დღეს-ხვალ, ანთალია ჭაბუკ ძიუდოისტებს შორის ევროპის თასს უმასპინძლებს. ტურნირში საქართველოს ნაკრები დაახლოებით 50-კაციანი შემადგენლობით გამოვა. მთავარმა მწვრთნელმა გია თენაძემ სათურქეთო გაფართოებული განაცხადი საქართველოს ჩემპიონ-პრიზიორებით და უმედლოდ დარჩენილი ნიჭიერი ძიუდოისტებით შეავსო. ვაჟებს გოგონებიც დაემატნენ და ქართული დელეგაცია ანთალიაში ავტობუსით გაემგზავრა.
17 მარტს ჩემპიონ-პრიზიორები ვაჟთა შორის 50, 55, 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან, გოგონებში – 40, 44, 48 და 52 კილოგრამებში. 18 მარტს კი მედლები ვაჟებში – 73, 81, 90 და +90 კილოგრამებში გათამაშდება, ხოლო გოგონებში – 57, 63, 70 და +70-ში.
თურქულ ევროპის თასზე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები შარშანაც გაფართოებული შემადგენლობით გამოვიდა. მაშინ გუნდს გიორგი ვაზაგაშვილი წვრთნიდა და მისმა შეგირდებმა 5 ოქროს, 4 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. გოგონებმა კი თითო ოქრო და ბრინჯაო მოიგეს.
ანთალიიდან დაბრუნების შემდეგ, ქართველი ჭაბუკები თვის ბოლომდე ჩვეულად ივარჯიშებენ. შემდეგ კი, უკრაინაში გაემგზავრებიან, მორიგ ევროპის თასზე საჭიდაოდ. კიევი ტურნირს 31 მარტსა და 1 აპრილს უმასპინძლებს.
ოთარ მაღლაკელიძე







