნინიაშვილი (ორივე 55 კგ), შოთა ბესიაშვილი, გიორგი ლიპარტელიანი, დიმიტრი ზედაშიძე, ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი მეტრეველი, ვანო მახათაძე (ყველა 60 კგ), გიგა იმერლიშვილი, დიმიტრი ცაბაძე და ბაჩანა სარქისაშვილი (66 კგ).
საქმეში 4 ქართველი გოგონა ჩაერთო, მაგრამ მედალს ვერც ერთი შეწვდა. ნატალია ყიფშიძემ (44 კგ) მე-5 ადგილი დაიკავა, ნინო მგელაძე, სალომე მარგიანი (48 კგ) და მზია ბებოშვილი (52 კგ) კი მე-7 ადგილებს დასჯერდნენ.
დღეს ჩემპიონ-პრიზიორები ვაჟებში 73, 81, 90 და +90 კილოგრამებში გამოვლინდებიან, გოგონებში – 57, 63, 70 და +70 კილოგრამებში. ამ წონებში სატურნირო ბადეში 25 ქართველი ჩაეწერა.