ძიუდო

0:46 | 23.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკები ევროპაში გალიდერდნენ

საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა მონტენეგროში დღეს დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაშიც გალიდერდა. სამდღიანი ტურნირის პირველ დღეს ჩემპიონ-პრიზიორები საწყის სამ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ და ქართველებმა სამივე წონის ფინალში იჭიდავეს.
50 კილოგრამში ჩემპიონის ტიტული ერეკლე არხოზაშვილმა მოიპოვა, რომელმაც ფინალის გზაზე, ოთხი მეტოქიდან სამი: სლოვაკი მარტინ მაიერი, იტალიელი ანგელო პანტანო და აზერბაიჯანელი ელნურ აბასოვი იპონებით დაამარცხა. რუსეთის სახელით მოჭიდავე პაულაკ გალოიანს ვაზარით აჯობა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი გერმანელ მორიტს პლაფკის ორ წუთში მოუმთავრა საქმე.
მეორე ოქრო საქართველოს ნაკრებს კობა მჭედლიშვილმა (60 კგ) მოუტანა. ფინალში ბელარუს დმიტრი მინკუსთან ვაზარ-იუკოს აგებდა და მეტოქეს იპონი შეუსრულა. ფინალამდე კი ფრანგი ჟოლან ფლორიმონი და რუსი მანუჩარ კოდირი იუკოებით, ხოლო შვედი ჟოელ მანკოვიჩი და სერბი მარკო გრანდიჩი წმინდად ჩამოიცილა.
საქართველოს ნაკრებს პირველ დღეს ოქროს სრული კომპლექტის შეკვრის ბრწყინვალე შანსი ჰქონდა, მაგრამ მიზნამდე ერთადერთი ნაბიჯი დააკლდა - 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ბექა ნათათრალიშვილი საჩემპიონო ბრძოლაში ბელარუს ილხან ბაბაზადასთან დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა. ამ შეხვედრამდე ნათათრალიშვილმა ჰოლანდიელი გლენ კოპერის, სერბი მილან ბუნჩიჩის, ფრანგი დაიკი ბოუბასა და გერმანელი დევინ ვალდენბურგის იოლად ძლევა მოასწრო. ამავე წონაში კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე გიორგი კაციაშვილი ავიდა. საჩემპიონო ბრძოლას ისიც ბაბაზადამ ჩამოაცილა, მეოთხედფინალში.
22 ივნისს კიმონოები ირაკლი კუპატაძემ (50 კგ) და ბექა უდესიანმაც (60 კგ) მოირგეს. კუპატაძე საწყის ეტაპზევე დამარცხდა, ხოლო უდესიანი საბოლოოდ მეშვიდე ადგილზე გავიდა.
ევროპირველობის მეორე დღეს მედლები 66 და 73 კილოგრამებში გათამაშდება. საქართველოს დროშის ქვეშ კი ბაჩანა ბოლქვაძე (66 კგ), თამაზ კირაკოზაშვილი და ზურაბ ლომიძე (ორივე 73 კგ) იჭიდავებენ.
 

ძიუდო
ევროპის ჩემპიონატი
ჭაბუკები
ბარი, მონტენეგრო
22 ივნისი


50 კგ
1 ერეკლე არხოზაშვილი (საქართველო)
2 მორიის პლაფკი (გერმანია)
3 ელნურ აბასოვი (აზერბაიჯანი)
3 სადიგ გურბანოვი (აზერბაიჯანი)

55 კგ
1 ილხან ბაბაზადა (აზერბაიჯანი)
2 ბექა ნათათრალიშვილი (საქართველო)
3 გიორგი კაციაშვილი (საქართველო)

3 ჰარუთინ დერმიშიანი (სომხეთი)

60 კგ
1 კობა მჭედლიშვილი (საქართველო)
2 დმიტრი მინკუ (ბელარუსი)
3 ილხან მამადოვი (აზერბაიჯანი)
3 მანუჩარ კოდირი (რუსეთი)
7 ბექა უდესიანი (საქართველო)

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094331