საქართველოს მორაგბეთა XXIV ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დონე იმდენად თანაბარია, რომ თითოეულ ტურში რამდენიმე ცენტრალური თამაში იმართება.
რაგბის კავშირის მეცადინეობით ქართული კლუბებისათვის სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილმა დახმარებამ შედეგი გამოიღო და გულშემატკივარი წლეულს ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული პირველობის მოლოდინშია. ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ ოთხი ტურის შემდეგ დაუმარცხებელი გუნდი აღარ დარჩა, მაგრამ ჯერაც სამია ისეთი, ვისაც მიმდინარე ჩემპიონატში გამარჯვება არ უზეიმია.
სანამ ცენტრალურ მატჩებზე ვისაუბრებდეთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა. პირველად ქართული რაგბის ისტორიაში ბოლნისი დიდ რაგბს უმასპინძლებს და ეს მე-5 ტურში მოხდება. საქართველოს უძველესი კლუბი თბილისის “ყოჩები”, დისლოკაციის ადგილი რომ შეიცვალა და ბოლნისის გახდა, რუსთავის “ხარებს” სწორედ ქვემო ქართლში დაუხვდება.
“ხარები” ერთ-ერთია იმ გუნდებს შორის, რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატში გამარჯვება არ მოუპოვებია. ერთი წლის წინათ ამ გუნდების შეხვედრებისას უპირატესობა რუსთაველთა მხარეს იქნებოდა, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა. “ყოჩებს” ფინანსებმა წამყვანი მორაგბეების დაბრუნების საშუალება მისცა და ისინი ერთ-ერთ ლიდერად გვევლინებიან, თუმცა შეუთამაშებლობის პრობლემა თვალსაჩინოა და მომავალ ჯახში რუსთაველები უშანსოდ სულაც არ იქნებიან.
ბოლნისელებმა პირველ ტურში საქართველოს ჩემპიონ “ლელოს” ძლიეს, მერე “ჯიქებთან” ფრეს გამორჩნენ, მესამე ტურში ერთ-ერთ აუტსაიდერ “აკადემიას” არცთუ დამაჯერებლად აჯობეს და ერთი კვირის წინათ ასევე გაძლიერებულ “არმაზთან” მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდნენ.
“ხარები” პირველ ტურში ქუთაისში მცირედით კი დამარცხდნენ და ერთადერთი პრემიალური ქულაც იქ ჩაიწერეს, მაგრამ სამი უპასუხო ლელო გაუშვეს და პრემია მეტოქესაც დაუთმეს. მერე ისინი “არმიასთან” და “ლელოსთან” უშანსოდ განადგურდნენ, ერთი კვირის წინათ კი, მომრავლებული ტრავმების გამო “აკადემიასთან” მატჩი მომავლისთვის გადადეს.
როგორ შეხვდება ბოლნისელი გყლშემატკივარი რაგბს და შეძლებს თუ ვერა “ხარები” პირველი გამარჯვების აღნიშნვას, 16:30 საათიდან გაირკვევა.
ამავე დროს ქუთაისში დაიწყება სამიდან ერთი ცენტრალური შეხვედრა. “აია” მნიშვნელოვნად მოძლიერებულ “არმაზს” დაუხვდება. აღსანიშნავია, რომ ოთხ-ოთხი თამაშის შემდეგ ამ გუნდებს 14-14 ქულა აქვთ და მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ და გამარჯვებული გუნდი მინიმუმ ერთი დღით ერთპიროვნულად გალიდერდება. ეს გუნდები პირველივე დღიდან მხარდამხარ მოდიან. სადებიუტო ტურში ორივე მათგანმა პრემიალური ქულით იმარჯვა, მერე ოთხ-ოთხი ქულა ჩაიწერეს, მე-3 ტურში მცირე სხვაობებით დამარცხდნენ და ერთი კვირის წინათ დაძაბულ ბრძოლებში იმარჯვეს.
თბილისში ორივე დღის ცენტრალური მატჩები გაიმართება და ორივეს “ავჭალა” უმასპინძლებს. შაბათს 17 საათზე “არმია” “ჯიქებს” ეთამაშება. გუნდები სატურნირო ცხრილის შუაში მეზობლად არიან, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. “არმიამ” საქართველოს 7-კაცა ნაკრებში მოთამაშეები რომ მიავლინა, მე-3 ტურის თამაში გამოტოვა და მისი მოგებით ლიდერთა სამეულში მოხვედრა შეეძლება.
ექსჩემპიონმა პირველი ორი თამაში მოიგო, მაგრამ ორივე შემთხვევაში მეტოქეებად აუტსაიდერთა შორის მყოფი გუნდები ჰყავდა. ამასთან, “აკადემიასთან” პრემიალური ქულაც ვერ აიღო, ერთი კვირის წინათ კი, “ლოკომოტივთან” დამარცხდა.
