ძიუდო

18:46 | 4.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკების მორიგი ხვავრიელობა

საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები მორიგი საერთაშორისო წარმატებით გამოირჩა. ამ უქმეებზე, გიორგი ვაზაგაშვილის გუნდი კიევის ევროპის თასზე გამოვიდა და 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით, გუნდური ჩემპიონობაც მოიპოვა. შეგახსენებთ, ორიოდ კვირის წინ, ქართველმა ჭაბუკებმა ანთალიის ევროპის თასი კიდევ უფრო ხვავრიელად (5 ოქრო, 4 ვერცხლი, 5 ბრინჯაო) მოიარეს. ოღონდ, მაშინ საქმეში 38 ქართველი ჩაერთო, ამჯერად კი მხოლოდ 16.
73 და 90 კილოგრამ წონით კატეგორიებში, კიევის ტატამზე ქართული ფინალები გაიმართა. 66 კილოგრამში კი კვარცხლბეკზე ასული ოთხეულიდან სამი ქართველი იყო. ნაკრებს ოქროს მედალი თამაზ კირაკოზაშვილმა (60 კგ), გიორგი მუზაშვილმა (66 კგ), ლევან გუგავამ (73 კგ) და შალვა ჩოჩელმა (90 კგ) მოუტანეს. ბექა დონღვანი (73 კგ) და გურამ თუშიშვილი (90 კგ) ვერცხლს დასჯერდნენ, აპოლონ ზურაბიანს, ვანო ჩურჩხელაშვილსა (ორივე 66 კგ) და ბექა ღვინიაშვილს კი ბრინჯაოები ერგოთ. კიევის ევროპის თასზე 18 ქვეყნის 450-მდე ძუდოისტმა მოირგო კიმონო.
ჭაბუკებს 2011 წლის სეზონის ორი უმთავრესი შეჯიბრი ზაფხულში ელით. 24-26 ივნისს, მალტის ქალაქი კოტონერა ევროპირველობას უმასპინძლებს, 11-14 აგვისტოს კი კიევში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება. საქართველოს ნაკრების შემადგენლობას ვაზაგაშვილი სავარაუდოდ ზაფხულის დასაწყისში, დასკვნით შეკრებაზე გამოაცხადებს.
 

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091458