საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა და ახალგაზრდული ნაკრებები ბაქოში, ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე - "აზერბაიჯანის ფედერაციის თასზე" გამოდიან. შეჯიბრების პირველ დღეს – 19 მარტს საქმეში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკები ჩაერთნენ და საქართველოს ნაკრებმა 1 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ლადო შავაძემ (63 კგ) ტურნირი წაუგებლად ჩაამთავრა და ჩემპიონი გახდა. ფინალში მან აზერბაიჯანელი არიფ ნიფტულაიევი 2:1 დაამარცხა.
ირაკლი ძიმისტარიშვილი (42 კგ), რომან ლომინაძე (54 კგ) და გიორგი მარშანია (100 კგ) პოდიუმის მესამე საფეხურზე ავიდნენ. გიორგი მეფიშვილს (46 კგ) და რამაზ კვეტენაძეს (69 კგ) კი სამეულამდე თითო გამარჯვება დააკლდათ – ორივემ რეპეშაჯის ფინალში წააგო და საბოლოოდ მე-5 ადგილებს დასჯერდნენ.
დღეს ჩემპიონ-პრიზიორებს ახალგაზრდა ბერძენ-რომაელები გამოავლენენ.