საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში გამართული ევროპირველობის დასკვნით დღეს ორი ოქროს მედალი მოიპოვა. პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ნიკოლოზ ჭიკაიძე და მძიმეწონოსანი ზვიად პატარიძე ავიდნენ. “მსოფლიო სპორტმა” წინასწარ მიმოხილვაში გაცნობათ, რომ ევროპირველობის ფინალისტები ზაფხულში ნანჯინგში გასამართი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებსაც იღბებდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, არა იმ წონით კატეგორიებში, რომლებშიც ქართველები გადამწყვეტ ბრძოლამდე მივიდნენ. შესაბამისად, ქართველმა ბერძენ-რომაელებმა სალიცენზიო ნორმატივი ვერ შეასრულეს.
ნიკოლოზ ჭიკაიძე ოქროს გზას ხორვატი ნენად იოტანოვიჩის იოლად ძლევით (8:0) შეუყვა, შემდეგ შვედი ვირგილ ალექსანდერ ბიკა (20:10), გერმანიის ნაკრების წევრი ანდრეჟ კუროჩკინი (9:0) და ფინელი ტონი ტაპიო ოჯალა (14:3) ჩამოიცილა. ფინალში კი სომეხ არმან ბაღდასარიანს დაუპირისპირდა და 10:2.
ზვიად პატარიძემ (100 კგ) კი ბერძენ იოანის სიდიროპულოსს (10:0), ავსტრიელ ფლორიან მატს (4:0), ბელარუს არსენ სიჩო ბოპემბეს (6:6) და რუმინელ ლენარდ იშტვან ბერეის აჯობა (9:0).
დღესვე ბულგარულ ხალიჩაზე თორნიკე მელაძე (46 კგ), დავით მარკოიძე (54 კგ) და გურამ ხეცურიანიც (76 კგ) გავიდნენ, მაგრამ ევროპირველობაზე გამოსვლა დილის ბლოკშივე დაასრულეს.
მელაძე ბერძენ დიმიტრიოს ალექსანდრუს კი გასცდა (9:0), მაგრამ მოლდოველ ვალენტინ პეტიჩთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა და ჯერ ოქრო-ვერცხლის შანსი დაკარგა, ხოლო მას შემდეგ, რაც პეტიჩმა ფინალამდე მისვლა ვერ შეძლო, რეპეშაჟის გზაც ჩაეკეტა. მარკოიძემ პირველსავე მოწინააღმდეგესთან – დანიელ მიკელ ლასაენთან წააგო (0:8), ხოლო ხეცურიანმა – აზერბაიჯანელ ნიჯატ აბდულაევთან (6:11).
ამრიგად, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. შეგახსენებთ, გუშინ პოდიუმის მესამე საფეხურზე ნუგზარ წურწუმია (42 კგ) ავიდა.