“ჯიქები” უქულოდ არცერთი თამაშის შემდეგ არ დარჩენილან. მათ მხოლოდ ერთი თამაში მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს და ორჯერ დამარცხდნენ, მაგრამ ორივე შემთხვევაში მცირედით - ორ-ორი ქულით. ისიც სათქმელია, რომ მათი მეტოქეები ყველა შემთხვევაში ლიდერთა შორის მყოფი გუნდები იყვნენ. “ჯიქებს” “ლოკომოტივმა” და “აიამ” მოუგო, ფრე “ყოჩებთან” ითამაშეს, ხოლო “არმაზს” პირველ ტაიმში დაუფასებლობა არ აპატიეს და 25:23 სძლიეს.
კვირას, 6 ოქტომბერს ორივე თამაში თბილისში გაიმართება. 15 საათზე აუტსაიდერების ჯახში “აკადემია” “ბათუმს” “შევარდენზე” დაუხვდება. აკადემიელები ოდნავ უკეთეს მდგომარეობაში არიან, რადგან ერთ მატჩში მათ პრემიალური ქულის აღება მოახერხეს, ზღვისპირელები კი, ჯერაც უქულოდ არიან. რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ეს მატჩი, ისინი მაინც აუტსაიდერთა სამეულში დარჩებიან, რადგან მოწინავე შვიდ გუნდს ბევრით ჩამორჩებიან, თუმცა, მათ მხოლოდ სამ-სამი თამაში აქვთ ჩატარებული.
17 საათზე “ავჭალაზე” შიდა რაგბში ბოლო დროის ერთ-ერთი უმთავრესი დერბი გაიმართება - “ლელო” “ლოკომოტივს” ეთამაშება. იყო დრო, ჩემპიონის თუ თასის მფლობელის ვინაობა სწორედ ამ გუნდებს შორის გამართული თამაშებისას ირკვეოდა, მაგრამ ახლა მათ სხვებიც დაემატნენ და ეს ქართული რაგბისთვის ძალიან კარგია. თუმცა, ამ გუნდების დაპირისპირებას ჩვეული ინტრიგა მაინც არ დაუკარგავს.
საქართველოს ჩემპიონი “ლელო” პირველ ტურში “ყოჩებთან” განცდილი სენსაციური მარცხის შემდეგ გონს მოეგო და მომდევნო სამივე თამაში ისე მოიგო, რომ ქულათა მაქსიმუმი ჩაიწერა, რამაც მას გალიდერების საშუალება მისცა. მაგრამ ჩემპიონებმა ეს თამაშები აუტსადერ გუნდებთან გამართეს და რეალური გამოცდის ჩაბარება ახლა მოუწევთ.
“ლოკომოტივი” აბსოლუტურად განსხვავებულ სიტუაციაშია - მან ოთხივე თამაში ჩემპიონობის მსურველ ლიდერ გუნდებთან გამართა. ძველი დიდების დაბრუნების მოსურნე რკინიგზელებმა სპონსორი დაიბრუნეს და ფინანსურად რომ მოძლიერდნენ ეს შედეგებზეც აისახა. მათ “ჯიქები”, “აია” და “არმია” დაძაბულ ბრძოლებში დაამარცხეს და გასაკვირი სულაც არაა, პრემიალური ქულის აღება ვერცერთ შემთხვევაში რომ ვერ აიღეს, “არმაზთან” კი, თავად დამარცხდნენ და პრემია ვერც იქ ჩაიწერეს, მაგრამ არც მეტოქეს გაატანეს.
საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი. V რაუნდი
5 ოქტომბერი
ბოლნისი. 16:30 საათი
ყოჩები (ბოლნისი) - ხარები (რუსთავი)
ქუთაისი. “დინამო”. 16:30 საათი
აია (ქუთაისი) - არმაზი (თბილისი)
თბილისი. “ავჭალა”. 17:00 საათი
არმია (თბილისი) - ჯიქები (თბილისი)
6 ოქტომბერი
თბილისი. “შევარდენი”. 15:00 საათი
აკადემია (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი)
თბილისი. “ავჭალა”. 17:00 საათი
ლელო (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)
1 | ლელო | 4 | 3 | 0 | 1 | 120-57 | 15 |
2 | არმაზი | 4 | 3 | 0 | 1 | 106-66 | 14 |
3 | აია | 4 | 3 | 0 | 1 | 62-49 | 14 |
4 | ლოკომოტივი | 4 | 3 | 0 | 1 | 68-65 | 12 |
5 | ყოჩები | 4 | 2 | 1 | 1 | 87-67 | 11 |
6 | არმია | 3 | 2 | 0 | 1 | 74-47 | 9 |
7 | ჯიქები | 4 | 1 | 1 | 2 | 77-79 | 8 |
8 | ხარები | 3 | 0 | 0 | 3 | 39-92 | 1 |
9 | აკადემია | 3 | 0 | 0 | 3 | 24-79 | 1 |
10 | ბათუმი | 3 | 0 | 0 | 3 | 29-85 | 0 |