შარშანდელი სეზონის მსვლელობისას ჟურნალისტები ინტენსიურად წერდნენ იმის თაობაზე, რომ ჩაბი ალონსო მადრიდის “რეალის” დატოვებასთან ახლოს იყო და ბასკი შუახაზელის საკუთარ რიგებში ხილვის სურვილი ინგლისის და იტალიის გრანდებს ჰქონდათ. საბოლოოდ ალონსო “სანტიაგო ბერნაბეუზე” დარჩა და “სამეფო კლუბის” ღირსებას 2016 წლის ზაფხულამდე დაიცავს. ჩაბი ალონსომ ინტერვიუ მისცა ჟურნალ Club Perarnau-ს და კიდევ ერთხელ დაადასტურა, “რეალს” წლეულს ჩემპიონთა ლიგის მოგება რომ სწადია.
- ტრავმის გამო წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდი და საწყისი მატჩები გაგიცდათ. ამის გამო სათანადო ფორმაში ჩადგომა არ გაგიჭირდათ?
- ჩემი ტრავმა კარგა ხანია წარსულს ჩაბარდა, სეზონის გადამწყვეტ, ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ვხვდები. “რეალი” სამივე ფრონტზე წარმატებით თამაშობს და იმედია, მაისის ბოლოს გულშემატკივარს 3 ტიტულით გავახარებთ.
- ამის რიხიანად თქმის საფუძველს “სამეფო კლუბის” დღევანდელი მდგომარეობა და თამაშის ხარისხი გაძლევთ?
- საკუთარი შესაძლებლობების გვწამს. შემადგენლობა მეტად ძლიერი გვყავს. ქარიმ ბენზემას, გარეთ ბეილს, ანხელ დი მარიას და კრიშტიანუ რონალდუს ნებისმიერი მოწინააღმდეგის დაცვის რიგების გარღვევა ხელეწიფებათ. ძალიან მომწონს ჩვენი სათამაშო სტილი, რომელსაც როკ-ენ-როლს შევადარებდი.
- თქვენი გუნდის თამაშში ნაკლს ამჩნევთ?
- დაცვაში თამაში ნაკლებად გვსიამოვნებს, “რეალი” მხოლოდ შეტევისკენაა მომართული. ამას ნაკლად ნამდვილად ვერ მივიჩნევ. ჩვენი ბოლოდროინდელი “ნაკლი” კი ისაა, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლას ვერ ვახერხებთ. იმედია, წლეულს ამ უსიამოვნო ამბავს ბოლოს მოვუღებთ და ლისაბონში დანიშნულ გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის უფლებას მოვიპოვებთ.
- “ლივერპულში” წარმატებით ასპარეზობდით. რატომ გადაწყვიტეთ “ენფილდიდან” აბარგება და “სანტიაგო ბერნაბეუზე” გადმოსვლა?
- დარწმუნებული ვარ, 2009-ში სწორი გადაწყვეტილება მივიღე. “ლივერპული” მშვენიერი კლუბია, რასაც მის მიერ ჩემპიონთა ლიგის ხუთჯერ მოგებაც ადასტურებს, მაგრამ იმ პერიოდში სიტუაციის გამოცვლა განვიზრახე და მადრიდის “რეალზე” უკეთეს ვარიანტზე ვერცკი ვიფიქრებდი. მადრიდში გულშემატკივრები უფრო მომთხოვნები არიან, ვიდრე ლივერპულში, თუმცა ეს მომენტი ჩემ თამაშზე უფრო მეტად სასიკეთოდ მოქმედებს.
- ეროვნებით ბასკი ხართ. ამის გამო მადრიდის “რეალში” თამაში არ გიჭირთ?
- ჩემი წარმომავლობის გამო კასტილიის დედაქალაქში პრობლემა არასდროს შემქმნია. “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩემთვის ყველაფერი კარგადაა – წვრთნისა და თამაშის მშვენიერი პირობები მაქვს.
- კარიერის განმავლობაში არაერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ჩაგიტარებიათ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს ფლობთ, მაგრამ მაინც გკითხავთ – თქვენთვის გამორჩეული რომელი მატჩია?
- პირადად ჩემთვის 2012 წლის 23 ივნისი მართლაც დაუვიწყარი დღე გახდა – ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას დონეცკის “დონბას არენაზე” მეასე მატჩი ჩავატარე ესპანეთის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში, ფრანგებთან დაპირისპირებისას დუბლი შევასრულე და “ფურია როხასთან” ერთად ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავედი... ეს ჩემთვის მართლაც გამორჩეული, დაუვიწყარი დღე და მატჩია.